თბილისის №140 საჯარო სკოლა დაამთავრა. პარალელურად, 6 წლის ასაკიდან, სწავლობდა ვირსალაძის სახელობის ხელოვნების სკოლაში. 1994 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – არქიტექტურის ფაკულტეტზე.
აკადემიის დამთავრების შემდეგ „ქართუ“ ჯგუფში სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობდა, მათ შორის იყო მარჯანიშვილის თეატრი, რომლის მთავარი არქიტექტორიც იყო. ამჟამად თბილისის განვითარების ფონდში მუშაობს. არქიტექტურის პარალელურად ხატავს. მისი შემოქმედება საინტერესო ხედვით და წარმოსახვით იქცევს ყურადღებას. – მხატვარ – არქიტექტორ ლადო გოგილაშვილის პერსონა.
– დავიბადე ჩვეულებრივ ქართულ ოჯახში: მამა მშენებელ – ინჟინერი და დედა – არქიტექტორი. ეს სფერო პატარაობიდან ახლოს იყო ჩემთან, ასევე დიდი ბიბლიოთეკა, როგორც არქიტექტურული, ასევე მსოფლიო ხელოვნება. პატარაობიდანვე მიყვარდა თვალიერება. ალბათ ამის დამსახურებაცაა, ავტომატურად ჯდებოდა გონებაში.
ხატვა დავიწყე სადღაც 5-6 წლის ასაკში, რა თქმა უნდა, პრიმიტიულ დონეზე. 6 წლის ასაკში დედის არქიტექტურული ნახაზი დავხატე, თითქმის სრული ასლი, და ალბათ ამანაც იმოქმედა, რომ წავსულიყავი არქიტექტურულ მხარეს.
– სკოლის პერიოდი და სტუდენტობა… პირველი ნახატები…
– №140 სკოლა თბილისში, დიღმის მასივში დავამთავრე, პარალელურად, 6 წლის ასაკიდან ვსწავლობდი ვირსალაძის სახელობის ხელოვნების სკოლაში – შვიდწლედში.
სკოლა დავამთავრე 1993 წელს. 1994 წელს ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში – არქიტექტურის ფაკულტეტი – საზოგადოებრივ ნაგებობათა არქიტექტურის განხრით.
რთული პერიოდი იყო, უშუქობა, საერთოდ არ იშოვებოდა სახატავი მასალა, რას და როგორ ვახერხებდით, დღემდე მიკვირს, მაგრამ მთელი კურსი თითქოს ერთი ოჯახივით ვიყავით. ერთად ვიზიარებდით ამ გაჭირვების წლებს – და ეს მეგობრობა დღემდე მოგვყვება.
– უამრავი არქიტექტურული პროექტის ავტორი ხართ, ბევრი შენობა დააპროექტეთ… მათ შორის სასტუმრო „საქართველო“, „ზფ პალასი“… მარჯანიშვილის თეატრის რეკონსტრუქციაზე იმუშავეთ… რით იყო მნიშვნელოვანი ეს სამუშაოები? თუ არ ჩავთვლით იმას, რომ იქ, შესასვლელში, ლადო გუდიაშვილის ნახატები გამოჩნდა?
– აკადემიის დამთავრების შემდეგ, ეს იყო 2000 წელი, 2 თვეში დავიწყე სამსახური „ქართუ“ ჯგუფში, სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტზე, მათ შორის იყო მარჯანიშვილის თეატრი, რომლის რეკონსტრუქციის ნაწილიც მე მებარა. დეტალურად მოხდა აღდგენა როგორც იერსახის, ასევე მზიდი კარკასის. რაც შეხება მარჯანიშვილის თეატრს, როგორც არქიტექტურულ ძეგლს, პირველად ეს ნაგებობა შეიქმნა როგორც სახალხო სახლი, ძმები ზუბალაშვილების დავალებით და არქიტექტორ კრისინსკის ხელმძღვანელობით, და გუდიაშვილის ნახატების გარდა კიდევ აქვს სხვა ღირებულება, იატაკები მოპირკეთდა გერმანული კერამიკით – ვილეროი და ბოხი.
შემდგომ, როდესაც წამოვედი „ქართუ ჯგუფიდან“, მქონდა კერძო დაკვეთები.
ჩემ მიერ გაკეთებულ იქნა „ზფ პალასი“. აქაც ანალოგიურად აღდგა ის იერსახე, რაც იყო პირვანდელი მდგომარეობით. ამის საშუალება მოგვცა არსებული ფასადის კედლებმა.
ასევე, გაკეთდა სასტუმრო „საქართველოს“ სრული რეაბილიტაციის პროექტი – როგორც სარეკონსტრუქციო სამუშაოები, ასევე ინტერიერის სრული დიზაინ-პროექტი, მაგრამ, სამწუხაროდ, პროექტად დარჩა.
– მოგწონთ, „როდესაც მთელი ქუჩა ერთ მელოდიას მღერის. თბილისში ეს მუსიკა მკვდარიაო“ – ერთ ინტერვიუში თქვით. როგორც არქიტექტორს მინდა გკითხოთ – თანამედროვე თბილისს და მის მშენებლობებს როგორ შეაფასებდით? თუ არის იმედი, რომ ეს მუსიკა გაცოცხლდეს?
– რაც შეეხება თბილისს, ამჟამად ვმუშაობ თბილისის განვითარების ფონდში, ჩვენი სამსახური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სრულ აღდგენაზე მუშაობს. პერიოდულად ყველა ძველი ქუჩის უნიკალური ნაგებობები გვქონია, თუმცა არ ჩანდა სიძველის გამო…
რაც შეეხება პერიფერიებს და ახალ მშენებლობებს… ამას უკომენტაროდ დავტოვებ, ისედაც ყველამ ვიცით, როგორ დამახინჯდა საუკუნოდ. ერთადერთს ვურჩევდი ყველა მშენებელს, რომ გაითვალისწინონ ერთი დომინანტი იერსახე ქუჩების და უბნების მიხედვით, თუნდაც ფასადის ფერი მაინც. რაც, სამწუხაროდ, არ ხდება და სრული ქაოსია.
– მხატვარ-არქიტექტორი, თავად რომელს ანიჭებთ უპირატესობას?
– მხატვარ – არქიტექტორი… ორივე პროფესია თანაბრად მნიშვნელოვანია ჩემთვის. პროექტების შემდგომ ხატვა მშველის…. გონების ერთგვარი დასვენებაა და რელაქსი.
– ყოველთვის ბევრ პროექტზე მუშაობთ. როგორ ახერხებთ ხატვას და ამ სამუშაოებს ერთდროულად?
– ვხატავ უფრო ღამით, როდესაც ყველაფერი წყნარდება და სრული სიმშვიდეა. ყოველთვის ვახერხებ ხატვას სახლსა თუ ოფისში.
– ხშირად ხდება, რომ წინასწარ ჩაფიქრებული იდეა ხატვის დროს შეგიცვლიათ?
– რაც შეეხება ნახატის იდეის შეცვლას, დიახ, მქონია შემთხვევები, როდესაც დამიწყია რაღაც ტილო და შუა პროცესში სრულიად გადამიხატია, ეს ჩვეულებრივი პროცესია მხატვრებში. ამას წინასწარ ვერ დაგეგმავ, ეს შიგნიდან მოდის, და გონებიდან.
– თქვენს ნამუშევრებში ორიგინალური ხედვა და მდიდარი ფანტაზიაა. შთაგონება როგორ მოდის?
– რაც შეეხება შთაგონებას, წინასწარ ამასაც ვერ დაგეგმავ, თავისით მოდის, როგორც კი ვჯდები სახატავად, მოლბერტი იქნება ეს თუ უბრალოდ გრაფიკული ჩანახატი. წინასწარ ვერასოდეს დაგეგმავ ამას.
– საინტერესო შემოქმედებით ისტორიები გაქვთ…
– შემოქმედებით ისტორიას რაც შეეხება, მხოლოდ გამოფენები, სხვადასხვა. ისეთი დიდი არაფერი.
– ოჯახი… შვილი მარიამი კარგად ხატავს, არაერთი გამოფენის მონაწილეა. მამა-შვილი ერთობლივ შემოქმედებით სივრცეში?
– დიახ… მარიამი კარგად ხატავს… ჩემი გენეტიკა… აქვს გამოფენები… სამომავლოდ უკვე ალბათ ერთადაც დავგეგმავთ. დათა ფეხბურთელია… კარგი შედეგებიც აქვს მის გუნდს, ასევე პროგრამირებას სწავლობს წარმატებით.
– ყველგან თან დაგაქვთ ფანქარი… ფანქრით წერდა ბევრი მწერალი… თქვენ რა დატვირთვას ანიჭებთ ფანქარს?
– მე ფანქარი სულ თან დამაქვს. ყველა არქიტექტორი ასეა… ეს ჩვენი ხელწერაა.
– ამბობთ, რომ მეგობრების გრაფიკული პორტრეტები უნდა დახატოთ და უსახსოვროთ. ჯერჯერობით, რამდენი დახატეთ?
– ჯერჯერობით ვასრულებ ძველ დაწყებულ ტილოებს. დააახლოებით 22 იქნება.
და აი, გადავდივარ პორტრეტებზე. წლებია, ეს სურვილი მაქვს, უბრალოდ უდროობის გამო ვერ მოვიცალე.
სახსოვარს რაც შეეხება… დიახ… მე მიყვარს ჩუქება…. ყველაზე დიდი ნარკოტიკია ადამიანის გახარებული სახის დანახვა ამ დროს. ამის მეტს იქ ვერაფერს წავიღებთ.
– როგორ დაიხატა „ვენეცია“?
– ვენეცია… აბსტრაქცია არც მახსოვს, რა იყო ინსპირაციის მიზეზი, უბრალოდ დავხატე.
. ამჟამად რაზე მუშაობთ?
– ამჟამად იხატება სხვადასხვა თემატიკა, როგორც აბსტრაქცია, ასევე რეალისტური და ჩემი სამივე ბურთის 3დ ვერსია…… 3 განზომილებაში.
– გეგმები….
– გეგმები… ასე წინასწარ არ მაქვს განზრახული, ალბათ პერსონალური გამოფენა რამდენიმე წლის მერე… ახლა არა, ვთვლი, რომ ჯერ კიდევ არ ვარ მზად ამისთვის.

თამარ შაიშმელაშვილი