გივი მიქანაძე: შეხვედრაზე გვქონდა შეთავაზება, რომ დავიწყოთ რეორგანიზაციის პროცესი, ჩამოვაყალიბოთ დროებითი მმართველი ორგანო, რომელმაც თუნდაც ორი წლის განმავლობაში იმსჯელოს და მხოლოდ ამის შემდეგ დასრულდეს მთლიანი რეორგანიზაცია
შეხვედრაზე გვქონდა შეთავაზება, რომ დავიწყოთ რეორგანიზაციის პროცესი, ჩამოვაყალიბოთ დროებითი მმართველი ორგანო, რომელმაც თუნდაც ორი წლის განმავლობაში იმსჯელოს და მხოლოდ ამის შემდეგ დასრულდეს მთლიანი რეორგანიზაცია, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების რექტორებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლების მხრიდან გამოითქვა სურვილი, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც ყველა საკითხზე იმსჯელებს.
„დღეს გამთენიისას დავბრუნდი, რის გამოც ჩემი უშუალო ჩართულობა პროცესში, რომელიც კონკრეტული უნივერსიტეტების აკადემიურ წრეებთან შეხვედრებს ეხებოდა, ვერ ხერხდებოდა. რა თქმა უნდა, ყოველდღიურად და ყოველსაათობრივად კომუნიკაციაში ვიყავი სამინისტროსთან, ასევე კომუნიკაცია მქონდა ორივე უნივერსიტეტის რექტორთან. ზუსტად ვფლობდი იმ ინფორმაციას, რომელიც მიმდინარე პროცესებთან იყო დაკავშირებული. დღეს შედგა ჩემი პირველი შეხვედრა ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, 20-20 წარმომადგენელი ესწრებოდა თითოეული უნივერსიტეტიდან. ყველა ვთანხმდებით, რომ განათლების სისტემა და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, უმაღლესი განათლების სისტემა დგას გამოწვევების წინაშე. ყველა ვთანხმდებით, რომ რეფორმა აუცილებელი, უმნიშვნელოვანესია და განსახორციელებელია. ყველა ვთანხმდებით, რომ აუცილებლად გასატარებელია ის საკითხები, რაც რეფორმის კონცეფციით არის გათვალისწინებული, რადგან მის შედეგს სასიცოცხლოდ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. მქონდა შესაძლებლობა და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლებისთვის, აკადემიური პერსონალისთვის მომესმინა, გამეგო მათი პოზიციები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. ამის შემდეგ ჩემგან იყო კონკრეტული წინადადება, შეთავაზება იმ პროცესებთან მიმართებით, რომელიც ორი უნივერსიტეტის გაერთიანებასთან არის დაკავშირებული.
როგორც თქვენთვის ცნობილია, მიმდინარე კვირაში პარლამენტმა განიხილა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც კონცეფციის დოკუმენტიდან გამომდინარეა. ცვლილებები პარლამენტმა მიიღო და უკვე პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილია, რაც ნიშნავს, რომ უკვე ძალაშია შესული სამართლებრივი საფუძვლები, ის, რაც მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით იყო წარდგენილი. შესაბამისად, ერთ-ერთი ნორმა ამ ცვლილებებიდან გამომდინარე ეხება ზოგადად რეორგანიზაციის პროცესის განხორციელებას, რა დროსაც მინისტრის მიერ ინიშნება დროებითი რექტორი, დროებითი რექტორის მოადგილეები, კანცლერი. ასევე მმართველ ორგანოდ ხდება ჩამოყალიბება, ეს არის დროებითი საბჭო. ორივე უნივერსიტეტის მხრიდან პარიტეტული წესით, თანაბარი რაოდენობით უნდა მოხდეს საბჭოს დაკომპლექტება. ამ საკითხზე გვქონდა შეთავაზება, რომ ჩამოყალიბდეს საბჭო ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლების მხრიდან. მათ წარადგინონ კანდიდატურები, თუმცა რეორგანიზაციის პროცესი წარიმართოს არა რამდენიმე თვით, არამედ თუნდაც ორი წლის, ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში განხორციელდეს. პროგრამების დადარება, შესაბამისი ადამიანური რესურსების გადანაწილება – უამრავი საკითხია, რომელიც რეორგანიზაციის პროცესთან და ორი უნივერსიტეტის გაერთიანებასთან არის დაკავშირებული.
შეთავაზებული იყო, რომ დავიწყოთ რეორგანიზაციის პროცესი, ჩამოვაყალიბოთ დროებითი მმართველი ორგანო, თუმცა ამ მმართველმა ორგანომ არა მყისიერად და რამდენიმე თვის განმავლობაში, არამედ თუნდაც ორი წლის, ორ წელიწად-ნახევრის განმავლობაში, რაც რეფორმის პროცესისთვის მთლიანად გვაქვს განსაზღვრული, იმსჯელოს ამ საკითხებზე, ყველა პოზიცია შეაჯეროს და მხოლოდ ამის შემდეგ დასრულდეს მთლიანი რეორგანიზაცია. ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლების მხრიდან გამოითქვა სურვილი, რომ ამ პროცესით კი არ წავიდეთ, არამედ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც ჯერ ყველა საკითხზე იმსჯელებს და გადაწყვეტილებას რასაც მიიღებს, ისე განვახორციელოთ შემდგომი ნაბიჯები რეორგანიზაციასთან დაკავშირებით.
საბოლოო ჯამში, ყველამ ერთხმად აღვნიშნეთ, რომ ეს შეხვედრა, დიალოგი უმნიშვნელოვანესი იყო. ჩემი მხრიდან გაკეთდა თხოვნა, რომ ორივე უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოება კიდევ ერთხელ დაფიქრდეს იმ კონკრეტულ შეთავაზებაზე, გააანალიზოს მხარეები, რომლებიც დაკავშირებულია რეფორმის განხორციელებასთან, იმსჯელოს მათ მიზანშეწონილობაზე. პარალელურად, ჩვენი მხრიდან დაფიქსირდა პოზიცია, რომ ჩვენ გუნდში კიდევ ერთხელ შევაჯერებთ იმ პოზიციებს, რაც გამოთქმულ იქნა, ვისმჯელებთ, რა შეიძლება დამატებით შევთავაზოთ საზოგადოებას ამ პროცესთან დაკავშირებით“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.