ოქრომჭედელი, რომლის ხატებსაც კურნების განსაკუთრებული ძალა დაჰყვება…

ქართულ ქრისტიანობის ხატწერს ღირსეული მემკვიდრეები ჰყავს, თითებზე ჩამოსათვლელ სახელებს შორის გამორჩეულია ჭედური ხელოვნების ოსტატის, თამაზ გოზალიშვილის ნამუშევრები. პროფესიით ინჟინერ-მშენებელმა, ბექა და ბეშქენ ოპიზრების ხელობა ისე გაითავისა, რომ მთელი ცხოვრება შესწირა.
უდიდეს წარმატებად თვლის 1999-2006 წლებში  კვიპროსში მოღვაწეობას.
მსოფლიო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო ოსტატობით და ორიგინალური ხელწერით შესრულებულმა ნამუშევრებმა.
ქრისტიანულ სიწმინდეებთან ზიარების გარდა მნახველი უდიდეს ესთეტიკურ სიამოვნებას  იღებს...
მისი ნახელავი უამრავ ქვეყანაშია.
ათი წელია, დაბრუნდა კვიპროსიდან და დანანებით ამბობს, რომ სამშობლოში ოქრომჭედლობა – ხელოვნების უძველესი დარგი არც ერს აინტერესებს და არც ბერს. რამდენიმე უძლიერესი ოსტატი ძალზე გაჭირვებულად გრძნობს თავს  და -საიმედოსაც  ვერაფერს ხედავს. –  ოქრომჭედელ თამაზ გოზალიშვილის პერსონა.

 – საბერძნეთში კვიპროსის ტაძრებისთვის ვმუშაობდი, ათი წელია, საქართველოში ვარ და გულისტკივილით ვამბობ, რომ ოქრომჭედლობა აქ აღარავის უნდა. მარტო ოქრომჭედლობა? მხატვართა სახლი წაგვართვეს, სამხატვრო „სალონი“ რუსთაველზე, სადაც იფინებოდა და იყიდებოდა საუკეთესო ნიმუშები, წაგვართვეს.
ლურჯი გალერეა რუსთაველზე, სადაც ყოველი წლის გაზაფხულ-შემოდგომას ქართველი მხატვრები ქართულ საზოგადოებას შემოქმედებით ანგარიშს აბარებდნენ – წაგვართვეს.
– დღესდღეობით საქართველოში მოღვაწეობს მსოფლიოში უძლიერესი  სამი ოქრომჭედელი: თამაზ გოზალიშვილი, ბიძინა ბიძინაშვილი  და ბორია ბაბიანი…

ოქრომჭედლები – ჯემალ გოგიშვილი და თამაზ გოზალიშვილი

– ყველანი 70-ს გადავცილდით, ჩვენც წავალთ და ამ უძველეს ხელობას გამგრძელებელი ვინღა ეყოლება?…
შუა საუკუნეებში ოქორმჭედლები, ძირითადად, საეკლესიო ნიმუშებს ქმნიდნენ: აქამდე ვამაყობთ მათი ბრწყინვალე ოსტატობით, ღმერთს საუკეთესოს უძღვნიდნენ.
ახლა ვინც უფრო იაფად აკეთებს, იმას უკვეთავენ. რას ვუგზავნით შთამომავლობას, რას ვუტოვებთ მომავალს?
კვიპროსიდან ჩამოვედი პატრიარქის თხოვნით და საყვედურით – ამდენი ეკლესია შენდება საქართველოში, შენ კი სხვა სახელმწიფოს უმკობ ტაძრებსო…
10 წელი ველოდები, როდის დაიწყება აშენებული ტაძრების ჩემი ხატებით გაფორმება…
ამჟამად კერძო შეკვეთით გამაქვს თავი…
– ბავშვობა, ოჯახი…
– მშობლები გეოლოგები იყვნენ და თვეში ერთხელ თუ მოვკრავდი თვალს. მთაწმინდის ქუჩაზე ბებიაჩემმა, ვასო ვაჩნაძის ქვრივმა გამზარდა…
ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება, ღმერთის განგება მართავს სამყაროს.  არც ჩემი ბიოგრაფიაა შემთხვევითობაზე აგებული… ყველა დეტალი შემდეგ ჩემს ცხოვრებას დაუკავშირდა…
ადრე დიდგვაროვნებში ტრადიციულად დასვამდნენ ბავშვს, შემოულაგებდნენ სხვადასხვა ნივთს –  ამბობდნენ, რასაც პირველად წაეტანება, ის მოხელე გამოვაო,  ამოარჩია სულმა ერთი პატარა ჟანგიანი ჩაქუჩი გატეხილი ტარით, მერე გაიხსენეს ჩემ მიერ წარმოთქმული თითქმის პირველი სიტყვა: „ქატუჩი“.
მთელი ბავშვობა ვხატავდი და ვძერწავდი. სულ მიშლიდნენ, მათემატიკას მიხედეო, მხატვრები მშივრები დადიანო.
პიონერთა სასახლე გვერდით იყო. მარტო მივედი, სადღაც 8 წლის ვიყავი. მარტო მიმსვლელისთვის მარტო „ლობზიკით“ ჭრის წრეში გამოინახა ადგილი, თან არც ხერხებით გვამარაგებდნენ: მავთულის ნაჭერი უნდა დაგვეჩეხა, ზევიდან რომ „ხერხი“ გამოსულიყო.
სამი სკოლა გამოვიცვალე,  ერთ-ერთ სკოლაში კიროვის ქარხანაში გავდიოდით შრომის გაკვეთილებს, პირველ-მეორეზე გათვლის შემდეგ ხარატებზე და ზეინკლებზე დაგვყვეს. მე, რა თქმა უნდა, ქლიბი მერგო.
41-ე საშუალო სკოლაში ხაზვას ვსწავლობდი. თან ბუნებით ხელები იმდენად მშრალი მაქვს, რომ ლითონზე ნათითურებიც არ ჩანს.
ისე რომ, თუ ვინმეს არ სჯერა ღმერთის განგების, ძალიან ცდება. საბედნიეროდ, სამხატვრო აკადემიაც ამცდა –  განათლებით ინჟინერ-მშენებელი ვარ – მშობლები და შვილები დავამშვიდე.
რაც შეეხება აკადემიას, ალმასიდან ბრილიანტის შექმნა შეიძლება მარტო სათანადო ინსტრუმენტით.
იმ დროს ჭედურობა ფეხს თავად იდგამდა.
– პირველი ნაკეთობა…
– ჩემი პირველი და ერთადერთი მასწავლებელი ამ ხელობაში იყო ალექსანდრე – ომარ  ჯაფარიძე, ახალგაზრდა შრომის მასწავლებელი 41-ე საშუალო  სკოლაში.
ენციკლოპედიური ცოდნითა და მაღალი ზნეობით გამორჩეული პიროვნება,  რომელმაც თავისი პირველი ჭედური ნახელავი შესვენების დროს აჩვენა ისტორიის მასწავლებელს – მაშინ პირველად მოვკარი თვალი ჭედურ ნამუშევარს. ეს იყო 1964 წელს, ჭედურობის აღორძინების მეორე წელი.
ჩემს განცვიფრებას და აღტაცებას საზღვარი არ ჰქონდა, და გახარებულმა თავად ახალგაზრდა ხელოვანმა  შემომთავაზა: გასწავლი და ინსტრუმენტებიც ერთად გავაკეთოთ სკოლის სახელოსნოშიო.
უნდა ითქვას, რომ ამ ხნის კაცი ვარ, არც გამოცდილება მაკლია, მაგრამ ბოლო ოცი წელია არც აღტაცება (რა ლამაზი სიტყვაა), არც განცვიფრება არ მანებივრებს.
სკოლის სახელოსნოდან შინ წამოვედი ერთი პატარა სპილენძის ფურცლით გაკეთებული ინსტრუმენტით და -ნახევარსაათიანი გაკვეთილით…

მახერას ღვთისმშობლის ხატის პერანგი

ერთი კვირა სკოლა არც გამხსენებია – ვჭედავდი ჩემს პირველ ნამუშევარს -ახლაც მიკვირს, როგორ მოვერიე, 8 პლანი ჰქონდა, ომარმა მითხრა: რაღა უნდა გასწავლოო.
– შემდეგ, როდესაც რამდენიმე ნამუშევარი დაგიგროვდათ, საქართველოში ჭედურობის ერთ-ერთ (სამთაგან) ფუძემდებელს, გურამ გაბაშვილს მიუტანეთ…
– ვამაყობ, რომ განგებამ ეგეთი ადამიანი შემახვედრა.. 15 წლის მოზარდმა აღიარებულ მხატვარს ვაჩვენე ჩემი ნახელავი და ეს ზნეობით და ბუნებით ბუმბერაზი კაცი ადგა და ასე მითხრა: შვილო, ქუდს არ ვიხურავ, მაგრამ შენი ნიჭის წინაშე ქუდს ვიხდიო.  მას მერე მსგავსი არავის აღარაფერი უთქვამს.
– 1999-2006 წლებში კვიპროსში მუშაობდით… მახერას მონასტერში ლუკა მოციქულის მიერ დაწერილი ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი ვერცხლით მოაპერანგეთ…
-კვიპროსის ეკლესია ფლობს ღვთისმშობლის ორ ხატს. სულ მსოფლიოში 13 ხატი არსებობს, აქედან 2 კვიპროსშია. ეს უდიდესი საეკლესიო განძად ითვლება.
უნდა ითქვას, რომ  საბჭოთა კავშირის მთელ ტერიტორიაზე არცერთი ასეთი ხატი არ არის.
ერთ-ერთი  ხატისთვის ახალი პერანგის გაკეთება გადაწყვიტეს.  რამდენიმე წელიწადს ეძებდნენ ღირსეულ ოსტატს და  ღვთის (და ღვთისმშობლის) წყალობით ეს ბედნიერება მე მხვდა წილად.
კვიპროსელები ძალიან მორწმუნე ერია.   თავად ეკლესია სტავროპიგიალური, ანუ  მოციქულების დაარსებულია. კვიპროსის პირველი ეპისკოპოსი იყო წმინდა ლაზარე…
კვიპროსში სამი მთავარი მონასტერია.  თუ მახერას მონასტერი ლუკა მოციქულის მიერ შექმნილ ღვთისმშობლის  ხატს ფლობს, ასეთივე ხატს ფლობს კიკოს მონასტერიც, ხოლო სტავროვუნის მონასტერში უფლის ჯვრის ხის პირველი  ნაწილი ინახება. მონასტერი აშენდა იმ ადგილას, რომელიც  ლეგენდის მიხედვით ელენე დედოფალს უკავშირდება.
წმიდა კონსტანტინემ ელენე დედოფალი (დედა) იერუსალიმში გაგზავნა მაცხოვრის ცხოველმყოფელი ჯვრის მოსაძებნად. გათხრების წარმოების დროს აღმოაჩინეს რამდენიმე ჯვარი.

სტავროვუნის ჯვართან (ჩასვენებული)

ჯვრის ამოცნობის მიზნით, სათითაოდ შეახეს სამივე ჯვარი მიცვალებულს. უფლის ჯვრის შეხებისას მიცვალებული – ახალგაზრდა ქალი  გაცოცხლდა. მერე ეს ჯვარი გემზე დაასვენეს და წაიღეს კონსტანტინოპოლში. გზაზე გაჩერდნენ და კვიპროსთან ღამე გაათენეს. ღამე ანგელოზი ეახლა ელენე დედოფალს და უთხრა, ამ ადგილისათვის ეჩუქებინა ქრისტეს ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილი.  იმ ადგილას, სადაც ჯვრის ნაწილი დაასვენეს,- ეკლესია აშენდა. ამის გამო ამ მონასტერს ჯვრის მთის, ანუ ბერძნულად სტავროვუნის ეკლესიას უწოდებენ. სტავრო არის ჯვარი, ვუნი – მთა, ანუ ჯვრის მთა, როგორც ჩვენთანაა.
სწორედ ამ სანაწილესთვის მოიჭედა 240-სანტიმეტრიანი ვერცხლის ჯვრის ლუსკუმა (პერანგი), ეს ორი წმინდა ჯვრის ხის ნაჭერი 200 წელიწადი არავის ენახა.   მისთვის დიდი ვერცხლის ჯვარი შემიკვეთეს…
– როგორი იყო  ამ ჯვართან შეხებისას განცდა?
– წმინდა ჯვარი მოოქროვებულ ვერცხლის კოლოფში იდო.  ჩვენს სახელოსნოში, ნიქოზიაში, პოლიციის მანქანით და პოლიციის მოტოციკლეტების თანხლებით  მოასვენეს. კვიპროსელები  ძალზე უფრთხილდებიან თავიანთ სიწმინდეებს.
ძლივს დავითანხმეთ, რომ სახელოსნოში მოეტანათ. ჯერ რესტავრაცია ჩავუტარეთ, მერე უკვე გამზადებულ დიდ ვერცხლის ჯვარში უნდა ჩაგვესვენებინა.
იმის მიუხედავად, რომ სტავროვუნის მონასტერი დედოფლის დაარსებული იყო, ქალების შესვლა მონასტერში აკრძალულია.
იმ პიროვნების ახლობლებმა რომ გაიგეს, ამ სიწმინდეს ჩვენს სახელოსნოში მოასვენებდნენ, თანხლებ ბერებს კურთხევა სთხოვეს, დასწრებოდნენ ამ ბედნიერებას. 40-მდე ნათესავი, ახლობელი და ის პოლიციელებიც კი, რომლებმაც მოასვენეს, გარეთ მოწიწებით ელოდებოდნენ, როდის ეღირსებოდათ, რომ მთხვეოდნენ ამ სიწმინდეს.

ნიქოზია, ფანერომენის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი

რომ დავასრულეთ რესტავრაცია, ვიდრე დათქმულ ადგილზე ჩავასვენებდით, რაღაცას ვყვებოდი ჟესტიკულაციით და  უცებ ეს ჯვრის ნატეხი მარცხენა ხელისგულზე დამადო სახელოსნოს პატრონმა, ვისთანაც ერთად ვმუშაობდით.  წარმოუდგენელი რამ ვიგრძენი, როგორც  თერმომეტრში  ვერცხლისწყალი, ისე  დაიძრა რაღაც ხელისგულიდან და გულამდე ამოვიდა… გავვოცდი, გაიმეორე-მეთქი. მეორედაც იგივე მოხდა.
რომ ავუხსენი, ყველა გაოცდა, ის ორი ბერიც, რომლებიც კურირებდნენ  ამ ჯვრის შექმნის მთელ პროცესს.
იმ პიროვნებამ, კვიპროსელმა იუველირმა – პანიკოს ხასიკოსმა და ყველამ, ვისაც იმ დღეს წილად ხვდა ბედნიერება, შეხებოდა ამ სიწმინდეს, ეს დღე ყველაზე ბედნიერ დღეს აღიარეს თავის ცხოვრებაში.
ყველა ეს ვიდეო მასალა გადაღებული მაქვს, მაგრამ ვის აინტერესებს?
– კვიპროსში 5 გამოფენა გქონდათ…  თამაზი საქართველოდან, – ამ სახელს ხშირად ახსენებდნენ….
– 5-ნახევარი წელი დავყავი კვიპროსში და 4 დიდი ზომის სხვადასხვა ჯვარი გამოვჭედე. ერთი მახერას ეკლესიაშია, მეორე – კიკოს მონასტერში… მესამე ნიქოზიის საკათედრო ეკლესიაში, მეოთხე – სტავროვუნის მონასტერში.
მახერას ღვთისმშობლის ხატისთვის ვერცხლის მოოქროვილი პერანგი გავაკეთე, რომლისთვისაც მარტო  3 მოზრდილი ბრილიანტი 240 ათასი ევრო დაუჯდათ, 108 მარგალიტი ოქროს ბუდეებში და სხვა.
კვიპროსში კიკოს მონასტრის მუზეუმში ჩემ მიერ დამზადებულ ვერცხლის ჯვარს ცალკე ოთახი  მიუჩინეს. ეს მუზეუმი ფლობს ლუკა მოციქულის მიერ შექმნილ ღვთისმშობლის მეორე ხატს, რომელსაც ყოველთვის წინ  ეფარა ერეკლე მეორის მეუღლის, დარეჯან დედოფლის მიერ ოქროს ძაფებით მოქარგული საფარი… როცა ახალი საფარი დაამზადეს, დარეჯან დედოფლის ნაქარგი მუზეუმში გადაასვენეს.
– კვიპროსის ეკლესიამ დიდი ოქროს მედლით დაგაჯილდოვათ…

1მ. 80 სმ-ის ჯვარი – მახერას და კიკოს მონასტერში

– 5 გამოფენა მქონდა კვიპროსში, ეკლესიამ დიდი ოქროს მედლით დამაჯილდოვა, მერე კვიპროსმა და საქართველომ მოგვიწყეს გამოფენა პარიზში. საქართველოს მაშინდელი ელჩი  გოჩა ჩოგოვაძე მხარში ამოგვიდგა და მე-16 რაიონის მერიამ მოაწყო ეს გამოფენა პარიზის „ვაკეში“.
ამ  გამოფენას იმდენად დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რომ გაკვირვებულმა კვიპროსის მთავრობამ გადაწყვიტა, 18 ქვეყანაში წარედგინა „თავისი კულტურა“ – ითვლება, რომ რომელ სახელმწიფოშიც არის შექმნილი ხელოვნების ნიმუში, მას ეკუთვნის.
მარტო მანჰეტენზე, ნიუ-იორკში, ჩემი ნამუშევრების 4 გამოფენა მოაწყეს, სადაც ჩემი სახელი და გვარი სადღაც წვრილი ასოებით ბერძნულად წერია. არც საქართველო მოიხსენიება. გულსატკენია, რომ საქართველოს არ სცალია ჩემთვის.
კვიპროსში არ გაკლდათ საინტერესო ამბები…
– საინტერესოც და იდუმალ-მისტიკურიც, მაგრამ ყველაფრის გამხელის უფლება, რასაკვირველია, არ მაქვს…
როდესაც დავასრულე მახერას ღვთისმშობლის ხატის პერანგი, ახალგაზრდა წინამძღვარმა არსენიოსმა 7 ხელოვნებათმცოდნე –  4 ევროპიდან,   2 ათენიდან, 1 ადგილობრივი  – გამოიძახა და აჩვენა ჩემი ნახელავი.   ყველამ უთხრა, მსგავსი არაფერი გვინახავსო… ისინი რომ გაისტუმრა, მითხრა, ყველამ ძალიან გაქო, მეც თანახმა ვარ, რომ ნამდვილად დიდოსტატი ხარ, მაგრამ თავში ნუ აგივარდება, თავმდაბლობა ყველას უხდებაო… ვერ მივხვდი, რატომ მეუბნებოდა ამ სიტყვებს… მერე იქვე დასძინა, წამოდი ერთ ნამუშევარს გაჩვენებ და ძალიან მაინტერესებს შენი აზრიო…
ეკლესიას ირგვლივ ოთხკუთხედად გალავანივით კელიები აქვს, – სატრაპეზო და დამხმარე სათავსოები. ერთ-ერთი კელია პირადი სალოცავია. შემიყვანა კელიაში და ვხედავ, ივერიის ღვთისმშობლის ხატი ჰკიდია. აი, ნახე როგორი შარავანდედი ადგას, რას იტყვიო? მე ვუთხარი, კარგია, ცუდი არ არის და სხვა რა ვთქვა-მეთქი. არ გემეტება, სხვაც რომ აქოო? მემეტება, მაგრამ ჩემი გაკეთებულია და როგორ შევაქო-მეთქი? გაოგნდა, რანაირადო? ვუთხარი,  გვარი აწერია შარავანდს, თუ არ გჯერა, ნახე-მეთქი.

„წინაპარი“

ხატის შარავანდს 2 მილიმეტრის სისქის სიბრტყეზე ჩემი გვარი და სახელი გაოგნებულმა წაიკითხა.
მონასტერში 6 თვე ვცხოვრობდი და იქვე ვმუშაობდი.
ახალგაზრდა წინამძღვარი ხშირად შემოდიოდა სახელოსნოში და თვალს ადევნებდა სამუშაო პროცესს.
ღვთისმშობლის პერანგის ჭედვის დროს, ერთ-ერთი მოციქულის შარავანდის სისქეზე ვაწერდი ჩემი ვაჟის სახელს: ღვთისმშობლის ხატის გარშემო, ორნამენტებში 12 მოციქულის გამოსახულებაა და 10 წმინდა მამისა. ჰოდა, რამდენიმე შარავანდზე ჩემი ოჯახის წევრბის სახელები დავაწერე. მარტო გამადიდებელი შუშით თუ წაიკითხავთ.
როდესაც ავუხსენი, არაფერი მითხრა, გაბრუნდა. მეორე დღეს შემოვიდა  და მორიდებულად მითხრა: ეგებ ჩემი სახელიც მიაწეროო….
2003 წელს მეუფეობა მიანიჭეს, გახარებული ალექსანდრიის პატრიარქთან და კიდევ 12 სხვა მღვდელმთავართან ათენის მთაზე ვერტმფრენით მიფრინავდა და ხმელთაშუა ზღვაში დაიღუპა ყველა.
– თქვენი სახლის კედლები სავსეა თქვენი ნამუშევრებით, ხელოვნების შეუდარებელი ნიმუშებით… დადებითი განწყობა სუფევს ირგვლივ…
–  ჭედურობაში ურთულესია, ლითონის უფორმოდ ამოძერწვა და მასზე სახის ამოყვანა… განსაკუთრებით პატარა სახეები  სამ მეოთხედში.

იოანე ნათლისმცემელი

ჩვენს 10-კაპიკიანზე გამოსახულია ლომზე ამხედრებული წმ. მამაი – გელათის მონასტრის XI საუკუნის მოოქროვილი ვერცხლის ტონდიდან – ყველაზე ძველი და რთული ნამუშევარია.
ეს ზარდახშა კვიპროსში დავამზადე და 6 თვეს მოვუნდი. 12  მოციქული  სამ მეოთხედშია  შესრულებული. და სახურავზეც ორი გამოსახულება სამ მეოთხედშია.
არა მგონია,  დღესდღეობით, მსოფლიოს მუზეუმს ასეთი ნამუშევარი ჰქონდეს.
– მდგომარე იოანე ნათლისმცემელიც სამ მეოთხედშია შესრულებული. ურთულესია „კახელის პორტრეტი“ ღრმა თასში. ასევე კოტე ჭელიძის ესკიზების მიხედვით მოჭედილი „საიდუმლო სერობა“,  წმინდა ილია და  წმინდა გიორგი…
– გამორჩეულ მხატვრებს აქვთ უნარი, მეოთხე განზომილებიდან ჩამოტანილი შთაბეჭდილებები აქ შექმნან, მაგრამ ამ ხელოვნების ნიმუშების დამფასებელსაც უნდა ჰქონდეს „იქ“ ასვლის უნარი. ისინი აფასებენ და არწმუნებენ საზოგადოებას ამა თუ იმ მხატვრის „გენიოსობაში“, ვინაიდან  თუ იქ სხვა ფერები სუფევს…
საქართველოში ბუმბერაზი პოეტი გვყავდა – ვაჟა-ფშაველა, მას აქვს 2 სტრიქონი, რომელიც მეტყველებს, რომ ის  გადადიოდა იმ განზომილებაში, „სული ღმერთთანა.  – იქ სადაც ბრწყინვენ ციური ძალები“… იქ სხვა ფერებია, ამ დედამიწაზე, ამ განზომილებაში კი – სხვა.  შეიძლება  (თუ შევადარებთ)  უფრო მკრთალი ფერებია. მარტო ცისარტყელა გვანიშნებს „იმ“ ფერებს…
– თქვენი მოჭედილი ჯვარი სიონის საკათედრო ეკლესიაშია…
– 1978 წელს,  პატრიარქის დაკვეთით და კოტე ჭელიძის ესკიზით, შეიქმნა სპილენძის ჯვარი. ახლაც იქ დგას კვერთხზე, მოოქროვილია და ბურთულები აქვს… პატრიარქი ადრე, რელიგიურ დღესასწაულებზე, იმ ჯვრით ატარებდა  საეკლესიო მსვლელობებს…
– თქვენი ნამუშევრები უამრავ ადამიანს და თანამდებობის პირს აქვს….

მოსკოვის ოლიმპიადისთვის დამზადებული ჭედური ხელოვნების ნიმუში

– ყოფილი სსრ კავშირის დროს 5 ცალი მაინც  ამერიკის პრეზიდენტს  ჰქონდა…  ყველაზე მეტი – 8 ნამუშევარი გერმანიის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, გენშერს ჰქონდა. და ყველას წარწერა ჰქონდა: ვისგან, როდის და ვისთვის იყო განკუთვნილი.
ერთ-ერთმა პროკურორმა 28 ნამუშევარი წაიღო…  როგორც კი ოჯახში ახალი წევრი  შეეძინებოდა, მის სახელზე  ნამუშევარს მიკვეთავდა… ამბობდა, იმდენი ფული დავტოვე, შვილთაშვილებს ეყოფათ,  მაგრამ ვინ გამიხსენებს?  ეს საჩუქარი კი, ჩემი სახელით, სულ ექნებათო…
რამდენმა გვარმა შემოაღწია შუა საუკუნეებიდან, ეკლესიისთვის შეწირულ ხატებზე რომ იყო ამოტვიფრული.
შევარდნაძეს ჩემი მოჭედილი ხატები მთელ მსოფლიოში მიჰქონდა, აქ იყო ჩამოსული მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი, რამდენიმე ნამუშევარი შემიკვეთა, რომელზეც ოჯახის და და ახლო ნათესავების სახელები დამაწერინა. მერე მითხრეს, რომ 60-კაციანი წვეულება გაუმართავს, ყველა მიუყვანია ნამუშევრებთან და ამაყად უთქვამს, რომ მისი დაკვეთით ქართველმა ოსტატმა დაუმზადა ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც მომავალშიც გაახსენებენ მის გვარს.
– თქვენი ხატები  ხელოვნების უბრალო ნამუშევრები როდია… კურნავს და მადლს იღებს ადამიანი…
– მართლაც, უცნაურია, მოხსნი კედლიდან და მერე სულს აკლია, ერთხელ სახლის რემონტის დროს რომ მოვხსენით ნამუშევრები კედლიდან, მეუღლემ მითხრა, ისევ მირჩევნია დამტვერილები ეკიდოს, მისი გამოსხივება გვაკლიაო.
დედაჩემი 90 წლისა იყო, დაჯდებოდა სასტუმრო ოთახში,  ცოტას ჩათვლემდა სავარძელში და  მერე ენერგია ემატებოდა, სირბილით ჩადიოდა ეზოში.

ზარდახშა, 12 მოციქულის გამოსახულებით…

ეს ნამუშევრები მკურნალობს, მთავარია, როგორ  სიყვარულს ჩააქსოვ, რა გულით შექმნი… ღმერთი უნდა გქონდეს გულში, თუ უგულოდ მიდიხარ ეკლესიაში, გინდ შესულხარ, გინდ – არა…
ზაფხულში მოსკოვიდან  შვილიშვილი გამოგვიგზავნეს,  ბავშვს მაღალი სიცხე  მისცა… მე და ჩემმა მეუღლემ აღარ ვიცოდით,  რა გვექნა. არანაირმა წამალმა არ იმოქმედა…შეგვეშინდა, მშობლებს რა ვუთხრათ, ბავშვს რამე რომ მოუვიდესო?
ორივემ ერთად ვთხოვეთ ხატს ბავშვის გამოჯანმრთელება და შველა… ეს ღვთისმშობლის ხატი ძველი ქართული ხატების მიხედვით მოვჭედე… დილით გაიღვიძა ბავშვმა, არც სიცხე, არც არაფერი…
ოთხი თვის განმავლობაში ორჯერ ვთხოვეთ ბავშვის გამოჯანმრთელება, ორჯერვე შეგვისრულა. მერე ჩემი გოგო რომ ჩამოვიდა ბავშვის წასაყვანად, ვუთხარით, ამ ხატმა  ბავშვს უმფარველა და განკურნაო… გავატანეთ და თან დავარიგეთ, ნუ შეაწუხებ ხატს, მაგრამ თუ ძალიან დაგჭირდება, სთხოვეო… 5-6 წელი გავიდა, გოგომ მითხრა, ორჯერ ვთხოვეთ და შეგვისრულაო.
– ნებისმიერი ხატი დიდი და ნათელი ენერგეტიკით იქმნება… ვფიქრობ, არც ჩვენი ტაძრებია ამა თუ იმ ადგილას  შემთხვევით აგებული…
– მთაზე უამრავი მონასტერია აწოწოლავებული. ჩვენი ექსტრასენსი წინაპრები სპეციალურად ისეთ ადგილს პოულობდნენ, სადაც მიწიდანაც ამოდიოდა და ციდანაც ჩამოდიოდა ენერგია. როცა ეს ენერგიები ერთმანეთთან ახლოსაა, იმ ადგილას ძალის ადგილია… ასეთ   ადგილს პოულობდნენ და იქ აშენებდნენ ეკლესიას.
რუსი მეგობარი მყავდა, საელჩოში მუშაობდა, ერთხელ მთხოვა, გრემში წამომყევიო. პირველად მაშინ ვნახე გრემი, რომელიც  უზარმაზარ ქვაზე დგას, ცალკე ტაძარი დგას და გვერდით სამრეკლოა, სამრეკლო და ტაძრის ჯვარი თითქმის ერთ სიმაღლეზეა.
როგორც კი ავედი ზემოთ,  წარმოუდგენლად ამბურძგლა. ერთხელ დამავიწყდა ქუდი, რომ ავედი, ისევ ამბურძგლა… ასე განმეორდა რამდენჯერმე…
– გულნატკენი ხართ, რომ  თქვენი ხელოვნებით საქართველოში სათანადოდ არ ინტერესდებიან…

დავით აღმაშენებელი

– სამწუხაროდ, ასეა, საქართველოს მუზეუმს ბოლო 15 წლის განმავლობაში არცერთი ნამუშევარი არ შეუსყიდია. არცრთი ჩემი ნამუშევარი საქართველოს მუზეუმში არ არის… ლენინგრადის მუზეუმში 48 ცალია, ასევე –  სხვა მუზეუმებშიც….
ვფიქრობ, არ აქვს მნიშვნელობა არც გამოფენის რაოდენობას, არც იმას, სად იყო გაკეთებული, ეს ყველაფერი მეორადია, პირველადი არის ნიჭი. ნურავინ იტყვის, რომ ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი…
ვიცნობდი უნიჭიერეს ფიროსმანის ბედის  მხატვარს, გივი ფრანგიშვილს,  ვისზეც არავინ არაფერი იცის. შარშან გარდაიცვალა უბედურად და მშიერი მოკვდა…
თბილისში ცხოვრობდა ასევე  ეროვნებით ოსი ხელოვანი, ზელიმხან მაგაევი,  65 წლისამ დაიწყო ხატვა, კაციშვილი არ იცნობს და გენიოსად მოკვდა. ფანქრებით ხატავდა, ხეზეც მუშაობდა.  3 ნამუშევარი შექმნა ფერწერაში, ვცადეო, თქვა… რამდენ მხატვარს ვიცნობ და მინახავს მათი შემოქმედება, მაგრამ ზელიმხანის ნახატები  ისეთებია, ძალიანაც რომ მოინდომო, ვერ გადახატავ. ფილმი გადავიღე მასზე და დრო მოვა, ვაჩვენებ საზოგადოებას… ასე რომ, დღევანდელი საქართველო ნამდვილ ხელოვანებს არ აფასებს, მაგრამ დრო აუცილებლად იტყვის მათზე საკადრის  სიტყვას…
–  ვიცი, რომ ამჟამად დიდ ჯვარს ჭედავთ…

ჯვარი, რომელიც სიონის საკათედრო ტაძარშია…

– ახლა ვაკეთებ ამ დიდ ჯვარს. მინდა, რომ ვიდრე გადავსახლდებით იმ ქვეყნად,  ძალზე სერიოზული დავუტოვო სამშობლოს, თითქმის 3-მეტრიანია, 10 სმ აკლია. ურთულესი, მრავალფიგურიანი კომპოზიციებია.  ესკიზებია. ვნახოთ… ვფიქრობ, იმაზე ბევრად უკეთესი უნდა იყოს, რაც კვიპროსზე მოვჭედე…
წინაპრები გვასწავლიდნენ: ერთადერთი, რაც  ამქვეყნიდან მიგვაქვს, ზნეობააო. ზნეობაზეა დამოკიდებული  სულის სიმაღლეც. სამშობლოში დაბრუნების მიზეზიც გახლდათ სურვილი იმისა, რომ ჩემი ქვეყნისთვისაც რაიმე ღირებული დამეტოვებინა…
ერთადერთი ხელოვნება, რითაც დღეს შეგვიძლია მსოფლიო გავაკვირვოთ, ჭედურობაა. ხელოვნების დანარჩენი მიმართულებები, უამრავი ნიჭიერი ხელოვანის მიუხედავად, მსოფლიოს ქვეყნებს საკმარისად განვითარებული აქვს. რატომ არ ვსარგებლობთ ამ ვითარებით, არ ვიცი?!
აღმოსავლეთის ქვეყნებში ბევრია მხატვრული ლითონის ნაწარმი – ჭრიან, ფორმებს აძლევენ, ორნამენტებს უკეთებენ, მაგრამ ეს ჭედურობა არ არის. ჩვენ ფაქტობრივად ვძერწავთ. ვინმე თუ  მუშაობს სხვა ქვეყნებში, ან აქედან წასული ოსტატია, ან მათი მოსწავლეები.
სულ ორი ქარხანაა, სადაც უშვებენ საეკლესიო ნაწარმს და ლითონის პერანგებს ან თავად ხატებს: ერთი მოსკოვშია და მეორე ათენში. ორივეში მეპატიჟებოდნენ.
ათენის „კლარტესთვის“ განსაკუთრებულ ხატებს მე მიკვეთავენ, მაგრამ, ჩემი მრწამსით, რადგან ღმერთმა ნიჭი აქ მომცა, აქაურობას უნდა გამოვადგე და ვემსახურო.
რადგან დღესდღეობით ამ ხელობის მოწინავე წარმომადგენელი ვარ, სხვაგან წასვლის და დარჩენის უფლება არ მაქვს.
რაც შეეხება დღევანდელ დაფასებას, ნათქვამია, ნუ განსჯითო.  ღმერთის წინაშე სათითაოდ ვაგებთ პასუხს. მის წინაშე და სამშობლოს წინაშე მართლები უნდა ვიყოთ. ჩვენი დროც მოვა, კიდევაც იამაყებენ!..

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები