რატომ გაბრაზდა პუტინი ქართველებსა და რუსებზე

პუტინი ამბობს, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანა არ არის და რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლას უკრძალავს. ფედერალური ხელისუფლების პირველი პირი და მისი ისტებლიშმენტი რუსი დეპუტატის გაძევების გამო  ქართველებზე გაბრაზდნენ. ჩანს ისიც, რომ ისინი გაბრაზდნენ თავიანთ ხალხზეც, თანაც – ძალიან…
გაბრაზნდნენ იმ რიგით რუსებზე, რომლებსაც მართვის რუსული სისტემა ასე მობეზრდათ, მობეზრდათ „კომუნიზმის ნარჩენებზე“ ცხოვრება, ჩინოვნიკების თავგასულობა, კორუფცია, ეკონომიკური ჭაობი და ასე შემდეგ.

პუტინი გაბრაზდა მათზე, ვისაც არ სურს, იყოს „ბომჟი“, იმსახუროს არაადამიანური „ძედოვშინით“ გაჯერებულ ჯარში, თავს დაესხას დამოუკიდებელ ქვეყნებს და სურს, იყოს პროგრესული ცივილიზაციის ნაწილი.

გაბრაზებული პუტინის მეთოდები – „დიალოგი ხალხთან“

დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ პუტინი  რუსებზე გაბრაზებულია და ეს ბოლო დროს ძალიან თვალსაჩინო გახდა. სულ ახლო წარსულიდან  ერთ მაგალითს მოვიყვან:
ალბათ, იცით, ცოტა ხნის წინ, რუსეთის ცენტრალურ არხებზე  შიდა აუდიტორიისთვის გამიზნული, პომპეზური გადაცემა – „პირდაპირი ხაზი ვლადიმერ პუტინთან“ გავიდა. წელს მას ძალიან ცოტა მნახველი ჰყავდა, ფაქტობრივად, ანტირეკორდი დაამყარა.
გადაცემაში „ყოვლისშემძლე“ პრეზიდენტი რუს „ბაბუშკას“ დაჰპირდა, რომ მის სოფელში შუქს გაიყვანდა, ძალიან  შეეცადა ხალხის ემოციებზე ეთამაშა და დამდგარიყო „მათ გვერდით“. ცხადია, საუბრისას  ის კვლავ რუსეთის იმპერიის უძლეველობაზე აპელირებდა.
ამ დროს კი, ზუსტად იმ პერიოდში, კემეროვოს ოლქის ქალაქ კისელიოვსკის მცხოვრებლებმა კანადის ხელისუფლებას თხოვნით მიმართეს, ისინი ლტოლვილებად აღიაროს და ქვეყანაში მიიღოს. სწორედ  „პირდაპირი ხაზის“ გასვლის წინა დღეს მათ პუტინსაც მიმართეს – გაუსაძლისი ყოფის გამო, ქალაქის მცხოვრებლები სხვა ქალაქებში გადასახლებას ითხოვდნენ.
გასაგები მიზეზის გამო, ცხადია,  საპრეზიდენტო თოქშოუზე  კისელიოვსკის მცხოვრებლების თემის განხილვა არ მომხდარა.
ეს ნაწილი გადაცემისთვის საინტერესო არ აღმოჩნდა, რადგან “უძლეველობის მითს” ამსხვრევდა.

სინამდვილე  – რა ხდება რუსეთში

 

რუსული მედიის ცნობით, 20 მილიონზე მეტი ადამიანი რუსეთის სოფლებში ცენტრალური გათბობის გარეშე ცხოვრობს. ზამთრის დადგომისთანავე, ათასობით დასახლებულ პუნქტს მოსახლეობა ტოვებს. რუსეთის რუკაზე 22 ათასზე მეტი  ,,მკვდარი” სოფელია, შუაგულ მოსკოვში, „მაუგლი“ ბავშვი  იპოვეს. პოლიციამ ნაგავში და  გაუსაძლის პირობებში მცხოვრები 5 წლის გოგონა მზის შუქზე გამოიყვანა. მან საუბარიც  კი არ იცის.
ასეთი ფაქტები დღეს რუსეთში ბევრია, ძალიან ბევრი…
ბოლო კვლევების თანახმად, რუსეთის მოქალაქეების 39% კვების პროდუქტებზე დღეს გაცილებით მეტ ეკონომიას აკეთებს, ვიდრე – წინა წლებში. „როსსტატის“ მიერ 29 მაისს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად კი რუსეთის მოქალაქეების თითქმის 50%-ს  მიღებული შემოსავალი მხოლოდ საკვებისა და ტანსაცმლის შესაძენად ყოფნის.

საბანკო კრედიტი საკვებისა და სასმლის შესაძენად – ახალი ინიციატივა

რუსული სახელისუფლებო საინფორმაციო სააგენტო იმის შესახებ წერს, რომ მალე საბანკო კრედიტით ძეხვის, მაკარონისა და პურის ყიდვა იქნება შესაძლებელი. საუბრობენ იმაზეც, რომ რუსეთის მოსახლეობას, შესაძლოა, ლუდისა და არყის კრედიტით შეძენის შესაძლებლობაც მისცენ. შეჭამენ, დალევენ, მერე ისევ დალევენ, მერე კიდევ ერთ „სტოპკასაც“ ჩაურტყამენ და ფულს ერთ თვეში გადაიხდიან! ასეთი „მარკეტინგული ინიციატივა“ ერთ-ერთმა ქსელურმა “რიალტორმა” და ბანკმა  მოიფიქრა და, როგორც ჩანს, რუსეთში დღეს ამის საჭიროება არსებობს.
იმ ფონზე, რომ რუსეთში მსგავსი სოციალური პრობლემები და სიდუხჭირეა, არსებული ინფორმაციით, რუსი მილიარდერების ქონება 20 მილიარდი დოლარით გაიზარდა. მდირდებიან ისინი, ვინც,  ძირითადად, პუტინის გარემოცვას წარმოადგენს ან მისი პოლიტიკის გამტარებელია. მათი უმრავლესობა მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ადგილებში ვილების შესაძენად მილიონებს იხდის.
აი, რუსების საშუალო ფენა კი, ფაქტობრივად, მთავარი ელექტორატი, დასასვენებლად საქართველოში ჩამოდის.
არსებობს სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც  2018 წელს რუსეთიდან ჩვენს ქვეყანას 1 404 757 ადამიანი ესტუმრა.
ბუნებრივია, გაბრაზდა პუტინი, ძალიან გაბრაზდა!

ელიტარული, რუსული კორუფცია  – რა არ აბრაზებს პუტინს?

როგორც ჩანს, ფედერალური ხელისუფლების პირველ პირს უდიდეს სახელმწიფო კორპორაცია „როსკოსმოსში“ მილიარდობით რუბლის დატაცების ფაქტების გამოვლენა არ აბრაზებს.
ცნობილია, რომ კოსმოსური მოწყობილობების მშენებლობის ინსტიტუტის დირექტორი – იური იასკინი საზღვარგარეთ არის მიმალული. ის ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში მივლინებით გაემგზავრა და უკან აღარ დაბრუნდა.
პრიმორიეში კი „წყნარი ოკეანის გემთსაშენი კომპანიის“ ექსდირექტორ ვიქტორ გრებნევს, რომელიც კოსმოდრომ „ვასტოჩნის“ აშენებდა, 400 მილიონი რუბლის დატაცებისთვის პირობითი მსჯავრი და 400 ათას რუბლიანი ჯარიმა აკმარეს.
2018 წელს  ცენტრობანკის ხელმძღვანელმა ნაბიულინამ პუტინს უპატაკა – ბიუჯეტიდან  260 მილიონი რუბლია მოპარულიო. „სამწუხაროდ“, ნაბიულინამ უკანონო ტრანზაქციების თავი და ბოლო „ვერ გაიგო“ და გარკვევა ქვეყნის პრეზიდენტს სთხოვა.
მას კი, რადგან კორუფციის თემებზე დიდად არ ბრაზობს, არც არაფერი გაურკვევია.

საქართველო – მტკივნეული თემა

სამაგიეროდ, პუტინმა მყისიერი რეაგირება მოახდინა კომუნისტ გავრილოვის მიმართ ქართველების  განწყობაზე და ამ დროს
არა მარტო ჩვენზე გაბრაზდა, არამედ – იმ ადამიანებზეც, ვისაც სურს, მისი ბრძანების მიუხედავად, მაინც დაისვენოს იქ, სადაც თავად აირჩევს,  მიირთვას ხინკალი  და თუნდაც სუში, დალიოს ჭაჭა თუ ვისკი… გააკეთოს თავისუფალი არჩევანი და იხელმძღვანელოს საკუთარი გადაწყვეტილებით.
სწორედ ამ ადამიანებს უბრძანა ბრაზიანმა პრეზიდენტმა, უარი თქვან  თავისუფალ არჩევანზე და ითხოვს მისი ბრძანების უპირობო შესრულებას!
გაბრაზებულია საქართველოში ტურისტების რაოდენობის ზრდითაც და  ამ შედეგის მისაღწევად ყველა რუსულ პროპაგანდისტულ იარაღს ნაცნობი მეთოდებით კვლავ იყენებს.

მართალია, კრემლი და რუსული მედია ყველანაირად ცდილობენ, რუსი ტურისტები ანექსირებულ ყირიმში ბიუჯეტური თანხების ხარჯვითა და  იქ  „საქართველოზე უფრო მიმზიდველი დასვენებით“ მოხიბლონ, მაგრამ, ფაქტია, მათი მთელი ძალისხმევა წყალში იყრება და ამას ვერც  „ყირიმის ხიდი“ შველის, რომლის  მშენებლობაც რუსეთის მოქალაქეებს 228 მილიარდი რუბლი დაუჯდათ.
ამავდროულად, ისიც თვალსაჩინოა, რომ დღეს სოციალურ მედიაში რუსეთის მოქალაქეების უამრავი განცხადება, პოსტი, მოსაზრება, ქართველთა მიმართ მხარდაჭერის გზავნილები ვრცელდება.  
ჩანს, რომ ისინი უარს ამბობენ „ხელმწიფის“ მორიგი ბრძანების შესრულებაზე…
და, იქნებ,  მართლაც ჯობს, “ციხე შიგნიდან გატყდეს”?

ავტორი: ტერეზია ჯანაშია

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები