ჯაბა სამუშია: განათლების მინისტრთან შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა – შევჯერდით, რომ დიალოგი აუცილებლად გაგრძელდება
შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა, ბევრი საკითხი დაისვა, შევჯერდით, რომ დიალოგი აუცილებლად გაგრძელდება, – ამის შესახებ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ განათლების მინისტრთან, გივი მიქანაძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიღებულა.
„დაახლოებით ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა შეხვედრა განათლების მინისტრთან, გივი მიქანაძესთან, ასევე სამინისტროს წარმომადგენლებთან. შეხვედრას ესწრებოდა როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს, სენატის, პროფესურის წარმომადგენლები. შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა. ბევრი საკითხი დაისვა. ყველაზე მთავარი ის არის, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან მინისტრს გადავეცით ის პოზიცია, რაც აქვს ამ უნივერსიტეტს, მის არჩევით ორგანოებს. მხედველობაში მაქვს სენატი. გამოითქვა სხვადასხვა პოზიცია. შევჯერდით, რომ დიალოგი აუცილებლად გაგრძელდება, ეს შემიძლია, ცალსახად გითხრათ.
შეხვედრაზე რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიგვიღია. დიალოგი გაგრძელდება და მიგვაჩნია, რომ აუცილებელია დიალოგში მონაწილე მხარეებმა, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ასევე ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, სამინისტრომ ერთობლივად მოამზადონ თავიანთი ხედვები, რაც დაედება საფუძვლად ამ პროცესს. დღეს ცალსახად აღვნიშნეთ, რომ ასეთი შეხვედრები, შესაძლებელია, მომავალ კვირასაც გაგრძელდეს. ამაზე იყო მინისტრის პოზიციაც. შეხვედრები უნდა წარიმართოს აკადემიურ სფეროში და მოხდეს ინფორმაციების გაცვლა. აღნიშნული შეხვედრების შემდეგ ჩვენ უკვე შეგვეძლება, კონკრეტულად ვისაუბროთ შემდგომი თანამშრომლობის ფორმაზე. სამინისტროც მოწოდებულია, ასეთი შეხვედრა გაიმართოს საკმაოდ საქმიან ფორმატში, სადაც იქნებიან უნივერსიტეტის წარმომადგენლები, ვისაუბრებთ სხვადასხვა ტექნიკურ დეტალზე. ეს ყველაფერი გვაჩვენებს, როგორ წარიმართება ზოგადად პროცესი“, – განაცხადა ჯაბა სამუშიამ.