ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი წარადგინა

ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი წარადგინა, რომელიც აფართოებს შეზღუდვებს რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე, ბანკებზე, საქონელსა და მომსახურებაზე.

„აბუ-დაბიში მიმდინარე მნიშვნელოვანი სამშვიდობო მოლაპარაკებების ფონზე, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ: რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან გულწრფელი განზრახვით მხოლოდ იმ შემთხვევაში დაჯდება, თუ მასზე ზეწოლა განხორციელდება. ეს ერთადერთი ენაა, რომელიც რუსეთს ესმის“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა თავის განცხადებაში.

სანქციების მე-20 პაკეტი მოიცავს რუსული ნედლი ნავთობისთვის საზღვაო მომსახურების სრულ აკრძალვას და მიზანში იღებს კიდევ 43 გემს, რომლებიც ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილია.

გარდა ამისა, იგი აწესებს აკრძალვებს თხევადი ბუნებრივი აირის ტანკერებისა და ყინულმჭრელების ტექნიკურ მომსახურებასა და სხვა სერვისებზე, რათა კიდევ უფრო დააზიანოს გაზის საექსპორტო პროექტები – ეს ნაბიჯი მათ ევროპული პორტებით სარგებლობის საშუალებას აღარ მისცემს.

პაკეტში ჩამოთვლილია კიდევ 20 რუსული რეგიონული ბანკი, ასევე მესამე ქვეყნების რამდენიმე ბანკი, რომლებიც აღიქმებიან, როგორც სანქცირებული საქონლით ვაჭრობის ხელშემწყობი პირები.

ფონ დერ ლაიენის თქმით, გასულ წელს რუსეთის ნავთობისა და გაზის შემოსავლების 24%-იანი კლება, რაც 2020 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, ადასტურებს, რომ სანქციები მუშაობს.

„ჩვენ მათ გამოყენებას მანამ გავაგრძელებთ, სანამ რუსეთი უკრაინასთან სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის სერიოზულ მოლაპარაკებებს არ დაიწყებს“, – განაცხადა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები