„პრაიმ მედია გლობალის“ დამფუძნებელი ილია მიქელაიშვილი განცხადებას ავრცელებს
„პრაიმ მედია გლობალის“ დამფუძნებელი ილია მიქელაიშვილი განცხადებას ავრცელებს.
როგორც ილია მიქელაიშვილი აღნიშნავს, „პრაიმ მედია გლობალი“ ტელეკომპანია „იმედთან“ მიმართებით სოლიდური ინვესტიციის განხორციელებას და არხის კიდევ უფრო გაძლიერებას გეგმავს.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, „პრაიმ მედია გლობალი“, წლებია, ოპერირებს ქართულ მედიაბაზარზე და ქვეყანაში ამ მიმართულებით არის ერთ-ერთი მზარდი კომპანია. მოხარული ვარ, რომ წარმატებით დასრულდა მრავალთვიანი მოლაპარაკება ბიზნესმენ ირაკლი რუხაძესთან და, შედეგად, ტელეკომპანია „იმედი“ და მისი ჰოლდინგის ქვეშ შემავალი სხვა მედიასაშუალებები ამიერიდან სწორედ „პრაიმ მედია გლობალის“ საკუთრებაში გადმოვა.
ჩვენ გვაქვს დიდი გეგმები როგორც ტელეკომპანია „იმედთან“, ასევე მთლიანად ჰოლდინგთან მიმართებით. ვაპირებ სოლიდური ინვესტიციის განხორციელებას და არხის კიდევ უფრო გაძლიერებას.
მეორე მხრივ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ,რომ დაცული იქნება არხის არსებული სარედაქციო პოლიტიკა და ჰოლდინგში მომუშავე თითოეული თანამშრომლის უფლებები. ჩვენ სრულად ვიაზრებთ იმ პასუხისმგებლობას, რომ „იმედი“ არის უპირობო ლიდერი ქართულ მედიასივრცეში და ჩვენი მიზანია ამ შედეგის გაფრთხილება და კიდევ უფრო გაუმჯობესება. ეს არის, რაც ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, დეტალურად კი ჩვენი გეგმების შესახებ ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებ“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ტელეკომპანია „იმედიდან“ გასვლის შესახებ განცხადება „ჰანიველ პარტნერსის“ ხელმძღვანელმა, ირაკლი რუხაძემ გაავრცელა.