„ევროპული კაფეების ტრადიცია ჩემთვის უცხო არ იყო“ – ნინო ანთიძე, ფრანგი დები და კაფე „ტატინი“ მცხეთის მისტიკაში

დაამთავრა თბილისის 55-ე საშუალო სკოლა მედლით, შემდეგ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი – წითელი დიპლომით. დაიწყო მუშაობა პათანატომიის კათედრაზე, პარალელურად ასწავლიდ კერძო უნივერსიტეტში და მუშაობდ სასწრაფო დახმარების ბრიგადაში.
1998 წელს ქართულ-გერმანულ ონკოლოგიურ კლინიკაშია, ამავე დროს მუშაობდ ონკოლოგიის კათედრაზეც.
საერთაშორისო გამოცდების ჩაბარების შემდეგ მიიღ კანადური გრანტი, ედმონტონის ონკოლოგიური ცენტრის პალიატიური მკურნალობის განყოფილებაში ორი წელი გაატარ, სხვადასხვა საინტერესო როტაციით.
საქართველოში დაბრუნდა, მაგრამ, როგორც ამბობს, თავის სფეროში დიდი იმედგაცრუების გამო  შეწყვიტა სამედიცინო საქმიანობა. თუმცა აისრულ ოცნებები  ააშენ სახლი, გააშენ ჯერ ვენახი და შემდეგ ატმის ბაღი კახეთში.
2016 წელს  ჰობი საქმიანობად გადააქცი და მცხეთაში ევროპული ყაიდის კაფე  ტატინიგახსნა.
ვცდილობ კვების გარდა ადამიანებმა სულიერი საზრდოც მიიღონ. სწორედ ამას ემსახურება შეხვედრები სამაგალითო, ნიჭიერ ქართველებთან და მრავალფეროვანი გამოფენები. – ნინო ანთიძის პერსონა.

–  მეცნიერის და პედაგოგის ოჯახში დაიბადეთ. განცდა, როცა ბავშვობაზე ფიქრობთ…
– მშვიდი და უზრუნველი ბავშვობა მქონდა.  მშობლები: მამა – ჯემალ ანთიძე, თსუ პროფესორი, მათემატიკოსი, ინფორმატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის განყოფილების გამგე წლების მანძილზე. დედა – ალინა ჩანტლაძე, გერმანულის პედაგოგი, მუშაობდა პიონერთა, მოგვიანებით კი მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლეში თბილისში.
ვფიქრობ მშობლების პროფესიაზე მეტად ჩემზე მშობლების პიროვნულმა თვისებებმა იმოქმედა. მეგონა, ყველა ოჯახი ასეთი ჰარმონიული იყო. დღემდე მომყვება იმ უცნაური უსაფრთხოებისა და სიმშვიდის შეგრძნება, რაც სწორედ ოჯახში ჩაისახა. საოცარი სითბო და სინათლე მეღვრება გულში, როდესაც ბავშვობაზე ვფიქრობ…– პროფესიად ექიმობა გადაწყვიტეთ. რატომ?
– ყოველთვის მიყვარდა ადამიანები, გაგიკვირდებათ და ამ ხანგრძლივი ცხოვრების გავლის შემდეგაც, კვლავ იმავენაირად მიყვარს ადამიანები. ექიმობა კი ისეთი პროფესიაა, როდესაც შეგიძლია ადამიანს ისე დაეხმარო, რომ ამან არანაირი უხერხულობა არ გამოიწვიოს.
–  ექიმობის დატვირთული, საინტერესო გზა განვლეთ. კანადური გრანტიც მოიპოვეთ კანადაში სამუშაოდ ტკივილის მედიცინაში. რა შეგძინათ იმ წლებმა?
– მე მომიწია მომაკვდავ ადამიანებთან მუშაობა, ამან მთელი ჩემი წარმოდგენა ცხოვრების აზრზე და ზოგადად ეგზისტენციალურ საკითხებზე, თავდაყირა დააყენა. ბევრს ვფიქრობდი: რა არის სიკვდილი? ზოგისთვის ის ერთი ისტორიის ლოგიკური დასასრული, სხვებისთვის სასჯელი, ზოგისთვის – სასოწარკვეთისა და სინანულის ულევი წყარო, ზოგისთვის – ღვთის სასუფეველთან მიახლოება იყო. ახლაც ბევრს ვფიქრობ ფასეულობებზე, მიზნებზე, დანიშნულებაზე. მგონია ეს ჩემი მუშაობის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი გავლენა იყო.
– სამშობლოში დაბრუნებულმა მცხეთაში ევროპული ყაიდის კაფე „ტატინი“ გახსენით. რას ნიშნავს „ტატინი“ და როგორ დაიბადა მისი გახსნის იდეა?
– მოღვაწეობა ხმამაღალი ნათქვამია, მე ვმუშაობ. ბევრი რამ ვცადე, მივყვებოდი პრინციპს: ააშენე სახლი, გააშენე ბაღი, გაზარდე შვილი. სწორედ მცხეთის სახლის რემონტის დროს, როდესაც დაღლილმა ყავის დალევა მოვინდომე და ნამდვილი კაფე ვერ ვიპოვე, გადავწყვიტე – არ არის კაფე? – იქნება კაფე. მე ბევრს ვმოგზაურობდი, ვენა ფაქტობრივად, ჩემი მეორე სახლია, ამიტომ ევროპული კაფეების ტრადიცია ჩემთვის უცხო არ იყო.
რაც შეეხება სახელს, ეს ფრანგი დების გვარია, რომლებიც სახელგანთქმული კულინარები იყვნენ. ვინც კი მოხვდებოდა მათ ქალაქში, აუცილებლად სტუმრობდა დებ ტატინებს. ერთ დღესაც მნიშვნელოვანი სტუმრებისთვის ნამცხვარს აცხობდნენ, ქაოსში აერიათ და ჯერ ვაშლი დაყარეს ტაფაზე და შემდეგ დაასხეს ცომი, შეცდომის გამოსწორების დროც არ ჰქონდათ და გადაწყვიტეს, რაც იქნება, იქნებაო. ასე შეიქმნა დესერტი, რომელმაც დებს მთელს საფრანგეთში გაუთქვა სახელი. ამ „უკუღმართი“ტარტის სახელი დავარქვით ჩვენს კაფეს, ხაზი რომ გაგვესვა, რომ ჩვენი „უკუღმართად“ გამომცხვარი ქვეყანაც, განსაკუთრებული და საუკეთესოა.
– უამრავი საღამო და გამოფენა გაიმართა კაფე „ტატინში“. როგორ შეაჯამებთ ამ 10 წელს? გაიხსენეთ საინტერესო ამბავი მისი ისტორიიდან…
– საინტერესო ამბები იმდენად ბევრი იყო, ერთის გამოყოფა გამიჭირდება. თითოეული ნიჭიერი ადამიანი ერთი დიდი საინტერესო ამბავია. ნიჭიერ, წარმატებულ ადამიანებთან შეხვედრა ბევრ საინტერესო აღმოჩენას უყრის საფუძველს. ზოგადად, ყველაფერი რაც გვაფორიაქებს, ფიქრებს აგვიშლის, მოსვენებას დაგვაკარგინებს-გვზრდის და გვანვითარებს. სწორედ ამის მიღწევას ვცდილობდით და ვცდილიბთ ჩვენ საღამოებითა და გამოფენებით. რამდენად გამოგვდის, ამაზე მე ვერ ვისაუბრებ, შემიძლია მხოლოდ იმედი გამოვთქვა, რომ ვართმევთ თავს.
– დეკემბერში გქონდათ გამოფენა – „არტეფაქტები ეთიოპიიდან“…
– ეთიოპია ჩემი საყვარელი ქვეყანაა. მე და ჩემი მეუღლე ხშირად ვმოგზაურობდით ეთიოპიაში. ბევრჯერ მიფიქრია, თუ როგორ ვქმნით ადამიანები ბარიერებს, ვიყოფით ჯგუფებად, თეთრებად, შავებად, ლამაზებად, უშნოებად, მდიდრებად, ღარიბებად და კიდევ მრავალი არარელევანტური ნიშნის მიხედვით. ეთიოპია არის ქვეყანა, სადაც ხვდები, რომ მიუხედავად ფერის, კულტურის, აღზრდის, ენისა თუ საქციელის სხვადასხვაობისა, ქრისტიანობა გაერთიანებს ამ ხალხთან, რაღაცნაირი შენიანები და შენნაირები არიან. სწორედ ამ მრავალჯერადი მოგზაურობების დროს შეგროვდა აღნიშნული არტეფაქტები, რომლებიც გამოიფინა „ტატინში“ . როდისღაც მგონია, ეს არტეფაქტები ჩვენი ქვეყნის რომელიმე მუზეუმში მოხვდებიან.– ოჯახი…  გყავთ ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან, ხოლო თქვენი  მეუღლე მათიას ბააზი ცნობილი მათემატიკოს ლოგიკოსია,  ვენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, იგი თანამოაზრეც არის. გვიამბეთ მასზე, მის თანადგომაზე…
– ჩემს ყველა წამოწყებაში ზურგს მიმაგრებს და მხარში მიდგას ჩემი თანამოაზრე და მეუღლე. იგი ცნობილი მათემატიკოს – ლოგიკოსია, ვენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი და მრავალი სამეცნიერო პროექტის სულისჩამდგმელი და ავტორი.ოჯახი ურთიერთდახმარებისა და თანადგომის გარეშე ალბათ ვერც იარსებებს. სწორედ ეს არის სიყვარულის ყველაზე გულწრფელი და ურყევი გამოვლინება. ხანდახან მგონია, პატარა ბავშვებს რომ უსრულებენ სურვილებს, სწორედ ისე აჰყვება ხოლმე ჩემს მორიგ წამოწყებას ჩემი მეუღლე. მშობლების და მეუღლის რჩევებს ყოველთვის დიდი ყურადღებით ვეკიდებოდი. ისინი ყოველთვის დიდ როლს ასრულებდნენ ჩემი გადაწყვეტილებების მიღებაში.
რაც შეეხება ჩვენს ქალიშვილს, მან დაამთავრა ვენის უნივერსიტეტის ლინგვისტიკის ფაკულტეტი, ამჟამად მეუღლესთან ერთად ცხოვრობს თბილისში, გატაცებულია ანიმაციური ფილმების შექმნით.  ის ჰუმანიზმითა და გონიერებით შემკული საინტერესო ახალგაზრდაა. ხშირად მიკითხავს რჩევა მისთვისაც, მისი რჩევები, ყოველთვის სხვა, განსხვავებულ ჭრილში მანახებს პრობლემას – სხვა თაობაა, ახალი, უკეთესი.
– მცხეთა…  თქვენი თვალით… რას შეცვლიდით, თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული?
– უსასრულოდ შემიძლია ვისაუბრო მცხეთაზე, საქართველოს სულზე, მისტიკურ ხვლიკისფერ ყელმოღერებულ სვეტიცხოველზე, მონასტრებზე, ნანგრევებზე, არქეოლოგიაზე. ამოუწურავი შთაგონების და ენერგიის წყაროა ეს საოცრად მყუდრო ქალაქი.
რას შევცვლიდი? ავამოქმედებდი მუზეუმს, დავაბრუნებდი მცხეთის შემოგარენში ნაპოვნ არქეოლოგიურ საგანძურს მცხეთის მუზეუმში, ყველას მივცემდი საკმარს, ერსაც და ბერსაც, აღმოვფხვრიდი სიდუხჭირეს და უმუშევრობას, გავაუმჯობესებდი ინფრასტრუქტურას, ავაშენებდი უნივერსიტეტს, მცხეთა ხომ ტიპური საუნივერსიტეტო ქალაქია… ალბათ ეს ყველაფერი უჩემოდაც გაკეთდება როდესღაც.
– გატაცება…
– ბევრი რამ მიყვარს, ბევრი რამ ვცადე, ბევრიც მინდა ვცადო. თუ დრო მრჩება, ვხატავ, ვძერწავ, ყვავილებს ვუვლი, ახალ კერძებს ვიგონებ. მიყვარს ფრინველები, განსაკუთრებით ფარშევანგები, საათობით შემიძლია ვუყურო მათ ქცევებს, მათი ხმაც კი მომწონს – ჯუნგლების გამოძახილივითაა. ზოგადად მჯერა, რომ მშვენიერების ყურება – გვაუმჯობესებს. ერთი ძლიერი გატაცება არ მაქვს, არასდროს მქონია რაიმე ერთი განსაკუთრებული ნიჭი, ყველაფერი – ცოტ-ცოტა.
–  სამომავლო გეგმები…
– სამომავლო გეგმებს აღარ ვაწყობ, ვცხოვრობ აწმყოთი და აწმყოში, დავდივარ ძალიან პატარა ნაბიჯებით.

                                                                                            

                                                                                                      თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები