მიხეილ სარჯველაძე საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორ დიდიე ტღებიუკს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მხარეებმა, საქართველოს მთავრობასა და გაეროს შორის გაფორმებული, 2026–2030 წლების გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულება განიხილეს, რომელსაც ხელი გასულ წელს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა. დოკუმენტი განსაზღვრავს საქართველოს მთავრობასა და გაეროს შორის, სტრატეგიულ პარტნიორობას, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში და მიზნად ისახავს ქვეყანაში მდგრადი განვითარების ხელშეწყობას.
„მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, მათ შორის — ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებაზე, სოციალური დაცვის მექანიზმების განვითარებასა და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას, რომელიც ეფუძნება მდგრადი განვითარების მიზნებს და პასუხობს ქვეყნის საჭიროებებს.
მინისტრმა აღნიშნა, რომ გაეროსთან პარტნიორობა მნიშვნელოვანი პლატფორმაა რეფორმების მხარდაჭერისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისთვის. თავის მხრივ, საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, აქტიურად ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებული მიზნების ეფექტიანი განხორციელებისთვის.
შეხვედრას გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრუ ნარტეა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი ტომაშ რუბალი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კოორდინატორი საქართველოში ეკატერინე ქარჩხაძე და გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისის ეკონომისტი ერიკ ანდერმო ესწრებოდნენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.