ნეპალის არმიის მეთაურმა მომიტინგეებს დიალოგისკენ მოუწოდა
ნეპალის არმიის მეთაურმა მომიტინგეებს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის გზების მოსაძებნად დიალოგისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში არმიის შტაბის უფროსი, გენერალი აშოკ რაჯ სიგდელი აცხადებს, რომ სამხედროები ეროვნული ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ერთგულნი არიან.
ის ამბობს, რომ აქამდე საპროტესტო აქციების დროს სიცოცხლისა და ქონების უზარმაზარი დანაკარგი იყო და მომიტინგეებს თავშეკავებისკენ მოუწოდა.
„ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა კანონისა და წესრიგის დაცვა, ეროვნული ერთიანობის უზრუნველყოფა და სიცოცხლისა და ქონების დამატებითი დანაკარგის თავიდან აცილება“, – განაცხადა მან.
არმიის მეთაურმა ნეპალში არსებულ ვითარებას „არასასიამოვნო“ უწოდა და მომიტინგეებს დაძაბულობის ნორმალიზებისკენ მოუწოდა.
ამასთან, მან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.