“მეზობლების დახმარებით სახლში შესულ ბრიგადას მძიმე სურათი დახვდა – ახალგაზრდა პაციენტი საწოლზე უგონოდ იწვა” – თბილისის სამედიცინო ბრიგადამ ბავშვის სიცოცხლე იხსნა
თბილისის მე-5 რაიონული სამსახურის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბავშვი, რომელიც უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა, გადაარჩინა.
ამის შესახებ ინფორმაციას გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად ავრცელებს.
“თბილისის მე-5 რაიონული სამსახურის სასწრაფო დახმარების ბრიგადას გამთენიისას გამოძახება გადაეცა ლოზუნგით – „უგონო“.
ადგილზე მისულ ბრიგადის წევრებს აღელვებულმა მოქალაქეებმა უთხრეს, რომ ერთ-ერთი ბინიდან ბავშვი დახმარებას ითხოვდა. მეზობლების დახმარებით სახლში შესულ ბრიგადას მძიმე სურათი დახვდა— ახალგაზრდა პაციენტი საწოლზე უგონოდ იწვა.
როგორც პარამედიკოსი შოთა გიგილაშვილი იხსენებს, პაციენტს არ აღენიშნებოდა სუნთქვა და პულსი, მონიტორზე დაფიქსირდა ასისტოლია. მდგომარეობის სიმძიმე დროულად შეფასდა და დაუყოვნებლივ დაწყებულ იქნა პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები, რის შემდეგ ასისტოლია გადავიდა პარკუჭოვან ფიბრილაციაში, ხოლო პაციენტის მართვა გაგრძელდა საშოკე რითმის ალგორითმით, ელექტროშოკის ოთხჯერ გამოყენებით, სხვა რეანიმაციულ ღონისძიებებთან ერთად. პაციენტის დროული და სწორი მართვის შედეგად, გულის მუშაობა აღდგა და ფორსმაჟორით გადაყვანილ იქნა თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში.
პაციენტს ვუსურვებთ გამოჯანმრთელებას და მადლობას ვუხდით ბრიგადის წევრებს”, – წერია ინფორმაციაში.