„კვირიკაშვილი ამდენს იმიტომ ბედავს, რომ მხოლოდ თანამდებობიდან გაშვებას დააჯერეს და ციხეში არ გაუშვეს“

„კვირიკაშვილი, რომელმაც „ქართული ოცნების“ რეიტინგსა და რეპუტაციას დედა უტირა, დღეს ითხოვს, თანამდებობიდან გადააყენოს გიორგი გახარია“, – ამის შესახებ ნათქვამია გაზეთი „ასავალ-დასავალის“ დღევანდელი ნომრის გამოქვეყნებულ ერთ-ერთ სტატიაში.
სტატიის ავტორი ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც მთავრობის ყოფილი მეთაური თანამდებობიდან მოქმედი შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადაყენებას ითხოვს.
„კვირიკაშვილი ამდენს იმიტომ ბედავს, რომ მხოლოდ თანამდებობიდან გაშვებას დააჯერეს და ციხეში არ გაუშვეს, მისი პრემიერობის დროს მსხვილი სახელმწიფო ტენდერებიდან მოტეხილი მილიონებისა და მისი პროტეჟე რამდენიმე მინისტრის კორუფციაში ჩაფვლის გამო.
სხვათა შორის, „ქართული ოცნების“ დღევანდელი საპარლამენტო გუნდი ნაგვით რომ არის გაძეძგილი, ესეც კვირიკაშვილის კისერზეა, რადგან 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს „ქართული ოცნების“ სიის ფორმირება მთლიანად მას ჰქონდა მინდობილი. საგურამოში, ილია ჭავჭავაძის მამულში კვირიკაშვილის მიერ მოწყობილი ე.წ. ახალი სახეების პრეზენტაცია კარგად გვახსოვს და სწორედ მისმა ნარჩევმა „ახალმა სახეებმა“ გამოუთხარეს ძირი „ქართული ოცნების“ რეიტინგს.
მოკლედ, კვირიკაშვილი, რომელმაც „ქართული ოცნების“ რეიტინგსა და რეპუტაციას დედა უტირა, დღეს ითხოვს, თანამდებობიდან გადააყენოს გიორგი გახარია, რომლის რეიტინგსა და რეპუტაციაზე ახლა „ქართული ოცნება“ დგას“, – წერს გაზეთი „ასავალ-დასავალი“ დღევანდელ ნომერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები