აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ადრე ფიქრობდა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის სწრაფად დასრულებას შეძლებდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამის გაკეთება არც ისე ადვილია.
როგორც მან რადიოსადგურ 77 WABC-თან ინტერვიუში აღნიშნა, მეორე საპრეზიდენტო ვადის დაწყებიდან მან შვიდი ომის დასრულება მოახერხა. მისი თქმით, ზოგიერთი მათგანი 30 წელზე მეტხანს გაგრძელდა.
ტრამპმა აღიარა, რომ ადრე ფიქრობდა, რუსეთისა და უკრაინის ომის მოგვარება მისთვის ყველაზე მარტივი იქნებოდა, რადგან კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.
თეთრი სახლის ხელმძღვანელის განცხადებით, სწორედ მაშინ, როდესაც ფიქრობს, რომ მშვიდობა ძალიან ახლოსაა, კრემლის ლიდერი უკრაინას რაკეტებითა და დრონებით ესხმის თავს.
„სინამდვილეში, ძალიან გაკვირვებული ვარ. ვთქვი, რომ ეს საქმე საკმაოდ სწრაფად მოგვარდებოდა. თუმცა, საქმე რთულია, პუტინსა და ზელენსკის შორის დიდი სიძულვილია, როგორც იცით, ბევრი მტრობა და ბევრი სისხლი დაიღვარა“, – თქვა ტრამპმა.