„დავით-გარეჯის ფაქიზი და მტკივნეული თემის მიმართ მეზობელი სახელმწიფოს მხრიდან მეტი პასუხისმგებლობაა საჭირო“…

0

„მცირე ერის მწერლად ყოფნა თავისებური მძიმე ბედისწერაა“…

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში დაიბადა. ორი სიყვარული ჰქონდა ბავშვობიდან – ლიტერატურა და მათემეტიკა… ტექნიკური უნივერსიტეტის მშენებლობის ფაკულტეტი დაამთავრა, მაგრამ ბავშვობიდან წერდა და, პოეტურ კრებულებს, თანდათან, პროზაული კრებულები ენაცვლებოდა.
გამოსცა 19 წიგნი (მათ შორის ინგლისურ, რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე). ამბობს, რომ პროზაც და პოეზიაც თანაბრად უყვარს, მაგრამ ასაკთან ერთად ადამიანი უფრო მოგონებებში ინაცვლებს, ამიტომ სათქმელი უფრო მეტად პროზისკენ ინაცვლებს…
არის ქართული კულტურის დესპანი. გალაკტიონ ტაბიძის, დავით აღმაშენებლის, ნიკო ლორთქიფანიძისა და ივანე მაჩაბლის პრემიების ლაურეატი; რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსის ლაურეატი;
ქართულ-ებრაულ კულტურულ ურთიერთობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დაჯილდოებულია ისრაელის საპატიო სიგელით.
გერმანიის საერთაშორისო რუსულენოვანი ლიტერატურული გილდიის მიერ დაჯილდოებულია საპატიო სიგელით.
დავით აღმაშენებლის აკადემიის საპატიო პროფესორია.
დაჯილდოვდა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის მიერ  ,,პატივდების სიგელით“.
არის ოზურგეთის საპატიო მოქალაქე.
როგორც სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარეს, ერისთვის საჭირბოროტო საკითხების მოსაგვარებლად არაერთხელ აუმაღლებია ხმა. რუსთაველის საზოგადოება ითხოვს, საქართველოში დაარსდეს ქართული კულტურის ცენტრი – ,,საქართველო – რუსთაველის სახლი“ და მან პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში დაიდოს ბინა. – პოეტისა და პროზაიკოსის, დავით შემოქმედელის პერსონა.

– ბავშვობა და სოფელი დასიზმრებულივით მახსოვს. ჩემი ცნობიერება ყველაზე მკაფიოდ ამ ეპიზოდიდან იწყება.
ჩემი კარის მეზობელს ნადი ჰყავდა მოწვეული, ეხმარებოდნენ. სახლი უნდა გადაეხურათ. ღამდებოდა. მასალის მოტანაზე ხელი შეშლოდათ  და ყველანი ნერვიულობდნენ, შენობა გადაუხურავი გვრჩება და ოჯახის ნივთებს გაგვინადგურებსო… ზეცა საშინლად მოქუფრულიყო, ღამდებოდა და  ძლიერ თავსხმა წვიმას აპირებდა. ათიოდე წლის ბავშვი ვდგავარ ჭიშკართან და ჩემ თვალწინ ხდება ეს ამბავი. ამ დროს ერთმა მაღალმა, ჩემთვის უცნობმა კაცმა ჩამოიარა, შეჩერდა, დააკვირდა ეზოში რაც ხდებოდა, უმალ გაერკვა სიტუაციაში, პირით შემოქმედის ტაძრისაკენ დადგა, დიდი ფრთებგაშლილი გედივით რომ გადმოჰყურებდა არემარეს და იმ ათეისტურ  პერიოდში ილოცა: ღმერთო, ამაღამ კარგი დარი მოიყვანეო!
მართლაც, რამდენიმე წუთში ცაზე საავდროდ აჯანღული ღრუბლები გაქრა და ვარსკვლავები გამოჩნდნენ. მას შემდეგ,  როცა ამდენი ხანი გავიდა, ეს წარსული ისეთ მისტიკურ ბურუსში გაეხვია, რომ ახლაც არ ვიცი, მართლა მოხდა ეს ამბავი,  თუ ხილვა იყო… ეს იყო ცხადი მაგალითი ჩემთვის, როგორ უნდა მიიტანოს  ადამიანმა  სხვა ადამიანების ტკივილი გულთან. დავძენ, რომ ეს ეპიზოდი უკვე გამოვიყენე ჩემს ერთ-ერთ მხატვრულ ნაწარმოებში.
– ტექნიკური უნივერსიტეტის მშენებლობის ფაკულტეტი დაამთავრეთ. საინტერესოა, როგორ უთავსებდით  ერთმანეთს ლიტერატურას და ტექნიკურ საგნებს?
– ორი სიყვარული მაწვალებდა ბავშვობიდანვე – ლიტერატურა და მათემეტიკა. გენიოსების მაგალითებს გავიხსენებ: ცნობილია, რომ ომარ ხაიამი თავისი დროის უდიდესი ასტრონომი და მათემატიკოსი იყო. პოლ ვალერმა ზეპირად იცოდა ფარდობითობის თეორია, ხოლო აინშტაინი შესანიშნავად უკრავდა ვიოლინოზე.
ასე რომ, ორი მუზის მსახურების მსგავსი მაგალითები საკმაოდ ბევრია. იმ დამყაყებული კომუნისტური ყოფის  პერიოდში სკოლა რომ დავამთავრე, ქვეყანაში კორუფცია ყვაოდა. კორუმპირებული ლექტორები ატარებდნენ მისაღებ გამოცდებს, მირჩიეს, რომ ქართულში წერით და ზეპირ გამოცდებზე ქულებს დაგაკლებენ და ვერ მოხვდებიო. საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ანუ გეპეიში, როგორც მას უწოდებდნენ, გამოცდებს მანქანასთან ვაბარებდით, სწორი იყო პასუხები თუ არა, ტექნიკა  აფასებდა. ობიექტურობა დაცული იყო, მეც ჩავაბარე ტექნიკური განხრით, ყველა საგანში მივიღე უმაღლესი შეფასება და გავხდი სტუდენტი.
ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ათი წელი ვიმუშავე ინჟინერ-კონსტრუქტორად, შემდეგ კი,  როგორც ო ჰენრი ამბობს ნოველაში – „გზები, რომლებსაც ჩვენ ვირჩევთ“ – მთავარი ის კი  არ არის,  რა სპეციალობისა ხარ, არამედ სულის ძახილი, შინაგანი „მე“ სად მიგიყვანს.
– პირველი ლექსების წიგნი იყო… რა იყო თქვენი სათქმელი?
– თქვენს ამ კითხვასთან დაკავშირებით ერთ შემთხვევას გავიხსენებ: ჩემი პირველი პასპორტისხელა თუ ცრემლისოდენა წიგნი რომ გამოვიდა, ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ბატონ მიხეილ გოლიაძეს ვაჩუქე. მან ასეთი ამბავი მიამბო: სკოლის მოწაფე რომ ვიყავი, სკოლაში დიდი გოგლა ლეონიძე გვესტუმრა, მე მას მისი ლექსი წავუკითხე, პოეტმა საკუთარი წიგნი მაჩუქა. შემდეგ ღვთაებრივი გალაკტიონი გვყავდა სტუმრად, მასაც მისივე შემოქმედებიდან ლექსი წავუკითხე. გალაკტიონმაც მისახსოვრა თავისი წიგნი. შენ მესამე ხარ, ვისი ავტოგრაფიანი წიგნი მე მაქვს, ჰოდა, ახლა წავალ და ჩემი წიგნების თაროზე, მათ წიგნებს შორის, შენს წიგნს დავდებო.
მაშინ ამ სიტყვებისათვის ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ იმ ღამით, ძილის წინ, საოცარმა შიშმა შემიპყრო, რომ ჩემი სათაყვანებელი ქართული მწერლობის კორიფეების წიგნებს შორის, ჩემი პატარა წიგნიც იდებოდა. ეს შიში და პასუხისმგებლობა არ გამნელებია, დღემდე მომყვება.
ჩემი პირველი წიგნის მთავარი სათქმელი იყო, შემეცნო სამყაროში ჩემში და  ჩემი თავი  სამყაროში. ინტერესი ამ თემებისადმი ჩემს შემდეგდროინდელ წიგნებშიც გრძელდება.
– ლექსებთან ერთად მოთხრობებსაც წერთ… და მაინც, რომელს ანიჭებთ უპირატესობას?
– პოეზია და პროზა, მიუხედავად იმისა, რომ ორივე წერილობითი სახის შემოქმედებითი პროცესია, კარდინალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. პოეზიაში რა თემაზეც არ უნდა წერდე, ყოველთვის პოეტის პირადი „მე“ უნდა ჩანდეს. პროზაში კი უნდა შეძლო სხვად იქცე, შენი პერსონაჟის სულში გადასახლდე.  მწერალმა, თუ ჩვილის დაბადების ეპიზოდს აღწერს, მშობიარე ქალივით უნდა განიცადოს ის ტკივილები, ყოველი პერსონაჟი უნდა იყოს მწერლისათვის, ხელშესახები,  ცოცხალი. ბალზაკის გამოგონილი პერსონაჟი არის მამა გორიო, რომელიც ბუნებაში არ არსებობდა, მწერალმა თავისი ფანტაზიით შექმნა. რომანში აღწერილია მისი ბავშვობა სიბერემდე. რომანის წერის პროცესში, როცა ეს პერსონაჟი სიცოცხლეს ასრულებს, მწერალთან ნაცნობი შევიდა, დაინახა, რომ ბალზაკი ტიროდა, რა გატირებსო, შეკითხა,  ბალზაკმა უპასუხა: მამა გორიო მოკვდა.
თუ დაწერილის მოცულობით განვსაზღვრავთ, ბუნებით ალბათ უფრო პოეტი ვარ. დღემდე, სხვადასხვა წლებში ლექსების 3 ტომი მაქვს გამოცემული, თუმცა უცხოურ ენებზე გამოცემული ჩემი პროზაული წიგნების რაოდენობა მეტია, ვიდრე ლექსები წიგნი.
პროზაცა და პოეზიაც თანაბრად მიყვარს, მაგრამ ასაკთან ერთად ადამიანი უფრო მოგონებებში ინაცვლებს, ამიტომ სათქმელს თანდათან უფრო მეტად პროზასთან მივყავარ.
– სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოება აკაკი ბაქრაძესა და მურმან ლებანიძესთან ერთად დააფუძნეთ. ამჟამად სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი ხართ… ეს დიდი მოვალეობა და ტვირთია დღეს, რადგან უამრავი ეროვნული პრობლემაა მოსაგვარებელი… არ მეთანხმებით?
– სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოება დიდი ტრადიციების მქონე კულტრეგერული ფუნქციის მქონე ორგანიზაციაა. მისი პრეზიდენტები სხვადასხვა დროს იყვნენ: ირაკლი აბაშიძე, აკაკი ბაქრაძე, მურმან ლებანიძე… სხვადასხვა წლებში ამ საზოგადოების რელიგიურ კომიტეტს ხელმძღვანელობდა უწმინდესი და უნეტარესი, საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე, რუსთველოლოგიის კომიტეტს კი – საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია.
საზოგადოებას თავისი ფილიალები აქვს როგორც უცხოეთში, ასევე საქართველოში. მცირე ერის მწერლად ყოფნა თავისებური მძიმე ბედისწერაა. თუ დიდი და დალხინებული ქვეყნების მწერალს აქვს ფუფუნება, რომ თავის მწერლურ მაგიდასთან მთელი ცხოვრება საყვარელ შემოქმედებით საქმიანობას მიუძღვნას. საქართველოში, რომელიც ასეთ გეოპოლიტიკურ ვულკანზე ზის,   როცა პანიკური შიში გიპყრობს, რომ  დღეს შენ რასაც წერ, ხვალ შეიძლება იმ ენაზე  მკითხველი აღარ არსებობდეს, მაშინ ალბათ მწერალმა დროებით  უნდა დატოვოს საწერი მაგიდა და საზოგადოებრივ მოღვაწეობაში, ერის სასიკეთოდ თუნდაც მცირე თავისი აგურის დადებაზე დაფიქრდეს. რუსთაველის  საზოგადოების წევრები ქართული კულტურის, მეცნიერების, მწერლობისა და ხელოვნების თვალსაჩინო წარმომადგენლები არიან, მათი პრინციპი კი შემოქმედებით საქმიანობასთან ერთად ერის სასიკეთოდ ღვაწებაა.
– რუსთაველის საზოგადოების ყურადღების მიღმა არ რჩება მტკივნეული პრობლემები… და მაინც რომელ პრობლემას გამოყოფდით, რომელსაც ოპერატიულად გამოეხმაურეთ და შედეგიც მოჰყვა?
–   ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელ ბევრ პრობლემას რუსთაველის  საზოგადოება გამოეხმაურა და საკითხის გადაჭრა ბოლომდე მიიყვანა. ცნობილ ქართველ ენათმეცნიერებთან კოორდინებული მუშაობით საქართველოს პარლამენტს მივაღებინეთ ჩვენი ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, ქართული სახელმწიფო ენის კანონი,  თუმცა ერის ცხოვრებაში ეს მნიშვნელოვანი მოვლენა, ჩვენმა ზედმეტად პოლიტიზებულმა და მოღლიცინე ტელევიზიებმა საქართველოს მოსახლეობას  დაუმალეს, არ ამცნეს.
იმავე მეცნიერებთან კოორდინებით გაუქმებული ქართული სახელმწიფო ენის პალატის ნაცვლად, საქართველოს პარლამენტს მივაღებინეთ გადაწყვეტილება და აღვადგინეთ სახელმწიფო ენის დეპარტამენტი. საერთო ძალისხმევით, სახელმწიფო ენის კანონის მიღების საქმეში დიდია ცნობილი ენათმეცნიერების – აკადემიკოს ავთო არაბულისა და პროფესორ გიორგი გოგოლაშვილის დამსახურება.
ფართო საზოგადოებისათვის უცნობია, რომ ორი წლის წინ თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრს ჩამოართვეს ზაქარია ფალიაშვილის სახელი. რუსთაველის საზოგადოების მიერ გაგზავნილი საპროტესტო წერილის პასუხად კულტურის სამინისტროსა და ოპერის ხელმძღვანელობამ ყოვლად აბსურდული პასუხი მოგვწერა,ზაქარია ფალიაშვილი რომ დავაწეროთ,  აფიშაზე ადგილი არა გვაქვსო. ჩვენი ძალისხმევით, თბილისის ოპერისა დაბალეტის თეატრმა ზაქარია ფალიაშვილის სახელი დაიბრუნა. სხვა მრავალი სასიკეთო საქმც შევძელით, რომ მიგვეყვანა ბოლომდე,  მაგრამ მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა.
– რუსთაველის საზოგადოებამ მნიშვნელოვანი ინიციატივა წამოიწყო, ჩვენი ისტორიული მიწა-წყლის და ძეგლების მონახულება… უკვე რამდნიმე ადგილას იყავით. რა იგეგმება უახლოეს მომავალში და რა კონკრეტული შედეგები აქვს ამ მოგზაურობებს? ამ ყველაფრის წიგნად გამოცემას ხომ არ აპირებთ?
– ჩვენი ორგანიზაციის  სახელწოდება „სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოება“ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ფიქრის და ტკივილისა და ზრუნვის საგანი არის თანამედროვე ქართულ რეალობას მოწყვეტილი  სხვადასხვა ქვეყნის იურისდიქციაში მომწყვდეული ჩვენი ისტორიული მიწა-წყალი.
ვფიქრობთ, წიგნის გამოცემასაც, ჯერ მასალების შეგროვების პროცესია. კონკრეტულად, სად და მსოფლიოს რომელ ქვეყანაში წავალთ, ეს წმინდა ტექნიკურ-საორგანიზაციო საკითხია, ვარჩევთ ფინანსური შესაძლებლობების მიხედვით და ჯერ ვერ გეტყვით,  უცხოეთში მიმოფანტულ ჩვენს ქართულ ძეგლებთან მისაახლებლად კი  ჩვენი მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.
საზოგადოების წევრები დავით-გარეჯშიც იმყოფებოდით. დავით-გარეჯის საკითხს როგორ უყურებთ, როგორ შეაფასებთ ამ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს?
– დავით-გარეჯი ჩვენი უახლესი ისტორიის  დღემდე მოუშუშებელი ჭრილობაა. როცა ორ სახელმწიფოს შორის პოლიტიკურ, კულტურულ, სოციალურ თუ სხვა კარდინალურ საკითხებზე უმაღლეს სამთავრობო დონეზე დადებული არის ხელშეკრულება, სადაც გათვალისწინებულია, რომ მხარეებმა  პატივი უნდა  სცენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას.
რბილად რომ ვთქვათ, მეზობელი სახელმწიფოს მხრიდან ამ ფაქიზი და მტკივნეული თემის მიმართ მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენაა საჭირო. დავით-გარეჯის საკითხი განხილული უნდა იქნას  სამართლებრივი, პოლიტიკური, ისტორიული და რელიგიური კუთხით. ოთხივე კუთხით სიმართლე ქართული მხარისკენ არის.
ცუდია, რომ პროცესი არ არის გამჭირვალე, დახურულია. ზუსტად არ ვიცით, იქნებ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, ჩვენი ისტორიის რომელიღაც ეტაპზე ჩვენს საზიანოდ მნიშვნელოვან დოკუმენტზე ხელი არის მოწერილი. ამიტომ ამ კუთხით ყველა მიღებული დოკუმენტი უნდა გასაჯაროვდეს, რომ ზუსტი ანალიზი გაკეთდეს და მართებულად ვიმოქმედოთ.
დილემის წინაშე ვდგავართ, ერთი მხრივ, საჭიროა მწვავე, რადიკალური პოზიცია, რომ  ჩვენს სულიერ კერებს საფრთხე ავაცილოთ, მეორე მხრივ, ჩვენ არ გავებათ მტრული სახელმწიფოების სპეცსამსახურების პროვოკაციულ გეგმაში და, ყარაბახის მსგავსად, კიდევ ერთი „ცხელი წერტილი“ არ მივიღოთ კავკასიაში.
ფრთხილი, ასჯერ გაზომილი, ამავდროულად, ქმედითი სახელმწიფოებრივი პოლიტიკაა გასატარებელი. დავძენთ, რომ ორმხრივი სახელმწიფოთაშორისი კომისიის წევრთა ვინაობა ფართო საზოგადოებისათვის აუცილებლად უნდა იქნას ცნობილი.
– საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის შენობაში ქართული კულტურის ცენტრის დაარსების იდეით გამოხვედით… რა ხდება სადღეისოდ? რას მიაღწიეთ თქვენი გამოსვლების შემდეგ? რატომაა, რომ რუსთაველის მუზეუმი დღესაც არ გვაქვს? სხვათა შორის, 1966 წელს ლევან გოთუა რუსთაველის მუზეუმის დაარსების ინიციატივით გამოვიდა და მისთვის ერთ-ერთი ისტორიული შენობის გადაცემას მოითხოვდა…
– თითქმის ორი ათეული წელია, ჩვენ საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი საზოგადოების წინაშე ვაყენებთ ამ მოთხოვნას,  რომ ყველა დიდი კულტურის მქონე ერი პატივს მიაგებს თავის უპირველეს გენიოსს. ამდენად, შეუწყნარებელია, რომ დღემდე საქართველოში არ არსებობს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი პოეტისა და მოაზროვნის – რუსთაველისა და მისი ეპოქის ამსახველი-მაილუსტრირებელი სივრცე. სწორედ რუსთაველის სახელი უნდა იყოს საქართველოს სავიზიტო ბარათი დანარჩენ მსოფლიოსთან. მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ჩამოყალიბდეს კულტურის ცენტრი სახელწოდებით ,,საქართველო – რუსთაველის სახლი“, სადაც წარმოდგენილი იქნება რუსთაველის, მისი თანადროული ეპოქის, ასევე, ქართული კულტურისა და ცივილიზაციის მთელი ისტორიის ამსახველი უმნიშვნელოვანესი მასალები. „საქართველო – რუსთაველის სახლი“ იქნება ის უპირველესი სავიზიტო ბარათი, რითაც ჩვენ, როგორც ერთ-ერთი უძველესი, დიდი ცივილიზაციისა და კულტურის ქვეყანა, წარვდგებით დანარჩენი სამყაროს წინაშე.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოება უკვე მრავალი წელია ამკვიდრებს აზრს, რომ აუცილებელია საქართველოში შეიქმნას რუსთაველის ეპოქისა და, შესაბამისად, საქართველოს ისტორიისა და კულტურის უმნიშვნელოვანესი მიღწევების ამსახველი კულტურის ცენტრი, ისევე როგორც „პომპიდუს ცენტრი“ პარიზში, „იაპონიის სახლი“ ოსაკაში და სხვა… სადაც ხაზგასმულად მიწოდებულია, თუ რა წვლილი შეიტანეს ამ ქვეყნებმა მსოფლიოს სულიერი და ნივთიერი კულტურის განვითარებაში და რა მიიღეს დანარჩენი ცივილიზებული სამყაროსაგან. ვფიქრობთ, დღეს რეალური ხდება ამგვარი იდეის განხორციელების შესაძლებლობა საქართველოში.
არსებობს საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომ საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია იყოს ორბელიანების ისტორიული სასახლე. ავლაბრის ამჟამინდელი რეზიდენცია, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია არის განთავსებული (პროექტის ავტორი, არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი) თავდაპირველად გათვალისწინებული იყო, როგორც ქართული კულტურის ცენტრი –  ,,საქართველო – რუსთაველის სახლი“. კონიუნქტურული თვალსაზრისით, მშენებლობის პროცესში შენობა გადაკეთდა პრეზიდენტის რეზიდენციად.
ვფიქრობთ, რომ ამ შენობის მომავალთან დაკავშირებით უგულებელყოფილ უნდა იქნას ყველა სხვა ბიზნეს თუ უწყებრივი ინტერესები. მივიჩნევთ, რომ ჩვენს წინადადებას ალტერნატივა არ გააჩნია.
ვითხოვთ, რომ საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინოს ჩვენი წინადადება და საქართველოში დაარსდეს ქართული კულტურის ცენტრი – ,,საქართველო – რუსთაველის სახლი“ და დღეიდან ის განთავსდეს უფუნქციოდ დარჩენილ პრეზიდენტის, ყოფილ ავლაბრის რეზიდენციაში.
ეს იქნება უდიდესი ისტორიული აქტი – მიღებული საკაცობრიო მნიშვნელობის ქართული კულტურის შესაფერისად მოვლისა და წარმოჩენისათვის.
საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, სახელწოდებასთან დაკავშირებით შესაძლებელია საზოგადოებრივი აზრის შეჯერება“.
– ამ საკითხზე ბატონი ბიძინა ივანიშვილიცაა ინფორმირებული…
– რუსთაველის საზოგადოების მრჩეველთან, ცნობილ არქიტექტორ გიგა ბათიაშვილთან ერთად ორჯერ შევხვდით, საქართველოს მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, შეხვედრებს ესწრებოდა პარლამენტის ამჟამინდელი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. ამ საკითხზე მაშინდელმა ხელისუფლებამ აღგვითქვა სრული მხარდაჭერა, ამის შემდეგ სიტყვიერად მთავრობის თითქმის  ყველა დონეზე გვიდასტურებენ მხარდაჭერას. ამ რამდენიმე თვის წინ ჩვენი ინიციატივით აღნიშულ საკითხზე შეიქმნა საპარლამენტო კომისაია. თავმჯდომარე – განათლებისა და მეცნიერების კომისიის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში.
კომისიაში შედიან საქართველოს პარლამენტის წევრები. ამ კომისიის შემადგენლობაში ვართ ჩვენც, ბატონ გიგა ბათიაშვილთან ერთად. კომისიამ დაწერა  დასკვნა, აღნიშნულ შენობაში კულტურის ცენტრის განთავსებიშ შესახებ, მაგრამ რეალური აღსრულება დღემდე  არ ხერხდება. ეს გაჭიანურებული პროცესი ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
– „ტაო – შემაძრწუნებელი ბედნიერება“ – თქვენმა ფილმმა (ოპერატორი მარინა კოლხიდაშვილი) გაიმარჯვა ფესტივალზე… რით არის ეს ფილმი გამორჩეული, რითაც ჟიურიმ გამოარჩია სხვა ფილმებს შორის?
– ფილმის ეს ოქსიმორონული სახელწოდება, რომელიც ოთარ ჭილაძის ლექსის სტრიქონიდან არის აღებული, გვეუბნება, რომ,  ერთი მხრივ,  რამხელა ტკივილია, ქართულ სხეულს მოჭრილი, ერთ დროს დიდი საქართველოს ქრისტიანულ-კულტურული ცენტრი ,,ტაო“, მაგრამ ამავე დროს რაოდენი სიამაყე და ბედნიერებაა იმისი განცდა, რომ შენ ხარ ამ დიდებული გენეტიკური მეხსიერების მატარებელი. მემკვიდრე ამ  ზღვარდაუდები  ქრისტიანული ხელოვნების შედევრების, ამ სულისწამღები სილამაზისა. ფილმი ერთი მთლიანი მეტაფორაა საქართველოს აჩეხილი სხეულის ტკივილისა. ფილმი გაფრთხილებაა, რომ კაცობრიობას ხვალაც არ წაუცდეს ხელი ძალადობაზე, სხვისი სამშობლოს დამცრობის ხარჯზე აღზევებისათვის. სასიამოვნოა, ღრმად კომპეტენტურმა ჟიურიმ ეს დაინახა, მათ თვალზედაც შეიმჩნეოდა ცრემლი, ვამაყობთ, რომ ფილმმა ესოდენ პრესტიჟული ჯილდო დაიმსახურა.
– ყველაზე მეტად რა გადარდებთ?
– მადარდებს ყველაზე მეტად ის, რაზედაც ქართული ნოველის კლასიკოსი რეზო ინანიშვილი ჯერ კიდევ როდის წერდა: ,,მეჩვენება, რომ ქვეყანაში სიყვარული კლებულობს“.
– ოჯახი. შვილები…
– მეუღლე – დალი გიორგაძე, ინჟინერ-ტექნოლოგი, სხვადასხვა დროს მუშაობდა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. გატაცებულია ქრისტიანული თეოლოგიით.
ქალიშვილი თამუნა – დაამთავრა ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის მათემატიკური პროგრამირების ფაკულტეტი. მუშაობს საქართველოს ბანკის ადმინისტრაციაში პროგრამისტთა ჯგუფის ხელმძღვანელად. ვაჟი –  რომელიც ჩემი სეხნიაა, არის ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ინგლისური ლიტერატურის კათედრის დოქტორანტი. ასე რომ, ჩემი სიყვარული ლიტერატურისა და მათემატიკისადმი გადაინაწილეს შვილებმა.
– თქვენს ლექსებზე შექმნილია სიმღერები, რომელსაც ასრულებდნენ გამოჩენილი მომღერლები. რომელი სიმღერა გიყვართ თქვენ?
–  არ მინდა ამით სხვა მომღერლებსა და კომპოზიტორებს ჩრდილი მივაყენო, მაგრამ ჩემი პირველი სიმღერა, დიდი სიხარული რომ  მომანიჭა,  განსაკუთრებით მიყვარს. ეს არის ორატორია საქართველოზე, ასრულებენ ეთერ კაკულია და თემურ თათარაშვილი. თბილისის  აკადემიური ოპერის თეატრის სახელმწიფო  კაპელასთან ერთად, დირიჟორი გახლავთ, გივი აზმაიფარაშვილი. კომპოზიტორი, რუსუდან ჩხაიძე, მომღერალ ანრი ჯოხაძის დედა.
რას შეცვლიდით თქვენ ირგვლივ?
– საინტერესოა, ადამიანმა იცის, რა არის ცუდი, რა არის ბოროტება, რა არის უდიდესი ცოდვა და მაინც მას მისდევს, არ ეშვება. ვინატრებდი, ფანტასტიკის სფეროში ისეთი ყოვლისშემძლე, მაგიური ჯოხი მომცა, რომ ადამიანის სულში დალექილი ეს საშინელებანი ამომაშანთვინა.
– ჰობი…
– ჭადრაკი, მოგზაურობა. ტრაბახივით გამომდის, მაგრამ ვარ საქართველოს რესპუბლიკის ორგზის თასის მფლობელი ჭადრაკში მოყვარულთა შორის.
– ჯილდოებიდან რომელს გამოყოფდით და რატომ?
–  ზედმეტი თავდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ  თითქმის ყველა ლიტერატურული პრემიის ლაურეატი ვარ, რაც საქართველოში არსებობს, ასევე მიმიღია პრემიები უცხოეთშიც. ის ჯილდო, რაზედაც ახლა მოგახსენებთ, შესაძლოა ნაკლებად ჟღერდეს მაგრამ, მისი მიღება ჩემთვის ძალიან ემოციური მუხტის მატარებელი აღმოჩნდა, მგონი ყველაზე მეტადაც გამიხარდა, ეს იყო მაშინ, როცა ჩემი მშობლიური კუთხის ოზურგეთის საპატიო მოქალაქე გავხდი. როცა მშობლიურმა კუთხემ თავის   უძღებ შვილს ასეთი სითბო მიწილადა.
 – გამოცემული გაქვთ 19 წიგნი (მათ შორის ინგლისურ, რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე). კიდევ ხომ არ აპირებთ ახალ წიგნს?
– ახალი წიგნი თთქმის დამთავრებული მაქვს, მაგრამ ჯერ ხელიდან არ ვუშვებ, დრო მჭირდება, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ახალი თვალით შევხედო, დროის გადასახედიდან უკეთ გამოჩნდება ამ ნაწერებიდან, რა არის ნაკლები მხატვრული ღირებულების,  რისი გამომარგვლა გახდება საჭირო …
გამოვიდა გულნაზ გვალიას წიგნი თქვენს შემოქმედებაზე… რაზე მუშაობთ ამჟამად?
– სიხარულთან ერთად, რაღაცნაირი შინაგანი უხერხულობის განცდა მდევს თან, რომ ჩემს შემოქმედებაზე ასეთი მაღალი სამეცნიერო-ანალიტიკური დონის ვრცელი მონოგრაფია დაიწერა. ათასი მადლობა, ამ დიდებულ ქალბატონს, შესანიშნავ  მკვლევარ- ანალიტიკოსს. ყოველივე ეს მეტად ზრდის ჩემს პასუხისმგებლობას მკითხველის წინაშე.
ჩემი შემოქმედებითი გეგმების შესახებ ვერაფერს გეტყვით, ეს მარტო ჩემს სურვილზე არ არის დამოკიდებული, ვნახოთ, რას ინებებს მისი უდიდებულესობა ქალბატონი მუზა.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                   

 

 

კომენტარები

კომენტარი