პაატა მგელაძე: თინა ბოკუჩავას არ ჰქონდა უფლება, ხმის დათვლის პროცედურას დასწრებოდა

“ქართულ ოცნებაში” ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურნენ. როგორც მმართველი გუნდის წევრმა, პაატა მგელაძემ განაცხადა, თინათინ ბოკუჩავა პირადობის მოწმობის არქონის გამო, უფლებამოსილი პირი არ იყო დასწრებოდა საარჩევნო უბანზე ხმის დათვლის პროცედურას, რის გამოც, მგელაძის თქმით, კომისიის წევრებმა მოითხოვეს, ოპოზიციის ლიდერს დაეტოვებინა უბანი.

“საქართველოს საარჩევნო კოდექსით, მხოლოდ ერთი დოკუმენტია, რომლითაც შესაძლებელია დაადასტურო რომელიმე ორგანიზაციის მიერ წარდგენის შემდეგ შენი პიროვნება, ეს არის საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობის მოწმობა. სამწუხაროდ, ქალბატონ თინას არ ჰქონდა არც ერთი და არც მეორე, ჰქონდა მხოლოდ პარლამენტის წევრის მოწმობა, რაც არ არის საკმარისი და რითაც ცდილობდა, კანონის გვერდის ავლით, დარჩენილიყო უბანზე. შესაბამისად, კომისიის წევრებმა, კანონის საფუძველზე, გამოაცხადეს, რომ არ დაიწყებდნენ ხმის დათვლის პროცედურას, ვიდრე ადამიანი, რომელიც არ იყო უფლებამოსილი პირი, ყოფილიყო საარჩევნო უბანზე, არ დატოვებდა შენობას. მოვიდნენ ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, რადგან ასეთ შემთხვევაში, მხოლოდ მათ აქვთ უფლება, დაატოვებინონ პიროვნებას საარჩევნო უბანი და მიუხედავად მისი საწინააღმდეგო სურვილისა, ქალბატონი გამოიყვანეს გარეთ”, – განაცხადა პაატა მგელაძემ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერს, თინათინ ბოკუჩავას ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანი სამართალდამცველებმა დაატოვებინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები