ვინ არის “რომის პაპის” ქართველი მცველი – “ჯუდ ლოუ ძალიან მხიარული და კომუნიკაბელურია”

“ოსკაროსანი” რეჟისორის, პაოლო სორენტინოს ცნობილი სერიალი – „ახალგაზრდა პაპი“ ძალიან პოპულარულია მსოფლიოში.
მაყურებელთა დიდმა ნაწილმა არ იცის, რომ ფილმში პაპის დაცვის უფროსს ჩვენი თანამემამულე – ზურა მჭედლიძე ასახიერებს. მას საერთო სცენებში იღებენ მსოფლიო ვარსკვლავებთან – ჯუდ ლოუსა და ჯონ მალკოვიჩთან ერთად. რამდენიმე წელია, რაც ზურა იტალიაში საფეხბურთო კლუბ „რომას“ აკადემიაში ბავშვთა გუნდ „ლა სალის“ ფეხბურთელებს ზრდის. მისი კინოთავგადასავალიც ფეხბურთიდან იღებს სათავეს.
როგორ მოხვდა გადასაღებ მოედანზე , ამის შესახებ ის გაზეთ “კვირის პალიტრასთან” საუბრობს.
​“სტადიონზე ვარჯიშის ჩასატარებლად ვემზადებოდი, ფოტოკამერიანი ახალგაზრდები რომ მომიახლოვდნენ – თუ შეიძლება, გადაგიღებთო.თურმე, პაოლო სორენტინოს ჩაუვლია სტადიონთან, ჩემი ტიპაჟით დაინტერესებულა და ფოტოგრაფები გამოუგზავნია. მალევე დამიბარეს კასტინგზე. ეს იყო 3 წლის წინ.
მაშინ სორენტინო სილვიო ბერლუსკონის ცხოვრებაზე იღებდა ფილმს „ისინი“, სადაც ეპიზოდური როლი – რეჟისორის ასისტენტის როლი ვითამაშე. მას შემდეგ გავიდა დრო და სორენტინომ კასტინგზე დამიბარა – ჩამაცვეს კოსტიუმი და ამიხსნეს, რა როგორ შემესრულებინა. მოკლედ, პაპის დაცვის უფროსის როლის შემსრულებელი გავხდი. რამდენიმე სცენაში მიღებენ როგორც ჯუდ ლოუსთან, ასევე – ჯონ მალკოვიჩთან.
ჯონ მალკოვიჩთან სცენაში ყურსასმენში ვიღებ ინფორმაციას, რომ პაპს საფრთხე ემუქრება – მან ხელში ბავშვი უნდა აიყვანოს და ამ დროს ბრძანებას გავცემ – ყველა მზადყოფნაში იყავით, საფრთხეა მოსალოდნელი-მეთქი. ეს სცენა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და სულ კამათობდნენ, როგორ დაედგათ. რაღაც მომენტში სორენტინო მიყურებდა – ვიფიქრე, ეტყობა, რაღაც შემეშალა და კადრი გავაფუჭე-მეთქი. ამ დროს მომიახლოვდა, თითებს შორის სიგარა ჰქონდა გაჩრილი და მეუბნება – კომპლიმენტი უნდა გითხრა, ძალიან კარგად ითამაშეო. ამხელა რეჟისორისგან ასეთი სიტყვები ჩემთვის ბევრს ნიშნავს, მით უმეტეს, ის იშვიათად აქებს მსახიობს. როდესაც მალკოვიჩმა გაიგო,რომ საქართველოდან ვარ, მითხრა, საოცარი ქვეყნიდან ხარ, საქართველოში კარგი ხალხი ცხოვრობს, ლამაზი ტრადიციები გაქვთო. ჯუდ ლოუ ძალიან მხიარული და კომუნიკაბელურია. როგორც კი კამერა გამოირთვებოდა, ყველასთან ასწრებდა გასაუბრებას, გვაცინებდა და სორენტინო ყვიროდა – სიწყნარეო”, – ამბობს ზურა მჭედლიძე.
გამოცემასთან ის რომში ჩასვლის ისტორიასაც იხსენებს.
“2013 წელს…8 წლის რომ ვიყავი, სკოლაში გაკვეთილზე ტრენერი შემოვიდა – აბა, ვის უნდა ფეხბურთზე სიარულიო. რატომღაც ხელი ავწიე. პირველ ვარჯიშზე რომ მივედი, ბავშვები ამობდნენ – დღეს მაგარი თამაშიაო. ვარჯიშიდან დაბრუნებულმა ტელევიზორი ჩავრთე და ვნახე, როგორ თამაშობდა იტალიის ნაკრები. იმ დღიდან “მოვიწამლე” იტალიური ფეხბურთით. მომეცა თუ არა აქეთ წამოსვლის საშუალება,წამოვედი. მაშინ 31 წლის ვიყავი. თბილისში 18 წლამდე ფეხბურთს ვთამაშობდი, ახალგაზრდულ ნაკრებშიც ვიყავი გამოძახებული, მაგრამ ფეხი მოვიტეხე და… ფიზკულტურის ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ შევქმენი საფეხბურთო კლუბი…იტალიაში ჩასულმა ნელ-ნელა დავიწყე თამაში და მოვხვდი მოყვარულთა ჩემპიონატში, მალე ჩემპიონიც გავხდი – პლუს საუკეთესო მეკარედაც დამასახელეს. ფეხბურთელთა შორის ერთ-ერთი მწვრთნელი აღმოჩნდა და შემომთავაზა, პრაქტიკა გამევლო. სტადიონზე პირველად პატარა მეკარეებთან მივედი. ჩვენს ვარჯიშს კლუბის ხელმძღვანელმა, ენცო პანიკომ მიაქცია ყურადღება, მოეწონა ჩემი მიდგომა, ვარჯიშის სტილი და შემომთავაზა, ჩვენი ბავშვების მწვრთნელად დარჩიო. მათთან საუკეთესო ურთიერთობა მაქვს. ამას წინათ გასახდელში მესმოდა, სხვა გუნდელებს ეუბნებოდნენ – ჩვენს ქართველ მწვრთნელ ზურას რამხელა წარმატება აქვსო“, – აღნიშნავს ზურა მჭედლიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები