„მერვე დღეა, უდაბნოს მონასტერში აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ცხვირს არ გვაყოფინებენ “…

უკვე მერვე დღეა, დავით-გარეჯში, უდაბნოს მონასტერსა და ჩიჩხიტურში აზერბაიჯანელი მესაზღვრეები არავის უშვებენ… ადამიანი, რომელსაც ახლა გაგაცნობთ,  ბავშვობიდან  იმ გარემოში გაიზარდა, მისთვის ყოველი დღე ქართველთა სათაყვანებელ სალოცავზე  ფიქრში თენდება და ღამდება… ახლა, როცა დაიძაბა ვითარება და  აქციების გამართვაც კი გახდა საჭირო დავით-გარეჯის დასაცავად,  მის საათსა და ფეისბუქზეც მუდამ დავით-გარეჯის დროა. მას უკვე დავით-გარეჯის მეციხოვნე კი შეარქვეს, სწორედ მისგან იგებს საზოგადოება დავით-გარეჯთან დაკავშირებულ ახალ ამბებს.
გარეჯის ბერმონაზვნებისთვის ყოველ დღე ცრემლების წყაროდან წყალი ჩამოაქვს. პარალელურად, გარეჯის სეისმოლოგიურ სადგურში მუშაობს… – ადგილობრივი გიდის – ზვიად ანანიაშვილის პერსონა.

 

–   ოჯახი, მშობლები მორწმუნეები არიან, დავით-გარეჯში მოინათლეთ. რით იყო საინტერესო ბავშვობის წლები?
– კი, მშობლები მორწმუნეები არიან: მე, მამაჩემი და ჩემი უფროსი ძმა ერთად მოვინათლეთ გარეჯის ლავრის ფერისცვალების ეკლესიაში 1989 წლის 6 აგვისტოს და მას შემდეგ თითქმის ყოველ კვირას დავდიოდით ლავრაში, სოფელ უდაბნოდან… ძირითადად, ფეხით. გზად ათასობით უცნაური ცხოველი – ზღარბი, მაჩვი, კურდღელი, მელა, ტურა, მგელი… და ქვეწარმავალი გვხვდებოდა, აღფრთოვანებული ვიყავი… ერთხელ ბუჩქზე ვირთხის ხელა, ლემურის მსგავსი დიდთვალება ცხოველიც ვნახე,  ასევე –  ფოცხვერი და გარეული კატა.
მოგვიანებით, რომ წამოვიზარდე, მარტო დავდიოდი ან – მეგობრებთან ერთად.
– უდაბნოს სკოლაში სწავლობდით. ეს სოფელი მედეა მეზვრიშვილმა გააშენა, მის დროს დიდი ყურადღება ექცეოდა დავით-გარეჯის მოვლა-პატრონობას… თუ ექცევა სათანადო ყურადღება დღეს სოფელს?
– უდაბნოს საშუალო სკოლა დავამთავრე 2000 წელს. ძალიან საპასუხისმგებლო იყო რადგანაც მამაჩემი სასწავლო ნაწილის გამგე იყო ხოლო მამიდა ეთერი ენას და ლიტერატურას მასწავლიდა. სოფელი მედეა მეზვრიშვილმა გააშენა თუმცა – ის 1929 წელს გარეჯის წინამძღვარმა გიორგი აბაშიძემ დააარსა.
სოფელი გეოგრაფიულად ყველაზე მოწყვეტილი ერთეულია რაიონულ ცენტრს. აქ მცხოვრებს განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროებათ. დანგრეული გზა საშინლად დამღლელს ხდის ისედაც შორ გზას.
– გარეჯის ბერმონაზვნებისთვის თქვენ მიგაქვთ ყოველ დილას წყაროს წყალი… ცოტა ხნის წინ ვიმყოფებოდით გარეჯში და დავითის ცრემლები დაკეტილი დაგვიხვდა…
– წყალი მე ჩამომაქვს ნამდვილად „ცრემლების“ წყაროდან. გზად მჟაუნას ფოთლებს ვკრეფ გაზაფხულობით. შემოდგომაზე კუნელი მწიფდება და ველური ტყემალი. მადლის წყარო ერთადერთი სასმელად ვარგისი წყალია ლავრის მიდამოებში. დღეღამეში მხოლოდ 20-30 ლიტრი გროვდება. ამიტომ დაკეტილია. მხოლოდ უშვილო წყვილებს თუ გავატანთ ცოტას, რადგან წყალი უშვილობის საკურნებლად ითვლება.
რამდენად მართალია ეჭვი, რომ თითქოსდა, სააკაშვილის ხელისუფლების დროს გაიყიდა  დავით-გარეჯის ეს სადავო მონაკვეთები? სხვა შემთხვევაში, აბა რატომ უნდა ამოსულიყვნენ თვითნებურად აზერბაჯანელი მესაზღვრეები და დაეკავებინათ უდაბნოს ქედი 2012 წელს?
– უდაბნოს მთის სამხრეთ ფართობი 1938 წლის საბჭოურ რუკებზე საქართველს ტერიტორიაზეა, მე თვითონ მაქვს ნანახი ეს რუკები. გარემოებას საეჭვოს ხდის ის, რომ ზუსტად სააკაშვილის მმართველობის პირობებში დაიწყეს საუბარი ოფიციალურმა პირებმა, რომ თითქოს საზღვარი ქედზე გადის. ეს ძალიან რთული საკითხია და ცალკე ხანგრძლივი საუბრის თემაა…
– ამ ბოლო დროს, რაც დაიწყო აჟიოტაჟი დავით-გარეჯზე, ახლა მაინც თუ გაქვთ ყურადღება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან?
– 21 აპრილიდან მოყოლებული დღემდე, ფაქტობრივად, ჩაკეტილია უდაბნოს უნიკალური მონასტერი. სამწუხაროდ, აზერბაიჯანის მხარე  ყველაფერს აკეთებს, რაც სურს, ხოლო ჩვენი ხელისუფლება მხოლოდ და მხოლოდ სიმშვიდისკენ, სიფაქიზისკენ და სინაზისკენ მოგვიწოდებს. გამოკვეთილ განცხადებებს და ნაბიჯებს ვერ ვხედავთ გარეჯის თემაზე.
– ფაქტია, რომ დავით-გარეჯის პრობლემა ჰაერიდან არ ჩამოვარდნილა, არის ე.წ.  „მესამე მხარეც“ და ამბობენ, რომ დიდი ფულიც ჩაიდო… ეს ალბანიზაციის ე.წ. თეორიაც ამის შედეგი უნდა იყოს…
– ალბანიზაცია ძალიან უცნაური თეორიაა. პირველ რიგში, ესაა აბსოლუტურად უსაფუძვლო თეორია, არანაირი ისტორიული მასალა არ არსებობს ამასთან დაკავშირებით. ასევე წინააღმდეგობაში მოდის თურქეთის, აზერბაიჯანის უფროსი ძმის თეორიასთან (რომელიც უფრო ახლო დგას აზრთან), რომ ესაა ორი სახელმწიფო და ერთი ეთნოსი. მესამე ძალას რაც შეეხება, ყოველთვის არსებობს.
–  ერთ ინტერვიუში ამბობთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას  მიგდებული აქვს ეს მხარე. ჩვენი სამხედროები კი იქ მხოლოდ ფორმალურად დგანან, არაფრის უფლება არ აქვთ… რატომ გამუდმებული პასიურობა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან?
– კი, ნამდვილად მიტოვებულობის განცდას იწვევს ეს დანგრეული გზა. წლებია ხრეშითაც არ მოსწორებულა, რაც ძალიან უცნაურად მეჩვენება. ჩვენი მესაზღვრეები ვერაფერს აკეთებენ, ბრძანება აქვთ, კონფლიქტში არ შევიდნენ აზერბაიჯანელ მესაზღვრეებთან, ხოლო აზერბაიჯანელი მესაზღვრეები პრაქტიკულად აკონტროლებენ უდაბნოს მონასტერს.
– რა მდგომარეობაა უდაბნო-ჩიჩხიტურის მონასტრებში? როგორც ვიცი, შეკეთება-აღდგენას საჭიროებენ, მაგრამ ვერ ხერხდება…
– აღდგენას ვინ ჩივის, დაკარგვის პირასაა… ნამდვილად ცუდი მდგომარეობაა, ყოველი ძლიერი წვიმის შემდეგ უზარმაზარი ლოდები ცვივა მთიდან, ხოლო ფრესკებს მზე და ვანდალი ტურისტები აზიანებენ.
– თქვენი პოსტების მერე დავით-გარეჯის მეციხოვნეს გიწოდებენ… ვფიქრობ, თქვენნაირი მანდ ბევრი ადამიანი უნდა იყოს, რომ გარეჯი უპტრონოდ არ დარჩეს…
– კი, მიწოდებენ… რა თქმა უნდა, ბევრია ჩემნაირი და უფრო მაგარი გულშემატკივარიც… პირველ რიგში, მონასტრის მამები და საძმო… საგარეჯო და სოფელი უდაბნოც…
ვფიქრობ, რომ ნებისმიერ ქართველს ჩემზე არანაკლებ აღელვებს ეს საკითხი.
როგორ მიმდინარეობს ცხოვრება დავით-გარეჯში? უამრავი ტურისტი აკითხავს ძეგლს… რა მოსწონთ უცხოელებს?
– მართლაც, უამრავი ტურისტი და მომლოცველი მოდის. ყველაზე ხშირად აქ მცხოვრებ ბერებზე მეკითხებიან, რამდენნი არიან და ა.შ. სენაკების რაოდენობა. რატომაა მთები მოწითალო ფერის… ათასნაირ კითხვას სვამენ..
–  თქვენი ერთი დღე?
– მუდმივად დაკავებული ვარ, მაშინაც კი, თუ ტურისტები არ მყავს. ვცდილობ, ყოველი წამი ნაყოფიერად გამოვიყენო… დილით ადრიანად ვდგები, მსუბუქად ვვარჯიშობ, ვკითხულობ რამდენიმე ფურცელს (სასულიერო ან ისტორიულ ლიტერატურას), ვწესრიგდები და მივდივარ კვირის მსახურებაზე… თუ მსახურება არაა – ტრაპეზზე…
შემდეგ ჩამომაქვს დავითის „ცრემლები“. 2 საათი ვჩერდები მონასტრის წევრებთან, ძირითადად, ვსაუბრობთ და ვმსჯელობთ. თუ რაიმე საქმეა, ვეხმარები. საღამოსკენ ცოტას ვვარჯიშობ, თუ გუნება-განწყობა მაქვს, ლოცვაზე მივდივარ. საღამოს ლოცვა 1-2 საათს გრძელდება, შემდეგ ვიკრიბებით სატრაპეზოში, ვსვამთ ჩაის,  ვსაუბრობთ სულიერ თემებზე და ასევე არსებულ პრობლემებზე. სახლში დაბრუნებული, ისეთი დაღლილი ვარ, პირდაპირ საწოლს ვეცემი… ხშირად ტანსაცმლიანსაც დამიძინია..
დავდივარ წირვაზე. ლიტურგია ხშირად სამჯერაა კვირის განმავლობაში. თავისუფალ დროს კითხვას და ვარჯიშს ვუთმობ.

ზვიად ანანიაშვილის ფოტო

– ჰობი…
– საიმედო და სამშობლოსთვის გამოსადეგი ადამიანის აღმოჩენა ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა. ალბათ ესეც ჰობია.. მუდმივად ვეძებ ასეთ ადამიანებს.
კითხვა და მოგზაურობაც მიყვარს, ისევე როგორც – ყველას…
– ულამაზესია თქვენი ფოტოები, არ გიფიქრიათ დავით-გარეჯის თემაზე ფოტოგამოფენის მოწყობა? საინტერესო იქნება…
– გმადლობთ. ფოტოების გადაღება მიყვარს ბავშვობიდან. მშვენიერი იდეაა… არ ვიცი, როგორ ხდება გამოფენის მოწყობა და მსგავსი რაღაცები. ყველაფერი რომ ჩაივლის, შევეცდები მოვაწყო გამოფენა..
თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული, რას შეცვლიდით თქვენ ირგვლივ?
– საკუთარი თავით დავიწყებდი… მინდა, რომ მეტი ურთიერთპატივისცემა იყოს ხალხში, მეტი ერთობა, მეტი სამშობლოს განცდა.
ერთგან წერთ, რომ 2005 წლამდე აზერბაიჯანელებს აზრადაც კი არ მოსვლიათ, პრეტენზია განეცხადებინათ უდაბნოს მონასტერზეაბა, შემდეგ რა მოხდა? ნუთუ მართლა გაიყიდა? თქვენ მანდ ხართ და კარგად გეცოდინებათ მოვლენების განვითარება
– ძნელია სამშობლოს გაყიდვა ვინმეს დააბრალო, მაგრამ გარეჯის საკითხთან დაკავშირებული და განვითარებული მოვლენები ძალიან ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას ბადებს. მთავრობის ახლანდელი მიჩუმათების პოზიციაც მეუცნაურება…
– მერვე დღეა, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები უდაბნოს მონასტერში არავის უშვებენ…
– მერვე დღეა, უდაბნოს მონასტერში ცხვირს არ გვაყოფინებენ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები და ისეთი პირი უჩანს, არც აპირებენ რაიმე ცვლილებას… ერთ-იორი მეგობრის გარდა არავინ არ გამოთქვამს წუხილს ამ პრობლემაზე. საზოგადოება პროფილის ფოტოების ცვლით და სათავგადასავლო ფოტოების გამომზეურებითაა დაკავებული, მაშინ, როდესაც უდაბნოს და ჩიჩხიტურის მონასტრებს ვკარგავთ, – გარეჯის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს! მიკვირს და გული მტკივა.. გარეჯა არაა მხოლოდ ჩემი და გარეჯელების.. ნუთუ მართლა „დასაჩექინებლად“ და სელფის გადასაღებად გვინდა? ნუთუ ასე მალე ვივიწყებთ? ტელევიზორს რომ ვუყურებ, თავი  სხვა ქვეყანაში მგონია…  იქნებ მართლა ასეა და „სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული”…
გზის გადაკეტვის მოთხოვნით, 7 ივნისს აქცია დაიგეგმაეს უშველის საქმეს?
–  შველის რა გითხრათ, მაგრამ  საჭიროა ხალხის გამოფხიზლება.  ჩვენთან არიან სულიერად მოძღვრები. ლოცულობენ ჩვენთვის….

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები