“სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ საბოლოოდ დაუსვა წერტილი “ნაცმოძრაობის” ბინძურ მცდელობებს, ზურა ვაზაგაშვილი ყაჩაღად გამოეცხადებინათ”

0

“2019 წლის 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილმა გადაწყვეტილებამ საბოლოოდ დაუსვა წერტილი “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელთა ბინძურ მცდელობებს, ზურა ვაზაგაშვილი ყაჩაღად გამოეცხადებინათ და ამით გაემართლებინათ მისი უსასტიკესი მკვლელობა”, – ამის შესახებ გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატი ირმა ჭკადუა აცხადებს.
“ბუბა ფუთურიძე, რომელიც ავტომანქანაში ზურა ვაზაგაშვილსა და ალექსანდრე ხუბულოვთან ერთად იჯდა, მაგრამ სპეცოპერაციას ცოცხალი გადაურჩა, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გზით აიძულეს, არარსებული დანაშაული ეღიარებინა და ეთქვა, თითქოს, საყაჩაღოდ მიდიოდნენ, რის შემდეგაც საპროცესო გარიგება გაუფორმეს. 2019 წლის 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილმა გადაწყვეტილებამ საბოლოოდ დაუსვა წერტილი “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელთა ბინძურ მცდელობებს, ზურა ვაზაგაშვილი ყაჩაღად გამოეცხადებინათ და ამით გაემართლებინათ მისი უსასტიკესი მკვლელობა. ევროპულმა სასამართლომ ცალსახად თქვა, რომ უდანაშაულო ზურა ვაზაგაშვილი სახელმწიფომ მოკლა, ანუ სააკაშვილის რეჟიმმა ჩაიდინა უმძიმესი დანაშაული. ზურა ვაზაგაშვილის უსასტიკესი მკვლელობა – ეს იყო საჩვენებელი დახვრეტა, რომელიც საზოგადოებაში შიშის დათესვას ისახავდა მიზნად”, – აცხადებს ჭკადუა.
ადვოკატი სტრასბურგის სასამართლოს მიერ „რუსთავი2-ის“ საქმესთან დაკავშირებით გამოტანილ გადაწყვეტილებაზეც საუბრობს.
“რა თქმა უნდა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას თავიდან ბოლომდე ვენდობი და მის სამართლიანობაში იოტისოდენა ეჭვიც არ შემაქვს. ვხედავთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები სტრასბურგის სასამართლოს ლანძღავენ და პუტინის “მოსყიდულსაც” კი უწოდებენ, რაც ძალიან კარგია, რადგან “ნაცების” ლუსტრაცია ბოლომდე მოხდება, მათ ნამდვილ სახეს ევროპაც დაინახავს და დასავლეთშიც მიხვდებიან იმას, რაც საქართველოში უკვე დიდი ხანია, ვიცით: “ნაციონალური მოძრაობის” პროდასავლურობა მხოლოდ შირმა და ფასადია, რომლის მიღმაც ანტიდასავლური, ანტიდემოკრატიული და მოძალადე პარტია იმალება!“, -აღნიშნავს ჭკადუა.

კომენტარები

კომენტარი