“გამორიცხავენ, რომ ეს დანაშაული ერთ კაცს ჩაედინა” – ყანდაურაში მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები

“უკვე არსებობს სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი ინფორმაცია, რითაც დადგინდა, რომ ტრაგედიის ადგილას ორ სხვადასხვა იარაღს ისროდნენ, ამიტომ გამორიცხავენ, რომ ეს დანაშაული ერთ კაცს ჩაედინა”, – ამის შესახებ გაზეთი “კვირის პალიტრა” საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში მომხდარ საზარელ მკვლელობასთან დაკავშირებით წერს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, სავარაუდოდ, დამნაშავემ თან წაიღო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი იარაღი კი ამოღებულია. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია ნიღბებიც.
“მართალია, თავდაპირველად, სამართალდამცავებმა 85 წლის ომარ გამყრელიძე დააკავეს, მაგრამ ირკვევა, რომ ამ შემზარავ დანაშაულთან დაკავშირებით ძალოვანები კიდევ ერთ პირს, ომარ გამყრელიძის ვაჟს, ყოფილ სპეცრაზმელ ნოდარ გამყრელიძეს ეძებენ. უკვე დაკავებულია ნოდარის ვაჟი, 22 წლის ომარ გამყრელიძე. მას იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდება აქვს წარდგენილი. ჩვენი ინფორმაციით, ის დანაშაულის ჩადენის მეორე დღესვე დააკავეს, რასაც არ ახმაურებდნენ. არსებული ინფორმაციით, მისი დაკავების მიზეზი მამაზე, ნოდარ გამყრელიძეზე ინფორმაციის მიღებაა. ამ ტრაგედიის შემდეგ ის სოფელში არ ჩასულა, ომარი-უმცროსი კი სოფელში ამბობდა, რომ მამა რუსეთში აპირებდა წასვლას – ორი დღის წინაც მაჩვენა, პასპორტში ვიზა რომ ჰქონდა ჩარტყმულიო. შს სამინისტროს ინფორმაციით, მას საზღვარი არ გადაუკვეთავს, თუმცა მოსახლეობა არ გამორიცხავს, რომ ოკუპირებული ტერიტორიიდან გადავიდა რუსეთში. სამართალდამცავები მას ეძებენ ყველგან, განსაკუთრებით – ყანდაურას ტერიტორიაზე, ტყეებშიც კი”, – წერს “კვირის პალიტრა”.
ომარ გამყრელიძის მოკლული რძლის, ლელას ძმის ოჯახსაც არა აქვს კითხვაზე პასუხი, რას შეეწირა ქალი. ლელას ძმის ცოლი:
„ნოდარს რომ ეძებენ, მეც ტელევიზიით მოვისმინე. ის სულ რამდენჯერმე მყავს ნანახი. როგორც ვიცი, და-ძმებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და ამიტომ მიჭირს დაჯერება, რომ ეს ნოდარმა ჩაიდინა. ნორმალური ადამიანს შთაბეჭდილებას ტოვებდა. არც კონფლიქტი ჰქონიათ. ლელას არასოდეს უთქვამს, რომ უთანხმოება ჰქონდათ მაზლთან, დედამთილსა თუ მამამთილთან. მამა-შვილს შორის მიწასა და სახლზე რომ იყო დავა, ვიცი, მაგრამ მერე მორიგდნენ“, -აცხადებს ერთ-ერთი გარდაცვლილის ძმის ცოლი.
მომხდართან დაკავშირებით დაკავებული 85 წლის ომარ გამყრელიძის ადვოკატი, ირინა იჩუკაიძე საქმის დეტალებს ისევ არ ახმაურებს, მხოლოდ იმას ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი უდანაშაულოა. “არსებული ერთ-ერთი ვერსიით, თითქოს, რძალს უნდოდა, დარჩენოდა ქონება და ამის გამო დახოცეს ისინი, მედიით გავიგე უამრავ სხვა ვერსიასთან ერთად, რომელიც ვრცელდება. მე ვერც შვილიშვილის დაკავებაზე გეტყვით ვერაფერს, მისი ბრალეულობა არ არის ჩემთვის ცნობილი. ომარ გამყრელიძე არ აღიარებს დანაშაულს. ფაქტობრივ გარემოებებზე კი ვერ ვილაპარაკებ, ჯერ ექსპერტიზის დასკვნებიც კი არ მაქვს. ისიც არ ვიცი, უტარდება თუ არა ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა”, – აცხადებს ადვოკატი.

წყარო: გაზეთი “კვირის პალიტრა”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები