„…მეც ვმოგზაურობ, ვსწავლობ, ვიცინი, ვტირი და მიყვარს“… – მომავალი მხატვარი-ილუსტრატორი, რომელიც ნიკოლოზ ბარათაშვილის „მერანს“ ჩანთით დაატარებს

სოფიო ჭელიძე – ია დიაკონიძის ნახატი

დაიბადა თბილისში, ხელოვანთა ოჯახში. 3 წლის ასაკიდან ხატავდა…. სწავლობდა თბილისის 116-ე საჯარო სკოლაში. პარალელურად, დაამთავრა თბილისის სამხატვრო სასწავლებელი (ათწლედი) ათონელზე ფერწერის განხრით.
116-ე საჯარო სკოლაში გამართულ კონკურსში, ხელოვნებაში განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულ მოსწავლეთა შორის, გადაეცა სიგელი ნომინაციაში – „საუკეთესო კომპოზიცია“; ბავშვთა მე-10 საიუბილეო გამოფენა-კონკურსში – „ოქროს პალიტრა“ დიპლომით დააჯილდოვეს.
მონაწილეობს გამოფენებში, მათ შორის, თბილისის სკოლების მიერ ნახატების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაში გაჭირვებულ ბავშვთა დასახმარებლად.
2015 წელს აირჩიეს საქართველოს ეროვნული აკადემიის „მომავლის აკადემიის“ წევრად.
უყვარს ლიტერატურა,  თბილისის საკრებულოს ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურს „თბილისის“ 2015, 2016 და 2017 მონაწილეა, ნომინაციაში: „საუკეთესო ესსე მოსწავლეთა შორის“, სამივე წელს ფინალში გავიდა.
2016 წელს მონაწილეობდა ახალგაზრდა მწერალთა კონკურსში და მიენიჭა დიპლომი მოთხრობისათვის: „საქართველო – ერთი დიდი სიყვარულის ისტორია“, 2017 წელს მხატვრული წერის ოლიმპიადაში „სენტენცია“ მიღწეული წარმატებისათვის დაჯილდოვდა ოქროს სერტიფიკატით.
2016 – 2017 წლებში მონაწილეობდა ქრისტიანული პოეზიის მე-6 და მე-7 ფესტივალებში „წმინდა ნინოს ჯვარი“. მისი ლექსები საფესტივალო კრებულში შევიდა.
წერს, ხატავს, ქმნის ილუსტრაციებს. ჟურნალ „დილასა“ და „ოლეში“ ქვეყნდება მისი ილუსტრაციები; ლიტერატურულ ჟურნალის „ოლეს“ სამხატვრო რედაქტორია.
სწავლობს თბილისის სამხატვრო აკადემიის ციფრული მედიის ფაკულტეტზე.  – სოფიო ჭელიძის პერსონა.

სოფიო – 4 წლის, ია დიაკონიძის ნახატი

– ბავშვობა ტკბილად მახსენდება, ოჯახში ყველაზე პატარა ვიყავი, ამიტომაც ძალიან მათამამებდნენ, იშვიათად მიჯავრდებოდნენ. მყავს ორი უფროსი ძმა (ჩვენ შორის ასაკობრივი განსხვავება თორმეტი და ცხრა წელია), რომლებიც მეთამაშებოდნენ და მუდმივად ჩემზე ზრუნავდნენ.  მამასთვის ყოველთვის საყვარელი „ფოფუკა“ ვიყავი, ასე მეძახდა, ბებია კი ჩემი კრიტიკოსი იყო, ხშირად მაძლევდა შენიშვნებს, ხედავდა, რომ ყველა ჩემს ქებაში იყო.
დედას არ ვცილდებოდი, განსაკუთრებულად მიყვარდა, ამიტომ ხშირად ვატარებდი დროს მის მეგობრებთან ერთად, ალბათ, ამის დამსახურებაა, რომ ადრე დავსერიოზულდი და დავიწყე ფიქრი უფრო მნიშვნელოვან თემებზე, ვიდრე ჩემი თანატოლები ფიქრობდნენ.
სამი წლის ასაკში დავიწყე ხატვა, ვბაძავდი დეიდა იას, რომელიც მხატვარია და დღეს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ცხოვრობს. იშვიათად ჩამოდიოდა საქართველოში, სულ მენატრებოდა, ულამაზესად მეჩვენებოდა, მიყვარდა, როცა ჩემს პორტრეტებს ხატავდა, საათობით ვიჯექი გატრუნული, არ ვინძრეოდი, რომ ხელი არ შემეშალა და ხატვა არ შეეწყვიტა. ზაფხულობით  თეთრიწყაროში ვისვენებდით, საიდანაც ასევე უამრავი მოგონება შემომრჩა, რადგანაც იქ ბევრი პატარა მეგობარი მყავდა და კარგად მახსოვს იქაური ბუნება, საღამოს ჩამოწოლილი ნისლი და ჩვენი ვერცხლისფერი ე. წ. „ფანრები“, რომლითაც ვინათებდით გზას, ვინაიდან იქ შუქი მუდმივად არ იყო.
ყველაზე მეტად მიყვარდა საყვარელი ადამიანების ხატვა, ვხატავდი: მამას, დედას, ძმებს, დეიდებს. ვმართავდი პატარა წარმოდგენებს, რომლებშიც ვიყავი ჟურნალისტი და ინტერვიუებს ვართმევდი გახალისებულ ბებიაჩემს. ვთამაშობდი მასწავლებლობანას, ეს ჩემი საყვარელი საქმიანობა იყო, თოჯინები კი, რომლებითაც ძალიან მდიდარი ვიყავი, დედას მათი კოლექცია აქვს,  ჩემი მოსწავლეები იყვნენ ბებიასთან ერთად.
ჩემი ჭკუით კარგი კომპოზიტორი და პიანისტიც ვიყავი და ამიტომაც დიდი მონდომებით ვასმენინებდი მეზობლებს ჩემი თითების ტყაპუნს პიანინოს კლავიშებზე, ბებიაჩემი კი ამაყად ამბობდა: „ეს გოგო ორივე ხელს ისე კარგად იყენებს დაკვრის დროს, რომ მისგან საუკეთესო პიანისტი დადგებაო“, თუმცა სერიოზულად მუსიკით არასოდეს დავინტერესებულვარ, დედაჩემს სასტიკი უარი განვუცხადე მუსიკის სწავლაზე, რასაც დღეს ძალიან ვნანობ.
თბილისის სამხატვრო სასწავლებელი (ათწლედი) ათონელზე ფერწერის განხრით დაამთავრეთ...
– რადგანაც ბავშვობიდან სულ ვხატავდი, დედაჩემმა გადაწყვიტა, სამხატვრო სასწავლებელში შევეყვანე და აქედან დაიწყო ჩემი აწ უკვე გააზრებული მოღვაწეობა ხელოვნების ამ სფეროში.
დედაჩემის დარიგებების მიუხედავად, მისაღებ გამოცდაზე მაინც ჩემებურად დავხატე, დედა შეშინდა, არ მიგიღებენო, მაგრამ მაინც ჩავირიცხე თბილისის სამხატვრო სასწავლებელში, ათონელზე, რომლის დირექტორი დღემდე არის ნოდარ მუმლაძე. ეს სასწავლებელი იმით გამოირჩევა, რომ სწავლა უფასოა და ნიჭიერ ბავშვებს შეუძლიათ სამხატვრო განათლების მიღება, თუნდაც უსახსრონი იყვნენ.
ხატვის სიყვარულს მიძლიერებდა ისიც, რომ ხელოვანთა ოჯახიდან ვიყავი. ბიძაჩემი – მიხეილ დიაკონიძე, როგორც მხატვარი, ბევრ რჩევებს მაძლევდა და ამით მეხმარებოდა სასწავლებელში სწავლის მანძილზე.
სამხატვრო სასწავლებელში გატარებული წლები დასამახსოვრებელი იყო ბრწყინვალე პედაგოგებით, რომელთა გაზრდილებიც დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწეობენ.
ჩემთვის ყველაზე საყვარელი პედაგოგი თამაზ კატუკია გახლდათ, ის არა მხოლოდ მასწავლებელი იყო ჩემთვის, არამედ მეგობარიც და მრჩეველიც,  დღესაც ხშირად ვსტუმრობ მას და რჩევებს ვეკითხები როგორც მხატვრობის განხრით, ისე ცხოვრებისეულ საკითხებშიც. ჩემი სულ პირველი პედაგოგი იყო ნათელა მაყაშვილი, საკმაოდ კოლორიტული პიროვნება, რომელიც სულ ღილებს გვახატინებდა და დღესაც ტანსაცმელის ამ დეტალზე განსაკუთებულ ყურადღებას ვამახვილებ.
მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ასევე ჩემზე ახალგაზრდა პედაგოგმა, თედო რეხვიაშვილმა, რომელიც ბევრ ჩანახატებს გვაკეთებინებდა და საინტერესო რაკურსებიდან გვასწავლიდა ხატვას. დღეს იგი ამერიკის სამხატვრო აკადემიაში სწავლობს.
ხშირად გავდიოდით ძველ თბილისში და მის ხედებს ვხატავდით, სწორედ ამ სასწავლებლის პედაგოგებმა შემაყვარეს ძველი თბილისი ისეთი, როგორიც არის. სასწავლებელში გავიცანი მრავალი საინტერესო თანატოლი, რომლებსაც განსხვავებული ხედვა და აზროვნება აქვთ, რომლებთანაც მაკავშირებს ბევრი სასიამოვნო და სახალისო მოგონება. ვაღიარებ, ხშირად ძალიან მენატრება ის გარემო, სადაც გავატარე ათი წელი, საყვარელ და უკვე ძალიან ახლო ადამიანებთან, ეს იყო ჩემი მეორე სახლი და ოჯახი, სადაც ყოველთვის მიხაროდა მისვლა და დღესაც ძალიან მიხარია.
თბილისის 116- სკოლაში, როგორც წარმატებულმა მოსწავლემ დიპლომები და სერტიფიკატები აიღეთ უცხო ენებში: რუსულსა და ინგლისურშიასევე, გქონდათ სხვა წარმატებები. 2015 წელს არჩეული იყავით საქართველოს ეროვნული აკადემიისმომავლის აკადემიისწევრადარ გიძნელდებოდათ, ხატვის პარალელურად, სხვა აქტივობები (დროის თვალსაზრისით)?
– სამხატვრო სასწავლებელთან ერთად სკოლაში სწავლა რთული იყო და დიდ ძალისხმევას მოითხოვდა, მაგრამ იმდენად მინდოდა, მშობლები და მასწავლებლები გამეხარებინა და მათ ეამაყათ ჩემით, რომ ვცდილობდი არაფერში ჩამოვრჩენილიყავი და ყველაფერი მომესწრო. თვითონ სკოლის პედაგოგებიც ხელს მიწყობდნენ, რომ მიმეღო მონაწილეობა ამა თუ იმ ღონისძიებაში და მესახელებინა ჩვენი სკოლა.
უდიდეს პატივს ვცემ  რუსულის პედაგოგს, როზა რუბენის ასულს, რომელიც გვინერგავდა არა მხოლოდ ლამაზი რუსული ენის სიყვარულს, არამედ ყველაზე მეტად პატრიოტიზმს ჩვენი ქვეყნის და ქრისტიანული რწმენის მიმართ. ახლაც მახსოვს მისი საყვარელი სიტყვები: „ადამიანი ცარიელი ადგილი არ უნდა იყოს და მან თავის კვალი უნდა დატოვოს ისტორიაში“ და „თუ არ შეგვიძლია ქვეყნის ისტორიის წიგნში ვიყოთ სიტყვები, წინადადებები, ფრაზები ან თუნდაც ასოები, სასვენი ნიშნები მაინც უნდა გავხდეთ“…
 მრავალგზის გამარჯვებული ხართ როგორც სასაკოლო, ასევე ბავშვთა საიუბილეო სამხატვრო კონკურსებშისაქველმოქმედო გამოფენებშიც მონაწილეობდითყველაზე მეტად რომელ გამოფენებზე გაამახვილებთ ყურადღებას?
–  2016  წლის შესახვედრად ჩემს მშობლიურ 116-ე საჯარო სკოლაში საშობაო-საახალწლო გამოფენა მოეწყო, სადაც გავიტანე ათზე მეტი ფერწერული ტილო და მთელი სკოლის თხოვნით ორი თვე მაინც ეკიდა ისინი კედლებზე, იმდენად მოსწონდათ, მათი ჩამოხსნის უფლებას  არ მაძლევდნენ…   რა თქმა უნდა, ეს ძალიან მიხაროდა. რამდენიმე მასწავლებელმა გამოხატა კიდეც ამ ტილოების შეძენის სურვილი, მაგრამ მე ჩემს ნახატებთან განშორება ძალიან გამიჭირდა და ამიტომაც ისინი ჩემთან დარჩნენ.
სკოლამ, იმ დროისთვის, გამოსცა ჟურნალი სასკოლო ცხოვრებაზე, სადაც შევიდა ჩემი ნამუშევრების ფოტოები. კარგად დამამახსოვრდა სამხატვრო სასწავლებელში ჩატარებული ერთი გამოფენა, რომელზეც უნდა გაგვეტანა ნამუშევრები მეგობრობის თემაზე. მე დავხატე „სამთა თათბირი“, სცენა – „ვეფხისტყაოსნიდან“, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
დედის მხრიდან გამორჩეულია მხატვარ დიაკონიძეების გვარისაქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჯგუფურ გამოფენაში თქვენი ოჯახის ყველა წევრი მონაწილეობდაგამოტანილი იყო მაია, ია და მიხეილ დიაკონიძეების სამხატვრო და ავთანდილ ჭელიძის ფოტონამუშევრები. 2015 წელს გამოიცა დედათქვენისმაია დიაკონიძის საბავშვო წიგნი: „იოცნებეთ ყველამ“ (ლექსები, მოთხრობები, გამოცანები) თქვენი ილუსტრაციებით, ხოლო 2017 წელს ზღაპრების წიგნი: „ფანქრის მთლელი“, ასევე თქვენი ილუსტრაციებით
– ბავშვობიდან იმდენად გამჯდარი და შეთვისებული მაქვს ხელოვნების მაღალი იდეალებისადმი სწრაფვა და სიყვარული, რომ ჩემი თავი სხვა გარემოში ვერც წარმომიდგენია. განსაკუთრებით დედის დამსახურებაა, რომ დღეს ვარ მხატვარი, ილუსტრატორი, მიყვარს მხატვრული ლიტერატურა. რადგანაც რთული და დამღლელი იყო სამხატვრო სასწავლებელში და სკოლაში სწავლა ერთდროულად, მინდოდა სამხატვრო სასწავლებლიდან გამოსვლა, მაგრამ დედამ სერიოზული წინააღმდეგობა გამიწია, რის გამოც მისი მადლობელი ვარ.

ეკატერინე ჭავჭავაძე და ნიკოლოზ ბარათაშვილი – სოფიო ჭელიძის ნახატი

ჩემი ხელოვანი ოჯახის დიდი სამხატვრო თუ ლიტერატურული გამოცდილების ფონზე მივიწევ წინ და ვცხოვრობ პოეზიის, მწერლობის და მხატვრობის ულამაზეს სამყაროში.
ჩემი ძმა, ავთანდილ ჭელიძე გატაცებულია ფოტოხელოვნებით, მასაც დიდი გამოცდილება დაუგროვდა და მეც მაძლევს რჩევებს ფოტოგრაფიის საკითხებში, ვინაიდან ამ საგანს ვსწავლობთ თბილისის სამხატვრო აკადემიაში.
 ვიცი, რომ უზომოდ გიყვართ ლიტერატურაზედიზედ სამჯერ თბილისის საკრებულოს ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსთბილისისფინალისტი ხართმონაწილეობდით ახალგაზრდა მწერალთა კონკურსებში, ქრისტიანული პოეზიის მეექვსე და მეშვიდე ფესტივალებში – „წმინდა ნინოს ჯვარი“… როგორ ახერხებთ ხატვის პარალელურად წერას?
– წერა პატარაობიდან მიყვარდა, ჩემთვის პატარა ჩანახატებს ვაკეთებდი, განსაკუთრებით ზაფხულში ინტენსიურად ვმუშაობდი და მერე ჩემს ბიძას, ანდროს, მამის ძმას, აწ გარდაცვლილს,  ვუკითხავდი, რომელიც ყოველთვის  ძალიან მაქებდა.
ჩემი აზრით, ბავშვისთვის ქება აუცილებელია და გარკვეული სტიმულიცაა წარმატების მოსაპოვებლად. ორი – სამი დეტექტივიც მაქვს დაწერილი, რომელთა გამოქვეყნებასაც ჯერჯერობით ვერ ვახერხებ. ერთ დეტექტივს ინტერნეტსივრცეში ვაქვეყნებდი, სხვადასხვა ეპიზოდისთვის შესაფერის სურათებს ვეძებდი და ვდებდი ტექსტთან ერთად…
მაშინ მივხვდი, სწორედ  ესაა  ილუსტრაციების შექმნის ხიბლი, რომ შეგიძლია, სხვათა თუ შენი ნააზრევი წარმოადგინო ნახატის სახით და მკითხველისთვის გახადო უფრო საინტერესო,  მით უფრო, ბავშვებისთვის.
ბავშვობისას განსაკუთრებულად მომწონდა ლამაზი ილუსტრაციებით გაფორმებული ერთი წიგნი, გერმანული ზღაპარი, ქართულად ნათარგმნი და მოგვიანებით მივხვდი, რომ ბავშვებისთვის წიგნის ვიზუალურ გაფორმებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
თქვენი, როგორც ახალგაზრდა მხატვრის ილუსტრაციები, ქვეყნდება როგორცდილაში“, ასევე ლიტერატურულ ჟურნალოლეში“, გაზეთლიტერატურულ მესხეთში“… მუშაობთ თანამედროვე რუსი მწერლების თარგმანების ილუსტრაციებზე. სამომავლოდ კვლავ აპირებთ ამ კუთხით მუშაობის გაგრძელებას?
– ბავშვობაში, როცა წიგნს ვკითხულობდი, აუცილებლად მიჩნდებოდა სურვილი, დამეხატა ის, რასაც წარმოვიდგენდი გონებაში ამა თუ იმ ეპიზოდთან დაკავშირებით, ამიტომაც დავიწყე ილუსტრაციების გაკეთება, მათ შორის, პირველი იყო „მერი პოპინსი“, „ნაცარქექია“ და მათ მოჰყვა სხვები, ხოლო სკოლაში, დამამთავრებელ კლასში, როდესაც „ჯაყოს ხიზნებს“ გავდიოდით, მისი პერსონაჟების, ჩემთვის საინტერესო და გამორჩეული სახეების, დასურათება დავიწყე.
ილუსტრაციების გაკეთება საკმაოდ საინტერესო და საოცარი გრძნობაა, როდესაც, კითხვის შემდეგ, წარმოიდგენ ამა თუ იმ ყველაზე საინტერესო ეპიზოდს და შემდეგ მის ქაღალდზე გადატანას ცდილობ. სამომავლოდაც  დიდი სურვილი მაქვს, რომ განვაგრძო მოღვაწეობა ამ სფეროში და დავასურათო სხვადასხვა ნაწარმოები, განსაკუთრებით – თანამედროვე ქართველი ავტორები.
სკოლისა და სამხატვრო სასწავლებლის დამთავრებისთანავე ჩააბარეთ თბილისის სამხატვრო აკადემიის ციფრული მედიის ფაკულტეტზე. გაიმარჯვეთ შიდა საგრანტო კონკურსში და ამჟამად, როგორც პირველი კურსის წარჩინებული სტუდენტი, უფასოდ სწავლობთციფრული მედიის ფაკულტეტი რატომ აირჩიეთ და რით არის სტუდენტობის წლები გამორჩეული და საინტერესო?
– დღესდღეობით  ხელოვნების დარგებს შორის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და ყოვლისმომცველი სფეროა ციფრული მედია, მე დავინტერესდი კომპიუტერული გრაფიკით, გამიჩნდა სურვილი, გამეგო, როგორ კეთდება სარეკლამო ბანერები, ვიდეოთამაშები, მულტიპლიკაციური ფილმები, ვებგვერდები, ბუკლეტები…
დღეს მხატვრობის წინაშე სხვა მოთხოვნებია, ჩვენც მხატვრებმა ფეხი უნდა ავუწყოთ მათ. ჩემი არჩევანით ვცდილობ დავაბალანსო მხატვრობაში უკვე მიღებული კლასიკური განათლება და თანამედროვე მხატვრობა, თავისი ახალი ხედვებით, მიღწევებით. თუ ეს გამომივა, მოხარული ვიქნები. ამდენად, ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ  ეს ფაკულტეტი ავირჩიე, ჩემი თანატოლებიც, ვინც ჩემთან ერთად სწავლობს, მონდომებულები არიან, ისწავლონ, შეიმეცნონ, შექმნან რაღაც ახალი.
პროფესიონალი ლექტორები გვასწავლიან, რაც ყოველდღიურად მეტი და მეტი ცოდნის მიღების და დაგროვების საშუალებას მაძლევს. სტუდენტური წლები ისეთივე დატვირთული მაქვს, როგორც სკოლის წლები, ვინაიდან გრანტს სჭირდება შენარჩუნება, ამიტომ მუდმივად სწავლაზე და მაღალ ქულებზე უნდა იყო ორიენტირებული. ამასთან, ცოდნის მიღების წყურვილიც არ მაკლია. მაინც ვახერხებ მეგობრების მონახულებას, ისინი სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში სწავლობენ, ჩვენ ერთმანეთს ვუზიარებთ და ვასწავლით ბევრ ახალს.
ხოლო სამხატვრო აკადემიაში გატარებული ყოველი დღე საკმაოდ სახალისოა, მით უმეტეს, როდესაც კარგი ჯგუფელი მეგობრები გყავს და შენი ერთ-ერთი ლექტორია ივანე ჯავახიშვილის შვილიშვილი – თარხუჯ ჯავახიშვილი, რითიც ძალიან ვამაყობ და ამის შესახებ ყველას ვუყვები.
გვიამბეთ მშობლებზე, ძმებზე
– ვამაყობ ჩემი ოჯახით. მოხარული ვარ, რომ მყავს ორი უფროსი ძმა, რომლებისგანაც ვსწავლობ ბევრ რამეს, ისინი ყოველთვის ჩემს გვერდით არიან და შემიძლია ყოველთვის დავეყრდნო მათ.
უფროსი ძმა, ავთანდილი, მუშაობს შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში მრჩევლად, ის თავისი დარგში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია საქართველოში, მუშაობს საბაჟო საკითხებზე, როგორც ზევით აღვნიშნე, გატაცებულია ფოტოგრაფიით, სამსახურიდან ხშირად უხდება უცხოეთში წასვლა, საიდანაც ჩამოაქვს ჩემთვის საჩუქრები და ამით მანებივრებს.
მეორე ძმა, ლევანიც შემოსავლების სამსახურის იურიდიულ დეპარტამენტში მუშაობს, ისიც საერთაშორისო საკითხებზე, მას მივმართავ ყოველთვის, როცა რამე კითხვა მიჩნდება და დახმარება მჭირდება. ორივე ძმა ბრწყინვალედ ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს და მეც მასწავლეს.
მამა  ეკონომისტია და ამ განხრით მუშაობს, ამავე დროს ის პროფესორი, დოქტორია და ლექციებს კითხულობს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახლობის უნივერსიტეტში, ის მრავალი სამეცნიერო შრომისა და სტატიიის ავტორია, ისევე როგორც დედა. ისიც განათლებით ეკონომისტია, პედაგოგი, ჟურნალისტი. ამავე დროს,  პოეტი, მწერალი, მხატვარი. მისგან ბევრ რამეს ვსწავლობ, ის ყველაზე დიდი დამხმარეა ჩემს ცხოვრებაში. განსაკუთრებულად მიყვარს დედაჩემის გამონათქვამები, მათ შორის, ბევრი იმერულია, რომელთა გაგონებაზეც გვარიანად ვიცინი ხოლმე,  ერთი პერიოდი ვიწერდი კიდეც მათ.
დედაც და მამაც თბილისელები არიან, თუმცა წარმოშობით დედა იმერელია, მამა – გურულია, სოფელი ბახვიდან, გეცოდინებათ, ეს ისტორიული სოფელია, იქ მრავალი ცნობილი ადამიანი დაიბადა: გაბრიელ ქიქოძე – იმერეთის ეპისკოპოსი, დიმიტრი შევარდნაძე – მხატვარი, შალვა ქიქოძე – მხატვარი, გრაფიკოსი, გერონტი ქიქოძე – მწერალი, მთარგმნელი, კრიტიკოსი, დავით ანდღულაძე – მომღერალი, ნინო ნაკაშიძე – მწერალი, ვახტანგ ჭელიძე – „ქართლის ცხოვრების ქრონიკების“ ავტორი, შექსპირის მთარგმნელი კი  ჩვენი ნათესავია, რითაც ძალიან ვამაყობ. პატარაობისას ზაფხულში ხშირად დავდიოდით გურიაში, განსაკუთრებულად დამამახსოვრდა გურულების სიმკვირცხლე, ხუმრობა და ენაკვიმატობა, რომლებიც მეც გამომყვა.
ჰობი
– ჩემი ჰობია მხატვრული ლიტერატურის კითხვა, უამისოდ  ჩემი თავი ვერც წარმომიდგენია. ძალიან მიყვარს: მიხეილ ჯავახიშვილი, ნიკო ლორთქიფანიძე, ნოდარ დუმბაძე,  უცხოელი ავტორებიდან: ჰერმან ჰესე, ფრანც კაფკა, დოსტოევსკი, გოეთე…
ბოლო ზარზე ჩემი პერანგი გავაფორმე ჰერმან ჰესეს „ტრამალის მგელის“ ილუსტრაციით, რომელიც ბიძაჩემმა დამიხატა, დღესაც ხშირად გამოვიღებ ხოლმე კარადიდან და ვუყურებ. ეს ნაწარმოები ჩემი შთაგონების წყაროა გოეთეს „ფაუსტთან“ ერთად.  ვფიქრობ, ნებისმიერ ადამიანს ცხოვრებაში განვითარებისა და საკუთარ თავზე მუშაობისთვის სჭირდება მხატვრული ლიტერატურა, ე. ი. კარგი, მდიდარი ბიბლიოთეკა. წიგნების წყალობით, ჩემს თავს ბედნიერ ადამიანად ვთვლი, რადგან საყვარელ პერსონაჟებთან ერთად მეც ვმოგზაურობ, ვსწავლობ, ვიცინი, ვტირი და მიყვარს.
რას იტყოდით თქვენი თაობის ახალგაზრდებზე?
–  ჩემი თაობის ახალგაზრდები საკმაოდ განვითარებულები, საღად მოაზროვნეები, განათლებულები და კრეატიულები არიან, რაც ვფიქრობ, ნებისმიერი ერის სიმდიდრე უნდა იყოს. მათი აზროვნება და აღქმის არეალი არ არის ვიწრო და მოქცეული რაღაც ჩარჩოებში.
ჩვენ, – საქართველოს ახალგაზრდების ერთ-ერთი წარმომადგენელი ხომ მეც ვარ, – იმედით გავყურებთ მომავალს და აუცილებლად ჩვენს კვალს დავტოვებთ, იმიტომ რომ ჩვენი დიდი პოეტის, ნიკოლოზ ბარათაშვილის სულიერი და ფიზიკური შვილები ვართ, მისი შთამომავლები და გულზე გვაწერია: „ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულისკვეთება“.
ჩვენც შევძლებთ, გადავლახოთ ბედის „სამზღვარი“ და ერი განვითარების გზაზე დავაყენოთ…
 ამჟამად რაზე მუშაობთსამომავლო  გეგმები
– ამჟამად და ყოველთვის საკუთარი თავის განვითარებაზე ვმუშაობ,  მხატვრობაში ვარ ჩემი სტილის ძიებაში, პარალელურად ვასურათებ თანამედროვე რუსი მწერლების ნაწარმოებებს, ვარ ლიტერატურულ ჟურნალ „ოლეს“ სამხატვრო რედაქტორი, ვსწავლობ სამხატვრო აკადემიის პირველ კურსზე და უახლოეს მომავალში ჩემი სამხატვრო ნამუშევრების გამოფენის მოწყობას ვაპირებ.
ზოგჯერ  ცუდ ხასიათზე ვარ, მაშინვე ჩემი ხელჩანთის პატარა ჯიბიდან გაცრეცილ, ოთხად მოკეცილ ქაღალდს ამოვიღებ ხოლმე, ფრთხილად გავშლი და ზედ ჩემი ხელით გადაწერილ ნიკოლოზ ბარათაშვილის „მერანს“ ვკითხულობ. ნელ-ნელა ძალები მემატება, ჩემს წარმოდგენაში ჯერ ცოცვას ვიწყებ, მერე მივფორთხავ, წელში ვსწორდები, მივაბიჯებ, ტემპს ვუმატებ, მერე გავრბივარ, ბოლოს მივფრინავ ამ სამყაროს უკიდეგანო სივრცეებში, იმიტომ რომ მთელი ქვეყნიერება ჩემია… ჩემთვის არ არის დაბრკოლებები, ვხვდები, რომ ყველა სიძნელეს დავძლევ, გადავლახავ და აუცილებლად გავიმარჯვებ. ამიტომ სიძნელეების წინაშე ქედს არასოდეს ვიხრი.
 თქვენი ერთი ლექსი...

  –  ჩემს ბებიას!

რატომ უნდა გვჭირდებოდეს ნატვრა?
ღმერთს ხომ ჩვენი უსიტყვოდაც ესმის,
ჩვენს გულებში რჩება რჩეულ კადრად,
თანამგრძნობი კაცისაც და ღმერთის,
ვისაც ღამით სულ არ სძინავს ფიქრით,
ცდილობს, ყველას  ცოტა მაინც არგოს,
რატომ უნდა გვჭირდებოდეს ნატვრა?!
იქნებ, ყველამ ერთი ნაძვი დავრგოთ,
რომ შეისხას ოცნებებმა ფრთები,
თორემ მერე არ აღმოჩნდეს გვიან,
ნატვრის მარცვლით დახუნძლული ნაძვის
ქვეშ ბებიას, მადლით სავსეს, სძინავს.

 

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები