“თიბისი ბანკში” თანამშრომელსა და კლიენტს შორის ინციდენტი მოხდა – მამაკაცს შესაძლოა, ოპერაცია დასჭირდეს
“თი ბი სი ბანკის” თანამშრომელსა და კლიენტს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა. როგორც დაზარალებული ზვიად გოგიაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს, ბანკის ერთ-ერთი ფილიალის დაცვის სამსახურის თანამშრომლის ფიზიკური თავდასხმის შედეგად ძვლების მრავლობითი მოტეხილობითა და სისხლდენით კლინიკაში აღმოჩნდა. მისივე თქმით, მის წინააღმდეგ ე.წ. კასტეტი გამოიყენეს და შესაძლოა, ოპერაციაც დასჭირდეს.
“თი ბი სი ბანკის” ერთ-ერთი ფილიალის დაცვის სამსახურის თანამშრომლის მიერ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ძვლების მრავლობითი მოტეხილობითა და სისხლდენით აღმოვჩნდი ალადაშვილის სახელობის კლინიკაში და ახლა უნდა გადაწყდეს, გაკეთდეს თუ არა ოპერაცია!!!”, – წერს ზვიად გოგიაშვილი სოციალურ ქსელში.
კლინიკის ექიმების ინფორმაციით, მამაკაცი ყბა-სახის ქირურგიაშია მოთავსებული. მათივე თქმით, პაციენტს სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა აქვს და საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა, დაიგეგმოს ოპერაციაც.
“თი ბი სი ბანკის” განმარტებით, მამაკაცი სწრაფი გადახდის აპარატზე გაბრაზდა და თავად მიაყენა ოპერატორს შეურაცხყოფა. მას კრედიტოფიცერი გამოესარჩლა და მამაკაცს სახეში ხელი გაარტყა.
“თი ბი სი ბანკში” არ ადასტურებენ, რომ მამაკაცის წინააღმდეგ ე.წ. კასტეტი იქნა გამოყენებული.