ლევან ნიკოლეიშვილი: კარგი იქნება, თუ ხორავას საქმეზე შეწყდება პოლიტიკური სპეკულაციები

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში სააპელაციო სასამართლოს მიერ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში შეტანილ ცვლილებებს ეხმაურება.
მისი თქმით, ხორავას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოკლული მოზარდების მშობლების შეფასებით, არის ნაბიჯი სამართლიანობისკენ.
„ხორავას ქუჩის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მოკლული მოზარდების მშობლები აღნიშნავენ, რომ ეს არის ნაბიჯი სამართლიანობისკენ. მთელი საზოგადოება ელის საქმის საბოლოო დასრულებას. უდავოდ კარგი იქნება, თუ შეწყდება პოლიტიკური სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით. საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენცია არ არის სასამართლოს განაჩენის შეფასება თუ განხილვა. აღსრულება, კი ბატონო, სწორედ მათი ვალდებულებაა. რაც შეეხება ოპოზიციურ სპექტრს – მართლაც უნდა შეწყვიტონ ასეთი მგრძნობიარე საკითხით პოლიტიკური დივიდენდების მიღება. რაც შეეხება გამოძიებას უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ მოკლული მოზარდებისა და საზოგადოების კითხვებს ამომწურავი პასუხი არ გაეცემა”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.
დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილებები შეიტანა. სააპელაციო სასამართლომ დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში გ.ჯ. დამნაშავედ ცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები