ცხოვრობს რუსთავში. ხელსაქმე ბავშვობიდან უყვარდა, თუმცა ეს საქმე სერიოზულად მხოლოდ შარშან დაიწყო, როდესაც პირველი სარკე საკუთარი ხელით დაამზადა.
„ჯერ ერთი წელი გავიდა, რაც ჩემს ლამაზ „პრინცესა“ სარკეებს ვამზადებს. პირველი სარკე კესანებით საკუთარ თავს დავუმზადე, ინტერნეტში იმდენად დიდი გამოხმაურება მოჰყვა, გადავწყვიტე, სხვებისთვისაც შემექნა“.
ძალიან მალე გახდა პოპულარული და მის გვერდს გამომწერებიც მალე მოემატა. ამბობს, რომ მთავარია ხარისხი. „მიხარია და მაბედნიერებს, როცა მოსწონთ ჩემი შექმნილი სილამაზეები“. – მარიამ ზურაბაშვილის პერსონა.

– საინტერესო ბავშვობიდან…
– ჩემი ბავშვობის პერიოდში ჭირდა ცხოვრება, მახსოვს, დედაც ცდილობდა, ხელმარჯვეობით რაიმეს შექმნას, აკეთებდა ბეჭდებს, ყელსაბამებს და მეც თავისთავად ვეხმარებოდი მას. ჩემი ბავშვობის გეგმებში ნამდვილად არ შედიოდა, რომ მეც მსგავსი საქმით დავკავდებოდი. სკოლაში საკმაოდ კარგად ვსწავლობდი და მომზადების გარეშეც ჩავირიცხე უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტზე.
– ამბობთ, რომ ყველა სარკე გიყვართ…
– სარკე ჩემთვის უბრალოდ ნივთი არ არის. ის ემოციას, განწყობას და თვითშეფასებას ასახავს. მინდოდა შემექმნა სარკეები, რომლებშიც ადამიანი სიყვარულით შეხედავდა საკუთარ თავს. სწორედ ამ გრძნობამ გამიტაცა.
– სარკეებს გემოვნებით სხვადასხვა ფერის ყვავილებით აფორმებთ. წინასწარ ალბათ იცით, როგორ დიზაინს შეურჩევთ?
– ზოგჯერ იდეა წინასწარ ჩამოყალიბებულია, ზოგჯერ კი პროცესი თავად მკარნახობს დიზაინს. ფერები და ყვავილები ერთმანეთთან ინტუიციურად ეწყობა. მთავარია, სარკემ ჰარმონია და სინაზე გადმოსცეს. ხშირად მომხმარებელი მე მანდობს დიზაინს და ეს ძალიან საპასუხისმგებლოა ჩემთვის.
– რატომ უწოდეთ თქვენს ნახელავს „პრინცესა“ სარკეები, ანდა რატომ სჭარბობს გულის ფორმის სარკეები?
– სარკეებს „პრინცესა“ იმიტომ ვუწოდე, რომ მინდოდა, თითოეულ ქალს თავი განსაკუთრებულად ეგრძნო. გულის ფორმა კი სიყვარულის, სითბოსა და თვითღირებულების სიმბოლოა. ის ყველაზე კარგად გადმოსცემს ჩემს იდეას. მყავს დედოფალი სარკეებიც, რომლებიც განსაკუთრებულია ჩემთვის.
– გვირილები, იები, კესანეები, ვარდები, ტიტები, მზესუმზირები, ქრიზანთემები… თქვენ თავად რომელი ყვავილის დიზაინით დაიმზადებდით სარკეს?
– ყველა ყვავილი მიყვარს,განსაკუთრებით – იები და გვირილები. ჩემთვის სარკე იების დიზაინით იქნებოდა – სადა, მშვიდი და ძალიან ნაზი.
– უფრო მეტად რომელ სარკეებზეა მოთხოვნა?
– ყველაზე მოთხოვნადია გულის ფორმის დიზაინი და კესანებით გაფორმებული, რომელსაც ხშირად საჩუქრად არჩევენ.
– შთაგონება როგორ მოდის მუშაობისას?
– შთაგონება ყოველდღიურობაშია, მუშაობის პროცესშიც დამიგეგმავს, როგორი იქნებოდა შემდეგი დიზაინი. ყოველთვის ვითვალისწინებ, მომხმარებელს რა ფერი მოსწონს, რომელი ყვავილი უყვარს და ამის შემდეგ მიადვილდება შევქმნა ის, რაც მათ უნდათ.
– ერთი სარკის ისტორია.
– ერთხელ სარკე ემიგრანტისთვის შევქმენი, რომელიც ოჯახისთვის საჩუქრად იგზავნებოდა. როცა მივიღე მისი ემოციური შეტყობინება, მივხვდი, რომ ჩემი ნამუშევარი მხოლოდ ნივთი არ იყო. ის გრძნობას ატარებდა.
– რამდენად გეხმარებათ თქვენი საქმიანობა ოჯახის მატერიალურ უზრუნველყოფაში?
– ჯერ მცირე პერიოდია, რაც ამ საქმეში ვარ და მატერიალურ უზრუნველყოფაში დიდად ვერ მეხმარება, მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებით ღირებულია ის, რომ ამას სიყვარულით ვაკეთებ და ადამიანებს მოსწონთ ჩემი შექმნილი. წინ უკეთესი იქნება, მჯერა უფლის.
– სარკეებს უცხოეთშიც აგზავნით…
– მქონდა რამდენიმე სარკე ემიგრანტებთან და მათგან იმდენი სიყვარული მივიღე, უბედნიერესი ვიყავი, მათ უფრო მეტად შეუძლიათ სითბოს და სიყვარულის გადმოცემა. უდიდესი პატივისცემა მათ ჩემგან. ჩემი დედიკოც ემიგრანტია და ვიცი, რა რთული გზის გავლა უწევთ იქ. ვუსურვებ ყველას მალე დაბრუნებას საყვარელ ხალხთან.
– ამჟამად რაზე მუშაობთ?
– ამ ეტაპზე ვმუშაობ ახალი დიზაინების შექმნასა და კოლექციის გაფართოებაზე, რათა Mariam’s Mirrors კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდეს.
– გყავთ ერთი შვილი – 10 წლის ლაზარე. როგორ რეაგირებს იგი დედის საქმიანობაზე?
– ჩემი შვილი ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია. მისთვის ეს სიამაყის წყაროა და ეს ძალას მმატებს. ყოველთვის მეუბნება, რომ ლამაზ სარკეებს ვამზადებ და მანებივრებს თბილი სიტყვებით.
– ფიქრობთ, რომ მოწოდება იპოვეთ?
– ბავშვობიდან მიყვარდა სილამაზე, ფერები და ხელით რაღაცის შექმნა. მაშინ კონკრეტულად სარკეებზე არ მიფიქრია, მაგრამ დღეს ვხვდები, რომ ეს სწორი არჩევანი და ნამდვილად ჩემი მოწოდებაა.
– სამომავლო გეგმები….
– სამომავლო გეგმები, რა თქმა უნდა, არის, ვგეგმავ დიზაინების უფრო მეტად გაფართოებას, ახალი ფორმების, ფერებისა და თემატური კოლექციების შექმნას, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობ ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებასა და დეტალებზე ზრუნვას, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია, თითოეულ სარკეს არა მხოლოდ ვიზუალური სილამაზე, არამედ ემოციური ღირებულებაც ჰქონდეს.


თამარ შაიშმელაშვილი