ვატო შაქარიშვილი: ქართველმა ხალხმა პოლიტიკური არჩევანიც გავაკეთეთ და ვთქვით, რომ აღარ გვინდა ჩვენ არავის ვასალობა და არანაირი ბატონის ქვეშ ყოფნა

ქართველმა ხალხმა არჩევანი გააკეთა საუკუნეების წინ და მას შემდეგ ამ არჩევანის ერთგულები ვართ ამ არჩევანის სულიერ და ღირებულებით ნაწილში. პოლიტიკური არჩევანიც გავაკეთეთ და ვთქვით, რომ აღარ გვინდა ჩვენ არავის ვასალობა და არანაირი ბატონის ქვეშ ყოფნა – გვინდა დამოუკიდებელი ქვეყანა, სუვერენული სახელმწიფო, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვატო შაქარიშვილმა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ განაცხადა.

მისი თქმით, გარე ძალებმა დაფინანსებით შეძლეს საზოგადოებაში იმ განწყობის შექმნა, რომ ბატონის შეცვლა არის თავისუფლება, მაგრამ უმრავლესობაში ამას ვერ ახერხებენ და ასეც გაგრძელდება.

„აბსოლუტურად დეგრადირებული, კატასტროფის წინაშე მყოფი ევროკავშირიდან მომდინარე იაფფასიანი შანტაჟი ამ არჩევანზე ვერანაირ გავლენას ვერ იქონიებს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რეალობასა და ფაქტებზეა საუბარი. ეს არის საზოგადოების სიმართლით აღჭურვა, იმიტომ რომ სწორედ საზოგადოების ინფორმირებულობა იყო ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იმისა, რომ აქამდე შეძლო ჩვენმა ქვეყანამ ამ ძალიან მასშტაბურ შანტაჟთან გამკლავება. ეს მომავალშიც ერთ-ერთი მთავარი იარაღი იქნება“, – განაცხადა შაქარიშვილმა.

მისივე თქმით, ევროკავშირში ლგბტ იდეოლოგიით ქრისტიანობის ჩანაცვლება ხდება, რაც დემოგრაფიულ კრიზისს იწვევს და მაგალითად საბერძნეთში არსებული ვითარება მოიყვანა. შაქარიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირება სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით ევროკავშირში და მაგალითად მიმდინარე წლის მეორე კვარტლის მაჩვენებლები მოიყვანა, რომელთა მიხედვითაც ევროკავშირში ეკონომიკურმა ზრდამ სულ რაღაც 0,1% შეადგინა, მაშინ, როცა საქართველოში ეს მაჩვენებელი 8%-ს შეადგენს.

„დღევანდელი ევროკავშირი ვერ პასუხობს ვერცერთ გამოწვევას, რომელიც მას უდგას. ევროკავშირი შიგნიდან განიცდის რღვევას, სერიოზულ კრიზისებს. საერთოდ აღარ წარმოადგენს მსოფლიო გეოპოლიტიკაში ანგარიშგასაწევ ძალას და თავად იშლება. ჩვენ აქ ვზრუნავთ იმაზე, რომ მათი ფული აქ შემოვიდეს ისე, რომ კონტროლირებადი იყოს, არ დაიხარჯოს დესტრუქციასა და ძალადობაზე და მათი დასაყრდენი აგენტურული ქსელი ერთხელ და სამუდამოდ განიდევნოს ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური სივრციდან“, – ამბობს შაქარიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები