„დავით-გარეჯის დაცვა-პატრონობა ბევრადაა დამოკიდებული  სოფელ უდაბნოს სიძლიერეზე“…

ჯავახეთში, კოთელიაში, დაიბადა და გაიზარდა. თავიდან წიგნის სიყვარულის გამო  ბიბლიოთეკარობა უნდოდა, თუმცა შემდეგ – პედაგოგობა არჩია.
ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტი 1980 წელს დაამთავრა და ახალქალაქს დაუბრუნდა… ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა არაქართულ სკოლებში.

1984 წლიდან 1989 წლამდე, ახალქალაქის რაიონის სოფელ კოთელიის სკოლის დირექტორად მუშაობდა…
შემდეგ, ოჯახთან ერთად, საგარეჯოს რაიონის სოფელ უდაბნოში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც 19 წელია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობს. პედაგოგიურ ასპარეზზე მთლიანი მოღვაწეობა კი 40 წელს ითვლის და დღემდე ამ პროფესიის ერთგულია.
ამბობს, რომ უდაბნოში საქართველოს 35 რაიონიდან ჩასულმა ადამიანებმა, რომელთა უმეტესობას სვანეთიდან ჩამოსახლებულები შეადგენენ, ერთმანეთის გვერდში დგომით და გატანით, შესანიშნავი, მეგობრული გარემო შექმნეს როგორც სკოლაში, ასევე სოფელში. უდაბნოს სკოლას მრავალი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს და ამით ყველანი ამაყობენ.
მისივე თქმით, სოფელი უდაბნო სტრატეგიული მნიშვნელობის საზღვრისპირა სოფელია, და რაც მთავარია, დავით გარეჯის დაცვა-პატრონობა და მოვლა ბევრადაა დამოკიდებული  ამ სოფლის სიძლიერეზე.  რომ არა ამ სოფლის მოსახლეობისა და შემდეგ მთელი პატრიოტული ძალების, სტუდენტების აქტიურობა, შესაძლოა, სავალალოდ შედეგები დამდგარიყო. „მთელი სოფელი, განურჩევლად ასაკისა,  ერთ მუშტად იკვრებოდა, ირაზმებოდა და  მიდიოდა  გარეჯში,  იქ ჩანდა ხალხის ძალა, ეს იყო დემონსტრირება იმას, რომ ჩვენ არ დავთმობდით სიწმინდეებს“… – პედაგოგ ეთერ ანანიაშვილის პერსონა.

ახალქალაქის რაიონის სოფელ კოთელიაში დაიბადეთ. გაიზარდეთ პედაგოგების გარემოცვაში…

სოფელი უდაბნო

– საკმაოდ კარგი, მხიარული  ბავშვობა მქონდა. ვიზრდებოდი მრავალშვილიან ოჯახში.   მშობლებს რაც შეეხებათ, დედა საკმაოდ  მკაცრი იყო შვილების მიმართ, ამასთან, ძალიან მშრომელი, ყველაფერს აკეთებდა, რომ არაფერი დაგვკლებოდა. დედაჩემი მესხია,  თმოგველი, განსაკუთრებულად უყვარს რუსთაველი, თამარის ეპოქა და ზეპირად იცის იმ მხარის ხალხური ზეპირსიტყვიერებიდან ლექსები, მოთხრობები… ძალიან დიდი მონაგარი ჰყავს  – ჩვიდმეტი შვილიშვილი  და თვრამეტი შვილთაშვილი, მათაც  ასწავლის  აფორიზმებს, ძველ იგავებს.
მამა უფრო  ლმობიერი და თბილი იყო.  მართალია, დედაც იყო ჩართული ჩვენს სწავლა-განათლებაში, მაგრამ  ამ საკითხზე, ძირითადად, მაინც მამა   ზრუნავდა, მშობელთა კრებაზეც ის დადიოდა. მაშინ მამები უფრო აქტიურები იყვნენ ამ მხრივ.
სოფლის სკოლა დაამთავრეთ. პედაგოგობა რატომ აირჩიეთ?
– სკოლის პერიოდი, როგორც ყველასთვის, ჩემთვისაც ტკბილად გასახსენებელია. აქტიური მოსწავლე ვიყავი.  სოფელში საშუალო სკოლა გვქონდა, ზოგიერთი მეზობელი სოფლიდან, სადაც მხოლოდ ცხრა კლასამდე იყო სწავლება,  დამამთავრებელ კლასებში ჩვენთან დადიოდნენ ბავშვები, ამიტომ სოფლის სკოლის  კვალობაზე საკმაოდ ბევრი მოსწავლე ირიცხებოდა ჩვენს სკოლაში.

უდაბნოს სკოლა

აღსანიშნავია, რომ რაიონში ჩვენი სოფელი ერთ სულ მოსახლეზე უმაღლესი განათლებით პირველ ადგილზე იყო წლების განმავლობაში.  ბავშვობაში ბიბლიოთეკარობა მინდოდა, ვფიქრობდი, რომ ასე უფრო ბევრი წიგნის წაკითხვის, კითხვის მოყვარულ ადამიანებთან  ხშირი კონტაქტის, მათთვის ამა თუ იმ ნაწარმოების შესახებ შთაბეჭდილებების გაზიარების  მეტი შესაძლებლობა მექნებოდა. თუმცა წლები გავიდა და როდესაც პროფესიის არჩევის გადაწყვეტილება უნდა მიმეღო,  პედაგოგობა მოვისურვე. საბოლოოდ კი ისე აღმოჩნდა, რომ ხუთი დედმამიშვილიდან ოთხმა პედაგოგის პროფესია ავირჩიეთ. ალბათ ეს იმანაც განაპირობა, რომ ჩემი ბიძები და ბიცოლაც პედაგოგები იყვნენ. მასწავლებლის პროფესია პატივსაცემი და  დაფასებული იყო მაშინ.
ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტი 1980 წელს დაამთავრეთ და ახალქალაქს დაუბრუნდით… ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდით არაქართულ სკოლებში…  არ გიჭირდათ არაქართულ გარემოცვაში?
– ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ჩვენი სოფელი, კოთელია, ფაქტობრივად ერთადერთია, სადაც ეთნიკურად შერეული მოსახლეობა არ  ცხოვრობს, შესაბამისად, თავდაპირველად ბევრი სირთულე შემხვდა არაქართულ სკოლებში, პირველ რიგში სომხური ენის არცოდნის გამო.  შეიძლება ითქვას, რომ ჩემი პედაგოგიური ნათლობა პროფტექნიკურ სასწავლებელში მოხდა. თითქმის ჩემივე  ასაკის გოგო-ბიჭებისთვის უნდა მესწავლებინა ქართული ენა და ლიტერატურა.  მე, ფაქტობრივად, არ მესმოდა იმათი ენა, ისინი ქართულთან მწყრალად იყვნენ.

უდაბნოს სკოლის პედაგოგები

ამ ვითარებაში მხსნელად მომევლინა თბილისში დაბადებული,  დედით ქართველი და მამით სომეხი გოგონა, რომელიც ამ სასწავლებელში სომხურ ენას ასწავლიდა. ძალიან უყვარდა ქართული მწერლობა, მან მასწავლა სომხურად წერა-კითხვა… ძალ-ღონეს არ იშურებდა, რომ ენობრივი ბარიერი მალე გადამელახა და შედეგმაც არ დააყოვნა.  არ დაგიმალავთ და, იყო გარკვეული პროვოკაციებიც, ცხარე დისკუსიები ძველი ქართული დამწერლობის და კულტურის საკითხებთან, თუმცა  იყო ბევრი კურიოზიც, რაც ენის სრულყოფილად არ ცოდნას ახლავს თან, მიუხედავად ყველაფრისა, იქ გატარებული ორი წელიწადი მაინც ტკბილად მახსენდება.
მალე დაუბრუნდით კოთელიას, სწავლობდით მოსკოვის გერმანული ენის შემსწავლელ სამწლიან სახელმწიფო კურსებზე. პარალელურად ქართულს ასწავლიდით… გაიხსენეთ მაშინდელი კოთელია. ალბათ უწინდელთან შედარებით დაცარიელებულია ქართული მოსახლეობისგან…
–  ჩემს სკოლაში  თითო კლასში 15 -20 მოსწავლე  ყოველთვის ირიცხებოდა, შესაბამისად კლას-კომპლექტის შექმნის საჭიროება არასოდეს ყოფილა. სოფელში, ერთხანს, დაიწყო მოსახლეობის მიგრაცია, თუმცა იმ წლებში აჭარიდან ჩამოასახლეს სტიქიით დაზარალებული ოჯახები და,   ასე რომ ვთქვათ, სოფელი შეივსო.  რასაც ვაკვირდები, ჩვენდა საბედნიეროდ,  ბოლო წლებში ახალგაზრდები  სოფელში რჩებიან, ზოგიერთი მათგანი კერძო მეურნებით არის დაკავებული, ზოგიერთი უმაღლეს სასწავლებლებში მიღებულ ცოდნას უზიარებს თანასოფლელებს და პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა.
– 1984 წლიდან 1989 წლამდე კოთელიის სკოლის დირექტორად მუშაობდით… რა შეგძინათ ამ წლებმა?

„ცოცხალი ჯაჭვი“ გარეჯში

– გულწრფელად რომ გითხრათ, მარტივი არ იყო, ჯერ ჩემი ყოფილი მასწავლებლების კოლეგა გავმხდარიყავი და შემდეგ – მათივე ხელმძღვანელი. არ დამავიწყდება ის დღე, როცა ჩავატარე ე.წ. ღია გაკვეთილი და სხვებთან ერთად ჩემი ქართულის მასწავლებლები – შალვა ანანიაშვილი და გიორგი ზედგინიძეც შემობრძანდნენ კლასში. მახსოვს, თემა ილიას ,,ელეგია” იყო. შემიქეს გაკვეთილი და წარმატება მისურვეს.
უფრო რთული გამოდგა დირექტორობის ეტაპი, რადგან უნდა მომესმინა მათი გაკვეთილები და შემეფასებინა. მთელი იმ დროის განმავლობაში ჩემი ყოფილი მასწავლებლების მხრიდან ვგრძნობდი სითბოს, თანადგომას და კეთილგანწყობას.
რა პრობლემის წინაშე დგას მასწავლებელი ჯავახეთში, რომელიც რთული რეგიონია და, შესაბამისად, აქ მოღვაწეობას სირთულეც ახლავს…
– მართალია,  ჯავახეთიდან დიდი ხნის  წამოსული ვარ, მაგრამ ყოველთვის მაინტერესებს იქაური ამბები. კოთელიის მეზობლად მდებარე ერთ-ერთ  სოფელში სკოლის დირექტორი ჩემი დაა. მობილურით თუ პირადი საუბრისას, ოჯახების მოკითხვის შემდეგ, ჩვენი საერთო პროფესიის გამო, სასაუბრო მაინც სკოლა და მოსწავლეები არიან.

სკოლის პედაგოგებთან ერთად გარეჯში

სამწუხაროდ, ჯავახეთის ქართული მოსახლეობისგან იცლება სოფლები, რაც, თავისთავად, ქართულენოვან სკოლებს უქმნის პრობლემას.
– 1990 წლიდან, ოჯახთან ერთად, საცხოვრებლად საგარეჯოს რაიონის სოფელ უდაბნოში გადმოხვედით, სადაც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლობა განაგრძეთ… ჯავახეთშიც და უდაბნოშიც ქართულის მასწავლებლობა უბრალო პედაგოგობა არ არის, ტვირთიცაა… რას გაიხსენებთ უდაბნოს პედაგოგიური მოღვაწეობიდან?
– დიახ, მეუღლესთან და უფროს ქალიშვილთან, მარიამთან ერთად, საცხოვრებლად გადმოვედით საგარეჯოს რაიონის სოფელ უდაბნოში. აქ შეგვეძინა  მეორე ქალიშვილი – ნინო. იმ წელსვე დავიწყე მუშაობა ამავე სოფლის სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.
მოგეხსნებათ, 90-იანი წლები ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში საკმაოდ რთული პერიოდი იყო, სოფელიც თავისი კლიმატური პირობებით მძიმე სოციალურ გარემოს ქმნიდა. ამასთანავე, რაიონული ცენტრიდანაც საკმაოდაა დაშორებული და ეს კიდევ უფრო ართულებდა  მდგომარეობას. თუმცა, სკოლაში დამხვდა საკმაოდ თბილი გარემო, ჩემი ძმაც ამავე სკოლაში მათემატიკის მასწავლებელი და სასწავლო ნაწილის გამგე იყო. სოფელში თითქმის ყველა ახალმოსახლეები ვიყავით  და  ეს კიდევ უფრო განსაკუთრებულ ურთიერთობების აყალიბებდა ერთმანეთში.
წლების შემდეგ ვეღარც კი ვგრძნობთ, რომ საქართველოს თითქმის 35 რაიონიდან ჩამოსულები და აქ დამკვიდრებულები ვართ. მოსახლეობის უმეტესობა სვანეთიდანაა ჩამოსახლებული, სტიქიით დაზარალებული ოჯახები არიან. ვიცით ერთმანეთის გვერდში დგომა და გატანა. ჩვენი ამ სოფელში კუთხური ტრადიციები გავამთლიანეთ, შევუხამეთ ერთმანეთს და ჩამოვაყალიბეთ კარგი გარემო როგორც სკოლაში, ასევე სოფელშიც. ჩვენს სკოლას მრავალი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს და ამით ყველანი ვამაყობთ.
ოჯახი, შვილები…

შვილები – ნინო და მარიამი

– მყავს მეუღლე, ის პროფესიით ვეტერინარია,  ჩვენს სოფელში  თავისი სპეციალობით მუშაობდა წლების მანძილზე. უფროსი გოგონა – მარიამი ჟურნალისტია, უმცროსი  ნინო კი პროფესიით ფსიქოლოგი.  ახლახან დაოჯახდა. ჩემი ოჯახი თბილისში ცხოვრობს, მე სკოლას, მოსწავლეებს  ვერ ველევი, მალე 40 წელი შესრულდება, რაც პედაგოგიურ საქმიანობას ვეწევი, თუმცა ძალიან  მიძნელდება უარის თქმა იმაზე, რასაც მთელი შეგნებული ცხოვრება ვემსახურე
საზღვრის ზოლზე მდებარე სოფელში, სადაც ჯერ პოლიგონი მდებარეობდა, ცხოვრება ალბათ იოლი არაა… ამ ბოლო დროს კი სასაზღვრო პრობლემის გამო ყოველი გოჯის დაცვა-გაფრთხილების მოვალეობაც ემატება…
– სოფელი უდაბნო სტრატეგიული მნიშვნელობის საზღვრისპირა სოფელია, და რაც მთავარია, დავით გარეჯის დაცვა-პატრონობა და მოვლა ბევრადაა დამოკიდებული  ამ სოფლის სიძლიერეზე.
წლების მანძილზე, რომ არა ამ სოფლის მოსახლეობისა და შემდეგ მთელი პატრიოტული ძალების, სტუდენტების აქტიურობა, შესაძლოა, სავალალოდ შედეგები დამდგარიყო.  მაშინაც და მომდევნო წლებში  კომუნიკაცია და, შესაბამისად,  მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოების მობილიზება რთული იყო, თუმცა ყოველთვის, როცა კომპლექსის ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეები გადმოდიოდნენ და თავისუფლად  გადაადგილების მხრივ  გარკვეული შეზღუდვის დაწესების საფრთხე იდგა, მთელი სოფელი, განურჩევლად ასაკისა,  ერთ მუშტად იკვრებოდა, ირაზმებოდა და  მიდიოდა  გარეჯში,  იქ ჩანდა ხალხის ძალა, ეს იყო დემონსტრირება იმას, რომ ჩვენ არ დავთმობდით სიწმინდეებს.

ზვიად ანანიაშვილი

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ გარეჯი ჩვენთვის განსაკუთრებულად მგრძნობიარე თემაა, ჩვენი პროტესტი, არც წლების წინ და არც ახლა, არასოდეს გასცდენია მშვიდობიან ჩარჩოებს.
სხვათაშორის, მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ დავით-გარეჯის ადგილობრივი გიდი ზვიად ანანიაშვილი ჩემი ძმისშვილია, ის იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ  აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს გაჰყავდათ ბილიკები აღდგომის ტაძრის მისადგომებთან.
ბოლო დროს  განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ უდაბნოს მოსახლეობა, სრულიად საქართველო ძალ-ღონეს არ დაიშურებს წმინდა მიწის, მეორე იერუსალიმის დასაცავად. იმედი გვაქვს, რომ დავით-გარეჯის სადავო ნაწილზე  დაწყებული მოლაპარაკებები კონკრეტულ შედეგს გამოიღებს.
მასწავლებელზე ბევრადაა დამოკიდებული, თავისუფალი, ზნემაღალი და მოაზროვნე თაობა რომ გაიზარდოს… როგორი პედაგოგი სჭირდება დღეს სკოლას?
– პირველ რიგში, უნდა უყვარდეს საკუთარი პროფესია, ყველაფერ ამას მოაქვს თვითგანვითარებაზე, კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა და თავის მხრივ ამ ცოდნის მოსწავლეებისთვის გადაცემის სურვილი.
მოსწავლემ შეიძლება მოგატყუოს, რომ, მაგალითად, შეუძლოდ იყო ან მშობლებმა სტუმრად წაიყვანეს და გაკვეთილის მომზადება ვერ მოახერხა (ყველას გვითქვამს ასეთი ტყუილი ერთხელ მაინც სკოლის პერიოდში), მაგრამ მასწავლებელი მოსწავლეს ვერ მოატყუებს, ყველა ახსნილ გაკვეთილს ეტყობა, ის მთელი სულითა და გულით არის გადმოცემული თუ მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნითაა ჩატარებული. ამას, პირველ რიგში, თავად მოსწავლეებს ვერ გამოაპარებ. ამ წლებმა დამარწმუნეს იმაში, რომ პედაგოგად იბადებიან…
ერთ მასწავლებელს შეუძლია მსოფლიო შეცვალოსო, ამბობენ… რას შეცვლიდით თქვენ ირგვლივ, თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული?
– ბევრ რამეს, თუმცა, პირველ რიგში, ალბათ უმნიშვნელოვანესია, მასწავლებელს ყველა მოსწავლესთან ინდივიდუალურად მუშაობისთვის მეტი დრო ჰქონდეს, სოფლის სკოლებში უფრო ეძლევათ პედაგოგებს ამისი შესაძლებლობა, კლასებში ბავშვების რაოდენობიდან გამომდინარე, თუმცა თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში, ამის ფუფუნება არ არის, ყველა ოჯახს კი არ აქვს იმის სახსრები, რომ შვილები, დამატებით, რეპეტიტორებთან ატაროს. ყველა ბავშვში დევს რაღაც განსაკუთრებული ნიჭი, შესაძლებლობა  და, ზოგიერთ ბავშვთან შედარებით,  დიდი სამუშაოა გასაწევი, ამ ნიჭის გამოსავლენად…
დავით-გარეჯის ამბებმა სოფელ უდაბნოს მისია კიდევ უფრო გაზარდა… ალბათ   მეტი ყურადღება უნდა მიექცეს სოფელს, რომ იქ მიგრაცია შეჩერდეს…
– წლების განმავლობაში  სოფელ უდაბნოს მოსახლეობამ უამრავ ყოფით პრობლემას გაუძლო, პირველ რიგში ეს იყო წყალმომარაგების საკითხი.  მუდმივად ვიღებდით დაპირებებს, რომ უკეთესობისკენ შეიცვლებოდა რაღაც, თუმცა – ამაოდ. ალბათ  გარეჯთან სიახლოვე გვაძლევდა  მომავლის რწმენას, იმედს არ ვკარგავდით, რა თქმა უნდა, ცალკეული ოჯახები ტოვებდნენ საცხოვრებლებს და არც გაემტყუნებათ მათ, თუმცა მასობრივი მიგრაცია მაინც არ ყოფილა.
საბედნიეროდ, როგორღაც გავუძელით, ერთმანეთი გავიტანეთ.  ბოლო რამდენიმე წელია,  მდგომარეობა  უკეთესობისკენ შეიცვალა, დღეს ჩვენს სოფელს 24-საათიანი წყალმომარაგება აქვს, ნაწილობრივ გარემონტდა სკოლის შენობა, გაიხსნა საზოგადოებრივი ცენტრი, თუმცა კვლავ პრობლემად რჩება  გზის პრობლება,  განსაკუთრებით არასახარბიელოა დავით-გარეჯთან დამაკავშირებელი გზის მდგომარეობა. დარწმუნებული ვარ, ამ მონაკვეთის მოწესრიგება ერთი-ორად გაზრდის ტურისტებისა და მომლოცველების რაოდენობას.

 

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები