„ვახუშტი კოტეტიშვილის სახლთან ერთად მამის ლექსებიც დაიფერფლა“…

საგარეჯოს რაიონის სოფელი კოჭბაანში დაიბადა. დაამთავრა გომბორის საჯარო სკოლა, შემდეგ –  სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა  და მეთოდიკის სპეციალობით.
1999 წლიდან  დღემდე მუშაობს გომბორის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების  მასწავლებლად.
სხვადასხვა წლებში იყო დირექტორის მოადგილე აღმზრდელობით დარგში, სკოლის ორგანიზატორი და შემდგომ – სასწავლო ნაწილის გამგე.
მამა – მიხა დიდებაშვილი გომბორელი სახალხო მთქმელი და მოკაფიავე იყო, ვახუშტი კოტეტიშვილი აპირებდა მისი წიგნის გამოცემას, მაგრამ სამოქალაქო ომ  ავბედითმა დღეებმა ვახუშტის სახლთან ერთად მისი ლექსებიც დაფერფლა...
თავადაც წერს კაფიებს. თავადაც გახდა წლის კაფიის ლაურეატი… – გომბორის საჯარო სკოლის პედაგოგის მარეხ დიდებაშვილის პერსონა.

დედა

– დედა ვარა ჩორხაული ბებია ექთანი იყო. 43 წელი ემსახურებოდა 5 სოფლის მოსახლეობას. ამ ხალხისთვის ის ექიმიც იყო, ექთანიც და ზოგჯერ ქირურგიც… დღე და ღამე არ გააჩნდა. რამდენჯერ ადევნებია მგელი გამოძახებიდან მომდინარს ზამთარში და გადარჩენილა. გაჭირვებულისთვის ყიდულობდა წამლებს, საჭმელს. სამწუხაროდ, 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. „სოფლის დიდი იმედი“ დავკარგეთო, – ასე დაიტირა ხალხმა, „ეგ მარტო შენ კი არ მოგიკვდა, მთელ სოფელს მოგვიკვდაო“.
მამა მიხეილ (მიხა დიდებაშვილი) სახალხო მთქმელი და მოკაფიავე იყო. მისი ლექსები იბეჭდებოდა რაიონულ გაზეთ „ივრის განთიადში“, შესულია წიგნში „გომბორელი მოლექსეები“.
ვახუშტი კოტეტიშვილი აპირებდა მისი წიგნის გამოცემას, მაგრამ ავბედითმა დღეებმა (სამოქალაქო ომს ვგულისხმობ) ვახუშტის სახლთან ერთად მისი ლექსებიც დაფერფლა.

„მე ამ კოჭბანის ჰაერმა
ცოტა არ იყოს მიხამა,
ეს რა ლექსები მასმინა
დიდებაშვილმა მიხამა“…

მამა – ვახუშტი კოტეტიშვილთან ერთად (დგას მარჯვნივ)

ასე მიულექსა ბატონმა ვახუშტიმ  1990 წლს კოჭბანში გამართულ საღამოზე –  „ლექსო ამოგთომ ოხერო“.
მამა უზომოდ კეთილი იყო. უამრავი საქმე ჰქონდა თვითონაც, თან მეურნეობაში მუშაობდა მექანიზატორად, უკაცო ოჯახების დახმარებას მაინც ახერხებდა. ზამთარში აიღებდა ცულს და ჯერ ასეთ ოჯახებს უჭრიდა შეშას, მერე თავისას ჭრიდა. უთენია მიდიოდა, სანამ გაიღვიძებენ, დავუჭრი, არ შესცივდეთ ობლებსო (თვითონ ობლად იყო გაზრდილი, 5 თვის ყოფილა, მამა ტრაგიკულად დაეღუპა).
ერთხელ მახსოვს, ჩქარი ნაბიჯით შემოვიდა ეზოში, ცოტა წაიხემსა და სახელოსნოში გავიდა, გვიანობამდე აკაკუნებდა რაღაცას. გზაში უნახავს მოციგავე – მოჟრიამულე ბავშვები, მხოლოდ ერთი უმამო ბავშვი მდგარა გზის პირას უციგოდ. გული მომიკვდაო და მისი ციგა გაუკეთებია დილით, გაუხარდებაო. სამწუხაროდ, თვითონაც 52 წლის გარდაიცვალა და მეც დამაობლა. „დედისერთაის მამა ვარ, შავს ნუ ჩამიცვამთ კაბასაო“- ევედრებოდა ლექსით ექიმებს თურმე, მაგრამ….
დღემდე მასაზრდოვებს ჩემი მშობლების სიკეთე. დღესაც მიყვებიან, რაც არ ვიცი მე და მიხარია ყველაზე დიდი სიმდიდრე –  სიყვარული დამიტოვეს….
– ანუ მამის ლექსები აღარ გაქვთ?
– მცირედი შემომრჩა, რაც დაიბეჭდა, ხელნაწერები კი დაიწვა…
ეს არის მამის ბოლო ლექსი, რომელიც ხელნაწერი შემორჩა:

თუ ჩემი ბედის ვარსკვლავი
აღარ გაბრწყინდა ცაზედა,
მომიგონებდეთ სწორებო,
ღვინო-არაყის სმაზედა!
ვახუშტი კოტეტიშვილო,
საფიცარი ხარ ძმაზედა.
კიდევ მინდოდა მენახე
ფოლკლორულ საღამოზედა.
ლექსებიც ბევრი დავწერე
ჩემ დიად სამშობლოზედა.
კიდევაც ბევრებს დავწერდი,
თუ ბედი გამიღიმებდა.
თუ არ გადავრჩი ცოცხალი,
ვარსკვლავ ჩამიქრა ცაზედა,
ამ ჩემმა ლექსმა უბრალომ
იაროს ქვეყანაზედა!

10.07.91 წ. მიხა დიდებაშვილი.

სულხანსაბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი დაამთავრეთ
– დედას უნდოდა, მეც სამედიცინო განხრით წავსულიყავი, მაგრამ ისე მქონდა მობეზრებული ავადმყოფების ყურება (ჩემი სახლი ლაზარეთი იყო), ჯანმრთელი ბავშვების ყურება ვარჩიე.
1990 წლიდან პედაგოგად, ხოლო 1999 წლიდან დღემდე მუშაობთ გომბორის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლად
– ომის პერიოდი, გაჭირვება მახსოვს. ერთხელ მახსოვს, მოსწავლე დაფასთან გამოვიყვანე, დახეული ფეხსაცმელი ეცვა და სველი ფეხები ჰქონდა. ცუდად გავხდი. დავსვი ღუმელთან, გავვარდი სახლში (ახლოს ვცხოვრობდი), მოვუტანე გამოსაცვლელი. მისი გაბრწყინებული თვალები დღესაც მახსოვს.
პედაგოგიური წლები
– ჩემი პედაგოგიური მოღვაწობა ერთი დიდი და საინტერესო ისტორიაა თავისი აღმართ-დაღმართებით. მე მიყვარს ჩემი კუთხის ისტორიის კვლევა-ძიება და ბავშვებს აქტიურად ვამუშავებ ამ კუთხით. ასე გავაკეთეთ პროქტი „ჭეხილის ციხე“. ჩვენ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა საპრიზო ადგილი ავიღეთ – „პარტნიორები განათლებაში, საქართველოს ფორუმი 2013“.

 გომბორს საინტერესო ისტორია აქვს…
– გომბორი ულამაზესი მაღალმთიანი სოფელია, მრავალეროვანი მოსახლეობით. აქ ცხოვრობენ მთიდან ჩამოსახლებული ფშავლები, მთიულები, ხევსურები, სამასი არაგველის ჩამომავლები ვართო, ასე ამაყობენ.
ამ პატარა სოფელმა ერთი გმირი სამაჩაბლოს ომს შესწირა: ბაქარ სულხანიშვილი, აფხაზეთს – მიხეილ (ძელო) ჭინჭარაული და ლაფანყურის სპეცოპერაციას იოსებ წიკლაური. თითოეული მათგანი ჩემთვის სამასმეერთე არაგველია.

მეუღლესთან ერთად

 პრობლემები…
–  სკოლის კონტინგენტის 48% აზერბაიჯანელია და ენებრივი ბარიერი საკმაოდ დიდ პრობლემას ქმნის სასწავლო პროცესში, დაწყებით საფეხურზე. მე ჩემეული მეთოდები და აქტივობები მაქვს, რომლითაც ადვილად ვაღწევ შედეგს, კოლეგებსაც ვუზიარებ. ეს არის პროექტებით სწავლება, კლასგარეშე ღონისძიებები, ლაშქრობები. კლასის საათი, ლიტერატურული სალონი შევქმენით – „ჩვენ“, ერთად ვკითხულობთ, ვხატავთ, ვმსჯელობთ და ასე უფრო გახსნილები არიან, ვიდრე გაკვეთილზე.
ხშირად ვიწვევთ მშობლებს ღია გაკვეთილზე, როლებად ვყვებით ნასწავლ მოთხრობებს და ძალიან უყვართ, თვითონ ამზადებენ აფიშას, მოსაწვევებს…
საკმაოდ შრომატევადია ეს ყველაფერი. არსებობს ასეთი პროგრამა – „ქართული, როგორც მეორე ენა“. ამ პროგრამით წასული მასწავლებელი 1000 ლარს იღებს სახელმწიფოსგან. ჩვენ იგივეს ვაკეთებთ, მაგრამ ჩვეულებრივ ხელფასს ვიღებთ.
რის მოგვარებას ისურვებდით?
– მინდა ლამაზი და გარემონტებული სკოლა.
რას შეცვლდით თქვენ ირგვლივ?
– საქართველოს გავამთლიანებდი.

შვილები: ნათია და რეზო

სხვადასხვა წლებში იყავით დირექტორის მოადგილე აღმზრდელობით დარგში, სკოლის ორგანიზატორი და შემდგომ სასწავლო ნაწილირამდენად ნაყოფიე იყო ქვენთვის ეს წლები?
– სწორედ ამ წლების დამსახურებაა ჩემი პედაგოგიური კარიერის წინსვლა. 2012 წლიდან ვარ უფროსი მასწავლებელი და ახლა წარდგენილი ვარ წამყვანის სტატუსზე.
რამდენად მოგწონთ დაწყებითი კლასების პროგრამა?
– ძალიან ბევრი რამაა გადასახედი და შესაცვლელი.
– კაფიებს წერთ…  წლის კაფიის ლაურეატი გახდით. ეტყობა მამისგან დაგყვათ ნიჭი…
– კაფიებს ხანდახან ვწერ. წლის კაფიის დიპლომი წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) სახელობის პროზისა და პოეზიის კონკურსზე გადმომცეს.
– მამა თავმას ჩოხელსა და თქვენ შორის კაფიებით გაიმართა მიწერ-მოწერა…
– დამბალ ხაჭოს მთხოვდა მამაო და მიბარებდა, ძროხები მომეწველა. მას ასე ვუპასუხე:
რად უნდა ძროხის მოწველა
ერბოსა, ხაჭოს კვერასა,
კვირაში სამჯერ ვატარებ
მათემატიკის წერასა.
ვართულებ დავალებებსა,
ბალღებ იგებენ ვერასა.
ათქულიანი სისტემა
მოვარგე ხაჭოს ძველასა:
ყოველი სემესტრის ბოლოს
ათ-ათ კვერ მოაქ ყველასა,
…წამოდი, გაგინაწილებ,
შენაც გეყოფა, მენაცა“.

მამა თავმასი:

„სიკეთის მკეთებელი ხარ,
გომბორის კუთხის პოეტო,
გამამერია ხალისი,
შენთან სალექსოდ მუედო.
ბალღები ამეცადინე,
ქრთამებს კი აღარ მოედო“.

მარეხი:

„ნეტა ვინ მომცემს ქრთამადა,
ერბოს, ხაჭოსა კვერასა?!
ეგრე ოცნებობს ქვეყანა,
მეოცნებება მენაცა“…

შვილიშვილები – მარიამი და ანდრია

გყავთ მეუღლე და ორი შვილი...
– მეუღლე ზაზა ხიზანიშვილი სამხედრო მოსამსახურეა. ერთმა შვილმა ნათიამ სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა და მუშაობს „თი-ბი-სი ბანკში“. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი – ანდრია და მარიამ თვალაძეები. ანდრია წელს სკოლაში წავა, მარიამი ჯერ ერთი წლისაა.
მეორე შვილი – რეზო ხიზანიშვილი სტუდენტია.
ჰობი?
– მინდა საქართველოს ყველა კუთხე მოვიარო.
თქვენს სკოლაში ნიჭიერი ბავშვები სწავლობდნენ და სწავლობენვის დაასახელებდით თქვენი მოსწავლეებიდან?
– ნიჭიერი მართლაც ძალიან ბევრია: ხატია ხუმარაშვილი ჩემი ყოფილი მოსწავლე ოქროს მედლის კანდიდატია და ძალიან მიხარია. ჩემი პატარები: ლაშა გოგოლაშვილი, დიმიტრი შეთეკაური, ანი გიგაური, ჯულშან მირზოვა, ჟინო თუთლაშვილი საუკეთესოები არიან.
ჯილდოები
– ყველაზე დიდი ჯილდო  ის არის, რომ ვუყვარვარ მოსწავლეებს და ხალხს. ამაზე ძვირფასი ჩემთვის არაფერია.
სამომავლო გეგმები
– მინდა ჩემს ქვეყანაში ყველაფერი დალაგდეს, დამშვიდდეს. უკეთესი მომავალი ჰქონდეთ ჩემს პატარებს და სანამ შევძლებ, ჩემი საქმის ერთგული ვიქნები.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები