„ოცი წლის მანძილზე წერამ გადამარჩინა“…

0

ქართლის პატარა სოფელში დაიბადა. ბავშვობიდან წერდა, პირველი ლექსი პირველი თოვლის განცდით შეიქმნა. მას მერე კალამი აღარ დაუდვია… ინტენსიურად წერა ემიგრაციაში ყოფნის დროს  დაიწყო, როცა, სხვა თანამემამულეების მსგავსად, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოუხდა  სამუშაოდ წასვლა… ამბობს, რომ  წერამ გადაარჩინა  დეპრესიას და ნევროზს. რვა კრებულის ავტორია, მრავალი კარგი საქმის მოთავეც, თუმცა ქველმოქმედებაზე საუბარი არ უყვარს და ამაზე სხვებმა უნდა ილაპარაკონ…
ამჟამად მეცხრე წიგნზე მუშაობს. – პოეტისა და ქველმოქმედის, ირმა ბეგლარიშვილის პერსონა.

ქართლის ერთ პატარა სოფელში დავიბადე, კასპის რაიონის,  სოფელ დოესში. საშუალო სკოლაც იქ დავამთავრე.
ბავშვობა ალბათ ყველაზე ლამაზი ასაკია, რომელიც არასოდეს გავიწყდება ადამიანს. ემიგრაციაში ხშირად ამომიტივტივდება ხოლმე გონებაში, პატარ-პატარა ბავშვობის დროინდელი სურათები.
ორი წლის წინ ვიყავი საქართველოში. ჩემ სოფელში სახლი მაქვს და სამი თვე იმ სახლს არ მოვცილებივარ…
ვიჯექი აივანზე და მეგონა, ბავშვობისდროინდელ ალბომს ვათვალიერებდი. სახლს ყველა ადამიანზე მოგონება შეენახა – დედაზე, მამაზე…
არასოდეს მავიწყდება  პაპა, რომელიც უზომოდ მიყვარდა. მისი გაზღაპრებული „ვეფხისტყაოსანი“.
 როგორ აირჩიეთ პროფესია?
– მე ემიგრაციაში მოხუცს ვუვლი, უკვე ოცი წელია. საქართველოში კი,  სტამბაში ვმუშაობდი მკინძავად. ოთხი წელი ვაბარებდი ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე და გარეთ ვრჩებოდი.
ბოლოს მივხვდი, რომ სულიერებისთვის ბავშვებთან ყოფნა მინდოდა.
ამიტომ მივატოვე სტამბაში მუშაობა და ჯერ კოჯრის ბავშვთა სახლში წავედი სამუშაოდ, მერე იქიდან წყნეთში გადაიტანეს იგივე ბავშვთა სახლი და იქ გადავედი.
ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე საინტერესო გამოცდილება. ბავშვების დიდმა სიყვარულმა დამანახვა, რომ თუნდაც იმისთვის ღირდა სიცოცხლე, რომ ეს პატარები გამეხარებინა.
ბავშვობიდან წერდით
– პირველად, 11 წლის ვიყავი, როცა პაპა დავისვი და ომის ამბები მოვაყოლე. მაშინ ოცდაოთხფურცლიანი რვეული გავავსე პაპას მონაყოლით. პაპა ყირიმში იბრძოდა და ისეთი განცდით ჰყვებოდა ომში გადატანილ ამბებს, ძალიან იმოქმედა და დავწერე.
დროთა განმავლობაში ის მოთხრობა დაიკარგა.
ლექსი კი… რაღაცნაირად მოვიდა.
ღამით გარეთ გამოსული პირველმა თოვლმა ისე გამახარა, რომ შიგნიდან რაღაც დაიძრა და პირველი ლექსიც შეიქმნა.
20 წელზე მეტია, ამერიკაში ცხოვრობთ. რატომ გადაწყვიტეთ სამშობლოს დატოვება?
– საქართველო 1999-ში დავტოვე. მაშინ სხვა გზა არ იყო. წლის და ათი თვის ბავშვი დავტოვე, ისევ იმისთვის, რომ მშიერი არ მომკვდომოდა.
მას ჩემს მეტი პატრონი არავინ ჰყავდა.
თავიდან, როგორც ყველას, მეგონა, ორი წლით  ჩამოვედი.
მაგრამ აქ დრო ისე სწრაფად გარბის, გგონია სიზმარია, რომელსაც თავს ვეღარ აღწევ.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ამიშებთან ცხოვრობდითრა განცდა დაგიტოვათ იმ პერიოდმა?
– არასოდეს მიცხოვრია ამიშებთან. მე და ჩემი ვაჟიშვილი – პაპუნა წავედით დასათვალიერებლად.
ამერიკის ხმაურიან, რიტმულ ცხოვრებაში ამიშები მართლა საოცრებაა. როდესაც შევედით მათ დასახლებაში… რაც დამამხოვრდა, ეს იყო სამარისებური სიჩუმე, თითქოს სხვა განზომილებაში გადავედით…
და საოცარი სიმშვიდე.
ადამიანებიც კი ისეთი უბრალოები და თბილები იყვნენ, რომ უცბად გაგათბობდათ მათთან საუბარი.
 რა სათქმელით მოხვედით მწერლობაში?
– დღეს უამრავი ადამიანი წერს. ზოგისთვის ლექსი მართლა შვილივით იბადება, ბევრი კი, თითქოს საშინაო დავალებას აწერინებსო სხვებს… ასეთი შეგრძნება მრჩება.
ხშირად მიფიქრია, რომ არ მეწერა, რა დამემართებოდა?
ალბათ დეპრესია მომკლავდა  და მრავალივით ნევროზით დაავადებული ვიქნებოდი.
მაგრამ დღემდე ვთვლი, რომ ამ ოცი წლის მანძილზე მე წერამ გადამარჩინა. იყო დრო, როცა ძალიან მიჭირდა, გაუთავებლად ვწერდი. ალცჰაიმერით დაავადებული მოხუცი ხმამაღლა გაჰყვიროდა, ვინ მოგცა უფლება „ჰოუმ ვორქს“ აკეთებო. მე კიდევ ყურში მოსასმენები მქონდა გაკეთებული და ვწერდი,  რომ არ გავგიჟებულიყავი.
ასე დაიბადა „მე და ნოსტალგია“ – ჩემი პირველი წიგნი.
 პირველ წიგნს კიდევ 7 მოჰყვამათ შორისაა პროზაული კრებულიც. რომელს ანიჭებთ უპირატესობასპოეზიას თუ პროზას?
– ორი პროზაული კრებული გამოვეცი – „ჩემი ნაპირი“ და „მიტოვებული ბავშვი“.  ორივეს სახელი მოთხრობიდანაა აღებული.
პროზას მაშინ ვქმნი, როცა ლექსით ვერ ვამბობ სათქმელს.
თქვენი საყვარელი ლექსი?
– ეს იგივეა, დედას ჰკითხოთ, რომელი შვილი უფრო გიყვართ.
ჩემთვის ყველა ლექსს თავისი პატარა ისტორია აქვს. არასოდეს  მომწონს ჩემი ლექსები.
ვაჟას!

– შენ რომ არწივი
ნახე, ვაჟა… გახსოვს,
დაჭრილი?
მორჩენის ნაცვლად,
იმ  ყვავ-ყორნებს
ჩვენ მივეხმარეთ!
მოკლული მერე…
ნაჭერ-ნაჭერ
დავანაკუწეთ…
და გამეტებულს,
საფლავიც კი
აღარ ვაღირსეთ!
შენ რომ არწივი…
ნახე, ვაჟა, სულს
რომ ღაფავდა,
მომაკვდავიც  რომ
ყვავს და ყორნებს
ეომებოდა,
ის ჩვენ მოვკალით…
ღალატით და
გაუტანლობით,
არადა ჩვენგან,
გადარჩენას
ელოდებოდა.
შენ რომ არწივი
ნახე, ვაჟა…
უკვე მკვდარია,
მარტო ყვავ-ყორნებს
რა შეეძლო,
რომ არა ჩვენა,
მადლობა ღმერთს,
რომ არ უყურებ,
შენს ერს დღეს რა სჭირს…
თითო-ოროლამ
ვეღარ  შეძლო
იმისი შველა.

P.S.

– შენ რომ არწივი
ნახე, ვაჟა…
გახსოვს, დაჭრილი?
მოკლული მერე …
ნაჭერ-ნაჭერ
დავანაკუწეთ…

ნიუ-ჯერსი

ქველმოქმედებას ეწევით

შვილი – პაპუნა

– არ მიყვარს ამაზე ხმამაღლა საუბარი. ვის რა გავუკეთე და ვის რა დავეხმარე. ამაზე იმათ უნდა ისაუბრონ…
გაკეთბეულ სიკეთეზე თუ შენ ილაპარაკე, მაშინ ეგ უკვე ანგარიშია…
ჩემს შვილს დღემდე მაგას ვეუბნები, შენი გაკეთებული დაივიწყე და სხვისი გაკეთებული არასოდეს დაივიწყო-მეთქი.
ქრისტეც ხომ მაგას გვეუბნება, მარჯვენა ხელმა არ უნდა იცოდეს მარცხენა რას აკეთებსო.
ოჯახიშვილი რატგერსის უნივერსიტეტის იურიდიულის სტუდენტიათქვენ მას შეგონება-წერილიც კი მისწერეთ…
– ჩემი პატარა ოჯახი ჩემი ერთადერთი ვაჟიშვილია – პაპუნა.
წელს ამთავრებს რატგერსის უნივერსიტეტს. მხოლოდ ერთ ნაწყვეტს მოვიტან იმ წერილიდან:
„სიძულვილისთვის არასოდეს დაიტოვო გულში ადგილი, რადგან ისევ შენ დაგამძიმებს. გაგაბოროტებს, ბოროტი გულით კი სიკეთეს ვერასოდეს შექმნი. აპატიე და გაუშვი. ეცადე დაივიწყო, მიტევება ღმერთის ნებაა… ღმერთმა სიყვარულისთვის მოგიყვანა. ღმერთმა სიკეთისთვის მოგიყვანა. სხვის გასახარებლად მოგიყვანა. არასოდეს ილაპარაკო ის, რაც ყველამ იცის. ეცადე, ის თქვა, რითაც ადამიანებს დაამახსოვრდები და ხშირად გაიარე ცვრიან ბალახზე. შიშველმა რომ უფრო ახლოს იგრძნო შენი მიწა.  ადამიანი ხომ თავის მიწასთან უხილავადაა შეკრულ-შედუღებული.
შენი წილი ტკივილიც გელოდება, შვილო. შეძლება ბევრჯერ დაიჩოქო კიდეც, მაგრამ იცოდე, თუ სუფთა და ნათელი სული გექნება, ყოველთვის წამოგაყენებს ღმერთი“…
დღესაც იგივეს ვეტყოდი მას…

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი