ეროვნული სატყეო სააგენტო სამცხე ჯავახეთის რეგიონში მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს აგრძელებს
ეროვნული სატყეო სააგენტო სამცხე ჯავახეთის რეგიონში მავნებელი მწერის – მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს აგრძელებს.
როგორც „კვირას“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, 2019 წლის გაზაფხულზე სააგენტომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ( ბორჯომი, ბაკურიანი, ახალციხე, ადიგენი ასპინძა) 1000 ცალი ფერომონიანი მწერმჭერი განათავსა, რომლის საშუალებითაც მავნებლის რიცხოვნობის კონტროლი და მონიტორინგი ხორციელდება.
„სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე არსებულ ნაძვნარ კორომებში გავრცელებული მავნებელი – მბეჭდავი ქერქიჭამია (ips typographus) გასული საუკუნის 50-იან წლებში შემოყვა შემოტანილ ხე-ტყეს და საგრძნობლად დააკნინა ტყეების ხარისხი.
ეროვნული სატყეო სააგენტო მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, 26000 ჰა ფართობზე 2013 წლიდან ახორციელებს.
ტერიტორია, დასახლებულ პუნქტთან სიახლოვის გამო, ძირითად სარეკრეაციო ზონას წარმოადგენს და მნიშვნელოვანია მისი შენარჩუნება როგორც ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებისთვის, ასევე – რეგიონის ინფრასტრუქტურისა და ტურისტული პოტენციალის გაუმჯობესების მიზნით, შესაბამისად, სატყეო სააგენტო ტყის მოვლისა და აღდგენის კომპლექსური ღონისძიებების განხორციელებას მომდევნო წლებშიც გეგმავს“, – აცხადებენ უწყებაში.