გამომძიებელმა არასრულწლოვანი სცემა და ხელი მოტეხა – პროკურატურამ ყოფილი ძალოვანი დააკავა

არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის გამო, პროკურატურამ ყოფილი დეტექტივ-გამომძიებელი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
„2019 წლის 28 მაისს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა საქართველოს შს სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს ყოფილი დეტექტივ-გამომძიებელი კ.ქ. არასრულწლოვან თ.ა.-ს მიმართ ჩადენილი დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის გამო დააკავეს.
სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 13 თებერვალს, საქართველოს შს სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა კ.ქ.-მ ბოლნისის შს რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში ყოფნის დროს, ქურდობაში მხილებულ არასრულწლოვან თ.ა.-ს მიაყენა როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური შეურაცხყოფა. ცემის დროს, დარტყმის შედეგად თ.ა.- გადავარდა სკამიდან და მოტყდა მარჯვენა ხელი, რაც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წარმოადგენს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებას.
ბოლნისის რაიონული სამმართველოს ყოფილი დეტექტივ-გამომძიებელი კ.ქ. დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო, რაც ითვალისწინებს ხუთიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.
საქმეზე ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების გამოვლენის მიზნით, რის შემდეგაც მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება“,- აცხადებენ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები