„ასე მგონია, ამ სახლის გადარჩენით ჩემ წილ საქართველოს გადავარჩენ“

ქობულეთში პედაგოგების ოჯახში დაიბადა. სკოლაც იქ დაამთავრა. თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილებაზე ჩააბარა. თუმცა მე-2 კურსიდან სწავლა ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე განაგრძო.
უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, 11 წლის განმავლობაში მუშაობდა ქობულეთის რაიონში. შემდეგ ოჯახი შექმნა და გადმოვიდა დედაქალაქში. სხვადასხვა დროს მუშაობდა კერძო სკოლებში. ერთხანს ქალთა გაზეთსა და საოჯხო გაზეთშითანამშრომლობდა.
რუსთაველის საზოგადოების ენისა და ლიტერატურის კომიტეტის წევრია.
გამოცემული აქვს ნოველების კრებული „უძლური თვალები“.
საქართველოს ყოველი კუთხე და ღირშესანიშნაობა  უნახავი არ დარჩენია. საზღვარგარეთ მოინახულა თითქმის ყველა კერა, სადაც ქართველები ცხოვრობენ. – მწერლის და ფილოლოგის, ლალი მიქაძის პერსონა.

– ბავშვობა, მთელი თავისი სირთულეების მიუხედავად, ძალიან სასიამოვნოდ მახსენდება. მშობლები ქობულეთის რაიონში დაფასებული პედაგოგები იყვნენ. მამა – გივი მიქაძე ფიზკულტურას ასწავლიდა, დედა – ნათელა კუტუბიძე – ბიოლოგიას. იცოდნენ განათლებისა და წიგნის ფასი. სახლში იყო კარგი ბიბლიოთეკა. გამოწერილი გვქონდა უამრავი ჟურნალ-გაზეთი. მამა ლიტერატურის დიდი მოყვარული იყო, თავადაც წერდა ლექსებს და რა გასაკვირია, რომ ოჯახში სპორტთან ერთად ლიტერატურის სიყვარულიც სუფევდა. ბუნებისადმი კი ჩემს განსაკუთრებულ დამოკიდებულებას დედას ვუმადლი.
ერთხელ ერთმა სტუმარმა აღნიშნა, ამ ოჯახში ყველაფერი კეთდება შვილებისთვისო. პატარები ვიყავით, როდესაც ახლობელს მოსკოვიდან პიანინო გამოაგზავნინეს – 3 ქალიშვილი ეზრდებოდათ. არადა იმ ფულით, თურმე, სახლის ყიდვა შეიძლებოდა. დედა, რომელიც არაჩვეულებრივი დიასახლისიც იყო, ისე არ დაიძინებდა, რომ არ ჩავეკოცნეთ. მე კიდევ დედის მოფერებამდე სულ ძილბურანში ვიყავი და მხოლოდ მისი ამბორის შემდეგ ვიძინებდი გემრიელად.
თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილებაზე ჩააბარეთ. მანამდე აქტიურად თანამშრომლობდით გაზეთ „ნორჩი ლენინელთან“… არტეკის საგზურითაც კი დაგაჯილდოვათ… ალბათ ამან განაპირობა პროფესიის არჩევა…
– „ნორჩი ლენინელის” რედაქციაში ვაგზავნიდი ხოლმე წერილებს. თითქმის ყველა იბეჭდებოდა. ერთ მშვენიერ დღეს გავიგე, რომ, როგორც აქტიური კორესპონდენტი, დამაჯილდოვეს „არტეკის” საგზურით. მაშინ მე-7 კლასში ვიყავი. ეს დიდი მოვლენა იყო ჩემთვის, რადგან ქობულეთის რაიონიდან 2 ბავშვი იყო „არტეკში“ნამყოფი და ორივე რაიკომის მდივნის შვილი. ამან, რა თქმა უნდა, სტიმული მომცა, მაგრამ ინტერესთა მრავალმხრივობამაც განაპირობა ჟურნალისტობის სურვილი.
– მე-2 კურსიდან სწავლა განაგრძეთ ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. რატომ შეიცვალეთ სპეციალობა?
– ეს გრძელი ამბავია, მაგრამ ღირს მოყოლად.საბჭოეთის დროს თსუ ჟურნალისტიკის დღის განყოფილებაზე სულ 10 ადგილი იყო. აქედან 2 მედალოსნებისთვის,ან იმათთვის, ვისაც მხოლოდ ფრიადი ჰქონდა ატესტატში. მე ამ უკანასკნელს მივეკუთვნებოდი. მისაღებ გამოცდებს წინ უსწრებდა შემოქმედებითი კონკურსი – წერითი და ზეპირი. შემოქმედებითი კონკურსის შემდეგ დაგვიბარეს 4 აბიტურიენტი, აქედან 2 მედალოსანი.
გვითხრეს: ხომ იცით, სულ 2 ადგილია და გირჩევთ, საბუთები გაიტანოთო. მაგრამ დასძინეს, რომ ყველაზე კარგად შემოქმედებითი კონკურსი მე გავიარე (არადა ზეპირი კონკურსის წინ წარმატებაზე კი არ ვფიქრობდი, ოღონდაც არ შევრცხვე-მეთქი). ამ სიტუაციაში მე რატომ გავიტანდი. ისე მოხდა, რომ პირველი გამოცდის შემდეგ ერთი მედალოსანი ჩაირიცხა. დავრჩით 3-ნი ერთ ადგილზე.
მე-2 გამოცდა ზეპირი იყო ქართულ ენასა და ლიტერატურაში. კომისიის წევრებმა თავმჯდომარესთან გამგზავნეს უმაღლესი შეფასებისთვის. მისმა მოადგილემ გამომცადა და დავუწეროთ ფრიადიო. ვინ არისო თავმჯდომარემ, არ ვიცი, ჟურნალისტიაო (ჩვენი საგამოცდო ფურცელი კონვერტში იდო, რომლის გახსნის უფლებაც არ ჰქონდათ ნიშნის დაწერამდე), მან უცებ გახსნა კონვერტი, წაიკითხა გვარი და თავი გადაუქნია. მანაც რაღაც ელემენტარული შემეშალა და აი, ხომ შეგეშალაო. ასე დამიწერეს 4-იანი. მოგვიანებით გავიგე, რომ 5 რომ მიმეღო, მე ვირიცხებოდი, რადგან მედალოსანზე უკეთესად მქონდა შემოქმედებითი კონკურსი გავლილი. რა თქმა უნდა, მან ფრიადი მიიღო – გვარიც მახსოვს.
მახსოვს, ვინც იყო კომისიის თავმჯდომარე. იგი ახლა მხცოვანი აკადემიკოსია და შეგნებულად არ ვასახელებ მის გვარს. ბოღმის ამოსანთხევად კი არ ვიხსენებ ამ ამბავს. მინდა მომავალმა თაობამ გაიაზროს, რა გავიარეთ. ორივე ადგილი შეივსო და ასე დავრჩი ჰაერში.
მაშინ კათედრის გამგე დავით გამეზარდაშვილი იყო და მითხრა: დანარჩენ საგნებში მიიღე ხუთები და ჩაგრიცხავო. მივიღე ინგლისურსა და ისტორიაში ფრიადი, მაგრამ ვინ ჩაგრიცხა?
აქედან იწყება უკვე სხვა ისტორია. მაშინ მიღებულ ქულებს ემატებოდა ატესტატის ქულა. სულ მქონდა 23 ქულა. იმ 8 ადგილის კონკურსანტებისათვის გამსვლელი იყო 17,5 ქულა. ე.ი. გამსვლელ ქულაზე 5,5-ით მეტი ქულა მქონდა. მეტი ცინიზმი რა გინდა, ერთი აბიტურიენტი რჩებოდა გამსვლელი ქულით და ადგილი დაუმატეს, მე დამტოვეს – შენ 2 წლის სტაჟი არ გაქვსო.
ერე ახლობლებმა მითხრეს, შენ ვინ დაგტოვებსო და დავდიოდი განათლების სამინისტროში, ცეკაში, მინისტრთა საბჭოში, მგონი კომკავშირის ცეკაშიც ვიყავი. ყველა ფამილარული ღიმილით მისტუმრებდა: რა კარგი გოგო ყოფილხარ, ვნახოთ, იქნებ ადგილი დაგიმატოთო. სწორედ მათთან შეხებამ მაფიქრებინა: – ამათ უნდა ვემსახურო?! უკვე შევეჭვდი პროფესიის არჩევაში: – ამას არ სჯობს, სკოლაში ვიმუშაო, ბავშვებთან?!
მართალია, მეორე წელს ისევ ჟურნალისტიკის განყოფილებაზე ჩავაბარე და მარტო მე ჩავირიცხე ექსპერიმენტით, მაგრამ უკვე სხვაგვარად ვფიქრობდი. პირველ კურსზე კი ეს ფიქრი გამიღრმავდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვნახე, ფილოლოგებთან რა საგნები ისწავლებოდა. ჩვენ კი ანტიკური ლიტერატურის კურსს კი არა, საქართველოს ისტორიასაც არ გვიკითხავდნენ. მართალია, ძველი ქართული ლიტერატურის შესწავლა პირველივე სემესტრიდან დავიწყეთ, მაგრამ მე-2 სემესტრში ამ კურსს ბატონი გრივერ ფარულავა გვიკითხავდა. მან გამოცდაზე ფრიადი დამიწერა და ორიოდე საქებარი სიტყვაც მითხრა (რაც მისგან იშვიათობა იყო). ალბათ ამანაც მომცა ბიძგი და მასვე მოკრძალებით ვთხოვე რჩევა, ფილოლოგიურზე მინდა გადასვლა-მეთქი. ჭკვიანური იქნებაო და თავადვე შემყვა დეკანატში. მასვე ვუმადლი კარგ ფილოლოგიურ განათლებას.
– უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდით ქობულეთის რაიონში ჯერ  სოფელში, შემდეგ ქალაქში. აქვე გახსენით ქართული ენისა და ლიტერატურის გაღრმავებული სწავლების 3წლიანი ჯგუფი...
– უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დავუბრუნდი ქობულეთს. პირველ წელს ქალაქიდან მოშორებულ სოფელში ვასწავლიდი. და მაშინ, როდესაც რუსთველი გაღმერთებამდე მიყვარდა და თითქმის ყველა რუსთველოლოგიური ნაშრომი წაკითხული მქონდა, ვახტანგ VI-ით დაწყებული ვიქტორ ნოზაძით დამთავრებული და ლამის ნახევარი პოემა ზეპირად ვიცოდი, ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, ბავშვების ნაწილს „ვეფხისტყაოსანი“ არ ჰქონდა ოჯახში. მე მიწევდა იმის ახსნა, რატომ იყო სირცხვილი „ვეფხისტყაოსნის“ არქონა. მეორე წელს მუშაობა დავიწყე ჩემს მშობლიურ მე-6, შემდეგ კი მე-7 საშ. სკოლაში.

დებთან ერთად

რა თქმა უნდა, პედაგოგობა არ არის ადვილი პროფესია. აქ საგნის ცოდნასთან ერთად ბავშვებთან ურთიერთობის ნიჭი, დიდი მოთმინება და ნებისყოფა გჭირდება. ბევრ რამეს ვუმადლი ქალბატონ ეკატერინე ჩაჩუას, რომელიც მაშინ განათლების განყოფილებაში მუშაობდა და რომ იტყვიან, მთელ რაიონს აზანზარებდა. პროფესიით ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი იყო და ეს, ერთი შეხედვით მრისხანე ქალბატონი, ერთხელაც მეუბნება: მე შენგან ბევრ რამეს ვსწავლობო. ეს, რა თქმა უნდა, უპირველესად, მის პიროვნებაზე მიუთითებს.
ერთ მშვენიერ დღეს ხელში ჩამივარდა ქართული ენისა და ლიტერატურის გაღრმავებული სწავლების 3-წლიანი პროგრამა, რომელსაც ეწერა: „მცირე საუნივერსიტეტო კურსი“. ბავშვები, რომელთაც მე-7 კლასიდან ვასწავლიდი, უკვე მე-9 კლასში გადადიოდნენ. მათ უმეტესობას უკვე კარგი საფუძველი ჰქონდა. სკოლის დირექციამაც შემიწყო ხელი და ასე გავხსენი ჰუმანიტარული ჯგუფი, რომლის დამთავრებულთა უმეტესობა ძალზე წარმატებულია თავის პროფესიაში. რამოდენიმეს დავასახელებ: დიანა ტრაპაიძე, ხათუნა ბაჯელიძე, თამარ გოგიტიძე, ნინო ჯაფარიძე…
მარტო განათლებას არ ექცეოდა დიდი ყურადღება. ისინი უპირველესად პიროვნებები უნდა ყოფილიყვნენ. ერთხელაც ბავშვები დილიდანვე წასულიყვნენ „შატალოზე“. მეორე დღეს ვუთხარი, ხომ იცით, მარტო თქვენთანა მაქვს გაკვეთილები, დაგერეკათ, ამოდენა გზაზე მომიყვანეთ-მეთქი. მინდოდა ყოველ თავიანთ საქციელზე დაფიქრებულიყვნენ, ამიტომ დირექტორს შევუთანხმდი, იგი შემოვიდა კლასში და უთხრა: ვაპირებდი ლალი მასწავლებელი ჯილდოზე წარმედგინა, მაგრამ თქვენმა საქციელმა გადამაფიქრებინაო (მათი დამრიგებელიც ვიყავი). ბავშვები ძალიან შეწუხდნენ. ავუხსენი, „შატალო“ არის პროტესტი, ხომ უნდა ვიცოდე, რას აპროტესტებთ-მეთქი. მოკლედ დამამთავრებელ კლასში თავადაც გაკვირვებით აღნიშნეს, „შატალოზე“ არ ვყოფილვართო.
ერთსაც ვიტყვი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები დამეთანხმებიან.
ჩვენ ფაქტობრივად 3 საგანს ვასწავლით: ენას, ლიტარატურას და წერას. ეს უკანასკნელი კი ყველაზე რთულია. იგი თანდაყოლილი უნარიცაა და ამასთანავე დიდი შრომა და ვარჯიში სჭირდება მოსწავლეს, რომ რიგიანად წეროს, მითუმეტეს თხზულება დაწეროს (მასწავლებლის ძალისხმევაზე არას ვამბობ). გამოსაშვებ გამოცდაზე ყველა დამოუკიდებლად წერდა და საკმაოდ მაღალი შეფასებაც დაიმსახურეს. ხოლო მე კი იმ დღეებში სრულიად უცნობები მაჩერებდნენ და მილოცავდნენ. თუმცა 2-ჯერ წარმადგინეს რაიონის წლის საუკეთესო მასწავლებლის წოდებაზე და 2-ჯერვე ჩემი საბუთები ”დაიკარგა”.
რაიონში 11 წლიანი მუშაობის შემდეგ ოჯახი შექმენით და გადმოხვედით დედაქალაქში...
–  ასე იყო, ბევრ რამეს ვუმადლი ამ წლებს. გარდა პედაგოგიური გამოცდილებისა, სხვანაირად შევიყვარე და შევითვისე ჩემი რაიონი. ბავშვობაში ამდენს არ უკვირდები. პატარა ქალაქს სხვა ხიბლი და ურთიერთობები აქვს. აქ დღესაც სიყვარულით მოიხსენიებენ ჩემს მშობლებს. სულ უბრალო რამ: ერთხელ ნათესავი იყო ჩვენთან ჩამოსული, სექტემბრის მიწურული იყო. იცით, ამ დროს დამსვენებელი მილეულია და ქობულეთი ქობულეთელებს რჩებათ. სადღაც 2 კმ. რადიუსი ერთად გავიარეთ. უკვე ლამის შინ მისული ვიყავით, მეუბნება, ამას რატომ არ მიესალმეო. არ ვიცნობ-მეთქი. რა ვიცი, ვინც შეგხვდა, ყველას გამარჯობა უთხარიო. მე, რა თქმა უნდა, ეს არც შემინიშნავს.
ისე მოხდა, რომ მე სოფელიც ვიცი, პატარა ქალაქიც და თბილისიც. დედაქალაქში კი სხვანაირად შლი ფრთებს.
ოჯახის შექმნა მართლა უდიდესი რამაა ადამიანის ცხოვრებაში, მითუმეტეს, როდესაც პატარა გიჩნდება. ქართველმა კაცმა აქაც თავისი სიბრძნე და ფილოსოფია ჩადო, როდესაც ახალი ოჯახის წარმოქმნა შემოქმედებას მიადარა. მართლაც ასეა, ოჯახი 1-2 თვეში და თუნდაც 1-2 წელიწადში არ იქმნება. ეს მრავალმხრივი და მრავალწახნაგოვანი პროცესია და ადამიანისგან ყველაზე მეტ უნარებს მოითხოვს, ვინემ რომელიმე პროფესია.
–  გამოვიდა თქვენი ნოველების კრებული „უძლური თვალები“… როდის დაიწყეთ ნოველების წერა? პირველი ნოველები…
– არ მახსოვს, ვერ გეტყვით, როდის დავიწყე მინიატურების, ნოველებისა და მოთხრობების წერა. ერთი მინიატურა მოსწავლეობის დროს დაიბეჭდა მოსწავლეთა შემოქმედებისადმი მიძღვნილ წიგნში. მერე შიგადაშიგ ჩემთვის ვწერდი, არავისთვის მიჩვენებია. ერთ მშვენიერ დღესაც ჩემს კურსელსა და მეგობარს ცნობილ ჟურნალისტსა და პუბლიცისტს იოსებ ჭუმბურიძეს ვაჩვენე. ვიცოდი მისი გემოვნების ამბავი. მან იმ საღამოსვე დამირეკა და მითხრა, თუ კიდევ გაქვს, წიგნად გამოვცეთო. ეს ისეთი მოულოდნელობა იყო… ასე დაიბადა მინიატურების, ნოველებისა და მოთხრობების კრებული „უძლური თვალები“.
ჩემთვის მეორე დიდი მოულოდნელობა კიდევ ის იყო, რომ ბატონმა როსტომ ჩხეიძემ საგანგებოდ ისაუბრა ამ წიგნზე ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში გადაცემაში „წიგნების თარო“. პატარა, მაგრამ ტევადი წიგნიო, ასე დაასრულა მან თავისი გამოსვლა. როდესაც მადლობის სათქმელად მივედი, პირველსავე სიტყვაზე მიხვდა, რომ მე ეს ქება არ მივიღე, შემაჩერა და მითხრა: ახლობლობით შეიძლება წიგნი გამოსცე, მაგრამ ახლობლობით ტელევიზორში ვერ გამოხვალო. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა ბატონ როსტომს და ბატონ იოსებს. თუმცა მაინც ვერ ვამბობ, რომ მწერალი ვარ, იმდენად ფასეულია ჩემთვის ეს სიტყვა.
რაც შეეხება სათქმელს, სათქმელს რა გამოლევს…
– ერთხანს ისევ ჟურნალისტობას მიუბრუნდით და თანამშრომლობდით ქალთა გაზეთსა და საოჯახო გაზეთში...  რას ნიშნავს თქვენთვის ჟურნალისტობა?
როდესაც ჩემი ბიჭი პატარა იყო და არ შემეძლო დიდი ხნით დამეტოვებინა, შიგადაშიგ ვთანამშრომლობდი „ქალთა გაზეთში“ და „საოჯახო გაზეთში“.
ჟურნალისტობა ჩემთვის უპირველესად ჩემს პირველად არჩეულ პროფესიასთან მიახლება იყო. მეორეც, ჟურნალისტი ახლოდან უყურებს ცხოვრებას, მის შუაგულში ტრიალებს, ფილოლოგი კი შორიდან უჭვრეტს ყოველივეს. მესამე და ალბათ ყველაზე მთავარი, როდესაც ჟურნალისტიკის განყოფილებაზე ჩავაბარე, ბატონმა ნოდარ ტაბიძემ გვითხრა: ეს ერთადერთი შემოქმედებითი სასწავლო ადგილია მთელს უნივერსიტეტშიო. შემოქმედება კი ისეთი რამაა, ადვილად არ გტოვებს.
თუმცა იმისათვის, რომ შენი სათქმელი გქონდეს, აუცილებელია საკუთარი ხედვა და სამყარო გქონდეს, რომლის შექმნაში კი ბატონი პაატა ნაცვლიშვილი დამეხმარა.რისთვისაც მას დიდი მადლობა. აქვე ალბათ ისიც უნდა ვთქვა, როდესაც ლიტერატურის სპეციალობაზე გადავედი, ბატონმა ნოდარ ტაბიძემ მითხრა: რატომ დაგვტოვა იმ ქალმა, ვისაც ყველაზე მეტად უჭრიდა კალამიო.
 რუსთაველის საზოგადოების ენისა და ლიტერატური კომიტეტის წევრი ხართ... ეს ალბათ დიდი პასუხისმგებლობაა…
– დიდი პასუხისმგებლობა და დიდი ბედნიერებაც, ჩვენი კულტურისა და მეცნიერების გამოჩენილ მოღვაწეებთან რომ გაქვს ურთიერთობა. ხალხმა ნაკლებად იცის, რომ რუსთაველის საზოგადოება აქტიურად მუშაობს, ყოველ საქვეყნო პრობლემას არა მარტო ეხმაურება, თავის პოზიციასაც გამოხატავს და იბრძვის მიღებული დადგენილებების განსახორციელებლად. და ყველაფერი ეს – მხოლოდ ცარიელ ენთუზიაზმზე. ჩვენ სახელმწიფოსგან არანაირი დაფინანსება არა გვაქვს.
 აბაშაში უვლით მამაპაპისეულ სახლკარს. დედით გურული ხართ… ალბათ ამან განაპირობა თქვენი იუმორი…
– წარმოშობით აბაშის რაიონიდან სოფელ სამიქაოდან ვარ. აბაშელი იმერელი. თავის დროზე აბაშა რომ ადმინისტრაციულ ერთეულად ექციათ, ტერიტოია აკლდებოდათ და ამიტომ ცხენისწყლის გაღმა 4 იმერული სოფელი შეუერთეს. მოკლედ არც მეგრელები არიან და არც იმერლები, ანაც ორივე ერთად.
ბავშვობიდან უზომოდ მიყვარდა სოფელი. ზაფხულში ხომ ჩავდიოდი, მაგრამ გაზაფხულსა და ზამთრის არდადეგებზეც ავეკიდებოდი ხოლმე მამას. ჩემი მეგრელი ბებია ჭიშკართან დამინახავდა თუ არა, ხელებგაშლილი გამოვიდოდა „ქუხნიდან“: სქანი გოლუაფირო, სქანი ჭირიმა, ჩქიმი ძღაბი მოვიდაო. ეს სითბო და სიყვარული დღემდე მომყვება. არას ვამბობ მის მიერ კეცზე გამომცხვარ ხაჭაპურებზე, ტაბლაზე ბავშვებისათვის ცალკე გაშლილ სუფრაზე, სადაც პირდაპირ ამოარიგებდა ხოლმე ღომს, შუაში ფონჩხოლიას გაგვიკეთებდა, წიწილას აგვიქნიდა…

აბაშა, მამაპაპისეული სახლი

მოკლედ, იმდენი მაქვს მოსაგონარი ჩემს ულვაშებაწკეპილ ბაბუასთან ერთად. განსაკუთრებით მიყვარდა გაზაფხულზე ღამით, როდესაც „ქუხნიდან“ ოდაში დასაძინებლად მივდიოდი ბებიას „კალოშებით“, გზაში აფეთქებული ტყემლის ხიდან ვარსკვლავების ჭვრეტა. ლილოჭრელოში, ეზოს უკან, მდინარე კოვზის პირას იების დაკრეფა და ღამით ქარის გუგუნი ჩვენს „კოლხურ ოდაში“.
ეს ოდა, რომელსაც ახლა მე ვუვლი, 1941 წელს ომის პერიოდში დაუმთავრებიათ რაჭველ მოხელეებს. ალბათ ამიტომაცაა აივნის თავზე ნაჭრელები ასე ლამაზად გამოყვანილი. მანამდე კი ძმები ჩორგოლაშვილები აგებდნენ თურმე მეზობელი სოფლიდან. ამასობაში ომიც დაწყებულა და სამივე ძმა ომში გაუწვევიათ. ბაბუას მეორედ მოსწევია გასამრჯელოს გადახდა. სახლი ტიპური „კოლხური ოდაა“, ბოკონებზე შემდგარი, თავისი სამი ბუხრითა და დიდი აივნით. რახან მამაჩემს ძმა არ ჰყავდა და ჩვენც მხოლოდ 3 და ვართ, მე ავიღე ჩემს თავზე ამ სახლზე ზრუნვა, რა თქმა უნდა, ქმარიც მეხმარება.
აქედან დიდი ვერაფერი ხეირია, მაგრამ, ასე მგონია, ამ სახლის გადარჩენით ჩემ წილ საქართველოს გადავარჩენ. ისიცაა, თუ ბავშვობაში აქ ბებია-ბაბუას სიყვარული მიმარბენინებდა, ახლა მე უშუალოდ შევეხე სოფელს, ბევრი ავ-კარგი დავინახე. მინიატურების ასეთი სერია მაქვს: „სოფელი“. არ არის ადვილი სოფლის შეყვარება. ეს მარტო ცვრიან ბალახზე ფეხშიშველა სიარული არ გეგონოთ, მაგრამ თუ „დაამუღამებ“… ძალაუნებურად ცელის ხმარებაც ვისწავლე. ყოველთვის ვერ იშოვი დამხმარეს – თანაც ეს სასიამოვნო პროცესია.
ერთხელაც, წინა დღით ოპერაში რომ ვიყავი გამოპრანჭული, მეორე დილით სოფელში წავედი და საღამოს, იმ დროს, როდესაც წინა დღით ოპერას ვუსმენდი, გადაგლეჯილი ჯინსებითა და რეზინის ჩექმებით ეზოში მოძალებულ ბალახს ვცელავდი. ჩემთვის გავიფიქრე, ვინც გუშინ მნახა, დაიჯერებს ახლა, რომ მე ის ქალი ვარ?!
ჩემი ბიჭი პატარაობისას ყოველთვის დამყავდა. მინდოდა, სოფელი შეყვარებოდა. ელიობის დღესასწაულზე (2 აგვისტო), რომელსაც განსაკუთრებით აღნიშნავს სოფელი, ორი ქუჩის ბავშვები ჩემს დიდ აივანზე ქეიფობდნენ.
დედით გურული ვარ და ზღაპარივით მახსენდება გურიასთან ურთიერთობა. „არისტოკრატი“ გურული ბებია მყავდა, კვაჭანტირაძის ქალი. კითხვა ძალიან უყვარდა  და არაჩვეულებრივად უკრავდა გიტარაზე. გურულები, მოგეხსენებათ, ჩვეულებრივად რომ ლაპარაკობენ, მაშინაც იუმორითაა გაჯერებული მათი საუბარი. რა დამავიწყებს იმ სიამოვნებას, რომელსაც ოზურგეთიდან ჩემს სოფელში, ქვენობანში, მიმავალ ავტობუსში ვიღებდი. მთელი გზა ვკისკისებდი.
ერთხელაც, უფროსკლასელს, ჩემმა არაჩვეულებრივმა ბიძამ ვახტანგ კუტუბიძემ (მსოფლიოს სამეცნიერო წრეებში კარგად ცნობილმა სუბტროპიკული კულტურების სპეციალისტმა) მითხრა, ხვალ მანქანით გამოგივლი, სიმინდის ტეხვა გვაქვს, ნადი მეყოლება და ბებიას წაეშველეო, ტირილი დავიწყე: არ მინდა მანქანით წასვლა, ავტობუსით მირჩევნია-მეთქი. ნადი და სიმინდის ტეხვა და მერე გურულები ერთად სუფრაზე – ჩემი ბავშვობის ულამაზესი მოგონებაა.
– ჰობი…
– აღარ ვიცი, ამას ჰობი ქვია თუ ცხოვრების წესი. არ არის დღე, რომ არ ვკითხულობდე. კითხვა ჩემთვის ესთეტიკურ და გონებრივ სიამოვნებასთან ერთად საკუთარ თავთან მარტო დარჩენის, თავის გადარჩენის საშუალებაცაა. ხშირად ვარ მუზეუმში, საგამოფენო დარბაზებში, თეატრსა თუ ოპერაში, კონსერვატორიასა და ჯანო კახიძის მუსიკალურ ცენტრში. ვესწრები ლექციებს სახელოვნებო თემაზე. უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს საქართველოს ისტორიული ძეგლებისა და ნებისმიერი კუთხის მონახულება. ხალხთან ურთიერთობა, მათი ჭირ-ვარამის „ახლოით განჩხრეკა“. მახსოვს, ზაქაგორის ციხიდან გადმოვყურებდი ულამაზეს თრუსოს ხეობას, ერთმა უცხოელმა ჩაილაპარაკა: „ვერი გუდ, ვერი გუდ“… გავიფიქრე: თქვენთვის „ვერი გუდაა“, ჩემთვის კი ჯიგარია, გულია სულია…
–  ოჯახი…

მეუღლესთან ერთად

– ვიცი, „ქმრის ქება აუგია“, მაგრამ ამას პირველად ვამბობ ხმამაღლა: მყავს არაჩვეულებრივი მეუღლე – მერაბ დუნდუა. პირველი კურსიდან ვიცნობთ ერთმანეთს. მაშინ ეს იყო უბრალო ნაცნობობა, ყოველ შემთხვევაში ჩემგან. მოგვიანებით ვიქორწინეთ. იგი ფიზიკის ინსტიტუტში მუშაობდა. ჰქონდა პერსონალური მოწვევა ერთ-ერთ ძლიერ უცხოურ ქვეყანაში, მაგრამ უყოყმანოდ წავიდა აფხაზეთის ომში: ამ ბავშვებმა ტანკისა რა იციანო (თავად ჯარში სპეცრაზმში მსახურობდა). იყო გვარდიის სატანკო შენაერთის უფროსი. ბოლო დღემდე არ დაუტოვებია ბრძოლის ველი, მანვე გამოიტანა ჟიული შარტავას მდივნის უკანასკნელი დღეებისა და საათების ჩანაწერები, რომელიც მერე ნატო კორსანტიამ დაბეჭდა „დილის გაზეთში“. ტანკიც აუფეთქდა და კონტუზიაც მიიღოო. ოჩამჩირის საავადმყოფოში იწვა, მაგრამ „ვეტერანის მოწმობა“ სულ ახლახან მისცეს. საბუთები გაიბნაო. თუმცა არც მას მოუკლავს დიდად თავი: მე მაგისთვის არ ვიბრძოდიო.
მართალია, ერთმანეთს „სულიკოო… მაშიკოოს“ არ ვეძახით, მაგრამ ოჯახში ჯანსაღი ატმოსფეროა. ფეხბურთის გარდა სხვადასხვა ინტერესები გვაქვს, მაგრამ ერთმანეთის ინტერესებს პატივს ვცემთ. ერთხელ მეგობარმა პოეტმა ნანა ეხვაიამ მკითხა: ორი ინტელექტუალი როგორ ძლებთ ერთადო. – მშვენივრად. გაძლება უინტელექტო კაცთა გენახა! მეკითხებიან, შენი ქმარი როგორ გიშვებს აქეთ-იქითო?
ჩვენი დილა ხშირად ასე იწყება, მერაბი მეკითხება: აბა, დღეს რა გაქვს დაგეგმილიო. მაგრამ ყველა საქმეზე უწინარესი ჩემთვის ოჯახია. დილით ადრე ვდგები, რომ ყველაფერი მოვასწრო. ფერეიდანში რომ წავედი, მაცივარში 5 თავი კერძი დავტოვე. მერაბი გაგიჟდა: შიმშილობაა, თუ რა ხდებაო.
შვილი ცოტნე კი ჩემი მეორედ დაბადებაა. დედა რომ გავხდი, ჩემი ქვეყნიერებისადმი დამოკიდებულება შეიცვალა. მახსოვს ის ადგილი, სადაც ჩვილი მეჭირა ხელში და გავიფიქრე: ყველა ადამიანი ხომ დედის გაჩენილია, ყველა ადამიანზე ხომ უდიდესი მადლი გადმოდის დედიდან (იშვიათი გამონაკლისის გარდა) და მთელი სამყარო უეცრად გათბა და მახლობელი გახდა. იგი ახლა 23 წლისაა და უკვე წარმატებულია თავის პროფესიაში (პროგრამისტია). თუმცა დედობა მარადიული შიში, ზრუნვა და წუხილია.

შვილი – ცოტნე

როდესაც შვილს მიქებენ, განსაკუთრებით მის პიროვნებას, რა თქმა უნდა, მიხარია, მაგრამ ჩემთვის თავს გავაქნევ ხოლმე, რომ არ მოვეშვა. მინდა, ზნეობრივი პიროვნება იყოს.
საქართველოს ყოველი კუთხე და ღირშესანიშნაობა მოვლილი გაქვთ…  ნამყოფი ხართ საზღვარგარეთ, თითქმის ყველგან, სადაც ქართველები ცხოვრობენ... რას გაიხსენებთ ამ მოგზაურობებიდან?
– გასახსენებელი უამრავია. როდესაც საზღვარგარეთ ქართველთა ნაკვალევს მივყვები, ტკივილიანი განცდა მაქვს. ისტორიულ ჰერეთში (დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე), ქურმუხის წმ. გიორგისა და გიშის ეკლესიებს აწერია, რომ ალბანური კულტურის ძეგლებია. ტაო-კლარჯეთის თითოეული ძეგლი აღფრთოვანებას იწვევს, მაგრამ ოშკმა გამაოგნა და განსაკუთრებული სიამაყით ამავსო. სომხეთის ტერიტორიაზე ჩვენი ლორე-ტაშირის ძეგლების მონახულება ერთ რამედ ღირდა. ყარსსა და ანისში ყოფნის დროს (თურქეთი) ცრემლები ძლივს შევიკავე ყარსის კავკასიის მუზეუმში მდგარი იმ ვაგონის ხილვისას, სადაც 1921 წლის ხელშეკრულებით ტერიტორიის მესამედი ტაო-კლარჯეთი წაგვგლიჯეს. ანისის ქართულმა ტაძარმა, წმ. ნინოს უძველესი ფრესკით, სიამაყე მომგვარა და ის დრო გამახსენა, როდესაც სხვა ქვეყნის მეფეები ჩვენ გვთხოვდნენ დახმარებას.
სულ სხვა იყო ფერეიდანი. ყველამ კარგად იცის, როგორ მოხვდნენ იქ ქართველები 1613-1617 წლებში. ყველაზე დიდი გადასახლება 1616 წ. მომხდარა, როდესაც 200 000-ზე მეტი ქართველი აუყრიათ ძირითადათ კახეთიდან. მე მეგობრებთან ერთად ამ ამბიდან ზუსტად 400 წლის თავზე ვიყავი ფერეიდანში. აქ ვნახე გადარჩენილი საქართველო: სამშობლოსადმი განსაკუთრებული სიყვარულით, საოცარი შრომისმოყვარეობითა და ერთმანეთის პატივისცემით. 400 წლის მანძილზე ქართველს ქართველი არ მოუკლავს.
იქაურმა მოხუცმა გვითხრა: „ქართველები სუფთა (პატიოსანი) ხალხი იყვნიან. ქართველზე დაიფიციანყე (ქართველს ფიცზე ენდობოდნენ). თუ ქართველი მოიდოდა დიდ ქალაქში (ისპაჰანში), ყველა ეტყოდაყე, რაც გინდა, აიღე (წაიღე), რამდენიც გინდა, აიღე, იმიტო, რო იცოდეყე, რო მაიტანს!“ ფერეიდნელები იქაურობას „ჩონ პატარა საქართველოს“ ეძახიან.
– რას ეტყოდით მომავალ თაობას?
–  გიყვარდეთ სამშობლო…
–  სამომავლო გეგმები…
– ვერაფერს გეტყვით. ვაგრძელებ ჩემს ჩვეულებრივ ცხოვრებას. ამ დღეებში ლაზეთში ვაპირებ წასვლას. შიგადაშიგ ვწერ და ალბათ მოგვიანებით მეორე წიგნსაც გამოვცემ. ღრმად მწამს, რომ „რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების“.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები