დავით დვალი: ოქრუაშვილმა ტყუილი ტყუილზე თქვა

0

“ოქრუაშვილი თავდაცვის მინისტრი გახლდათ – ანუ სახელმწიფო მოხელე, უმაღლესი რანგის პირი ამბობს, რომ ტელევიზია მისია და, ფაქტობრივად, მისი ორგანიზებით მოხდა „რუსთავი 2- ის“ წართმევა. ვფიქრობ, ამ საქმით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს და გამოკითხოს, რას გულისხმობს”, – ამის შესახებ გაზეთ “კვირის პალიტრასთან” “რუსთავი 2-ის” ერთ-ერთი პირველი მფლობელი, დავით დვალი აცხადებს.
“ოქრუაშვილი ჩვენთან არ გამოჩენილა, ხალვაშიც მხოლოდ გადაფორმებისას ვნახეთ ნოტარიუსთან. ხელშეკრულებაზე ვერაფერს გეტყვით. ხალვაში ამბობს, რომ ეს ხელშეკრულება ყალბია. მეორე მხრივ, მაშინ, როდესაც ტელევიზიის წართმევის ამბავი იყო, ოქრუაშვილი თავდაცვის მინისტრი გახლდათ – ანუ სახელმწიფო მოხელე, უმაღლესი რანგის პირი ამბობს, რომ ტელევიზია მისია და, ფაქტობრივად, მისი ორგანიზებით მოხდა „რუსთავი 2- ის“ წართმევა. ვფიქრობ, ამ საქმით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს და გამოჰკითხოს, რას გულისხმობს, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი აღიარებაა. გამოდის, ოქრუაშვილი თავისი პირით აღიარებს, რომ ტელევიზიის წართმევაში სახელმწიფო მონაწილეობდა. ამასთან, აღიარებს, რომ სისხლის სამართლის დამნაშავეა”, – აცხადებს დავით დვალი.
რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას, რომ ის ჯემალ იმნაიშვილის დახმარებით აწარმოებდა დვალსა და აქიმიძესთან მოლაპარაკებას, დვალი შემდეგნაირად პასუხობს.
“იმდენი სისულელე თქვა ოქრუაშვილმა, რომ ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ გამოვა. თავიდან ბოლომდე ერთ დიდ ტყუილს მოჰყვა, რაღაც სიმართლეც იყო, მაგრამ დროში არეული. მე და ჯარჯის გვაქვს ჩვენი ხელით დაწერილი ჩვენება, ამას ნელ-ნელა გამოვაქვეყნებთ. იქ ოქრუაშვილის ჩვენებაც არის, რასაც ჭიკჭიკებს. ოქრუაშვილმა ტყუილი ტყუილზე თქვა – წლები, პატარკაციშვილები, ის, რომ ვითომ ჩვენ გვხვდებოდა და ა.შ. “, – აღნიშნავს დავით დვალი.
კითხვაზე – არ აპირებდა პატარკაციშვილი „რუსთავი 2-ის“ ყიდვას- დვალი პასუხობს, რომ, რადგან გაიშიფრა, პატარკაციშვილი ყიდულობდა, ეს შეთანხმება მაშინვე ჩავარდა.
“ეგ ხდებოდა 2001 წელს, 3 წლით ადრე და საერთოდ ოქრუაშვილი რა შუაშია, არ ვიცი. რადგან გაიშიფრა, რომ პატარკაციშვილი ყიდულობდა, ეს შეთანხმება მაშინვე ჩავარდა. ოქრუაშვილი ისე ჭრის და კერავს, როგორც უნდა”, – აღნიშნავს დვალი.

კომენტარები

კომენტარი