კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა იმირის გორის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე „გადაჭრილი გორის” არქეოლოგიური ძეგლი მოინახულეს
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირის მახლობლად არსებულ იმირის გორის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე „გადაჭრილი გორის” არქეოლოგიური ძეგლი მოინახულეს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს გენერალურ დირექტორ თეა ონიანთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის მხარეში ილია ჯალაღანია, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაური ისმაილოვი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და არქეოლოგიური ექსპედიციის წევრები.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მინდია ჯალაბაძემ წარმოადგინა დეტალური ინფორმაცია აღმოჩენისა და მისი მნიშვნელობის შესახებ, ასევე ობიექტის დაცვისა და განვითარების მიზნით შექმნილი პროექტის შესაბამისად უკვე შესრულებული სამუშაოების ანგარიში.
გარე ზემოქმედებისგან ობიექტის დასაცავად, საყრდენ სვეტებზე დამონტაჟდა ლითონის ფერმული ტიპის გადახურვის კონსტრუქცია, რომელზეც მოეწყო პოლიკარბონატის ფილები. დამთვალიერებლების გადასაადგილებლად ლითონის კონსტრუქციაზე მოეწყო დაკიდებული პანდუსი შეფიცვრითა და მოაჯირით; დამონტაჟდა შიდა და გარე ელექტროგაყვანილობა.
პროექტი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით 2022 წელს დაიწყო და 2024 წელს დასრულდა.
მხარეებმა იმსჯელეს ობიექტის სამომავლო განვითარების პერსპექტივებსა და განსახორციელებელ ქმედებებზე, რაც ,,გადაჭრილ გორას“ ვიზიტორებისთვის საინტერესო ადგილად აქცევს.
აღინიშნა, რომ ქვემო ქართლის მხარე მდიდარია არქეოლოგიური ძეგლებით და „გადაჭრილი გორა“ უნდა იქცეს რეგიონის ტურისტული მიზიდულობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად, რადგან ძეგლი ძვ. წ. VI-V ათასწლეულით თარიღდება და ქვემო შულავრის ჯგუფის ნამოსახლარებში ერთიანდება. იგი ადრესამიწათმოქმედო ძეგლების უადრესი ნიმუშია.
ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევის შედეგად აღმოჩენილია ძვ.წ. VI ათასწლეულით დათარიღებული უძველესი ღვინის ჭურჭელი. კომპლექსური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ადამიანმა პირველად 8000 წლის წინ საქართველოს ტერიტორიაზე მოაშინაურა ველური ვაზი და ღვინო დაწურა.
ადგილზე არქეოლოგიური გათხრები ყოველწლიურად ტარდება და საბოლოოდ მთელ ტერიტორიას მოიცავს.