ზაურ გუმაშვილი: პროცესებს რომელიღაცა ძალა მართავს და ეს ის ხალხია, რომელიც ხეობის უხუცესებს არ უსმენს

0

პანკისის ხეობის უხუცესი, ზაურ გუმაშვილი ბირკიანში მომხდარ დაპირისპირებას “გაურკვეველი ჯგუფის მიერ მართულს” უწოდებს.
მისი თქმით, მოსახლეობის ნაწილისთვის მისაღებია ხუთმეგავატიანი ჰესის მშენებლობა.
“ამ პროექტს უარყოფითი შედეგი რომ არ მოჰყვება, ყველამ კარგად ვიცით. იმ შემთხვევაში, თუ ხეობას პრობლემას შეუქმნიდა, ერთი წუთითაც არ დავიხევდით უკან. პატარა ჰესის მშენებლობა არ არის ისეთი მასშტაბური, რომ რაიმე ზიანი მოიტანოს, მით უმეტეს, როდესაც სახელმწიფოს ინტერესებში შედის. ჩვენ, უხუცესების კავშირის წარმომადგენლები, ამ პოზიციაზე ვდგავარ! რაც შეეხება მომხდარს – ამ პროცესებს რომელიღაცა ძალა მართავს და ეს ის ხალხია, რომელიც ხეობის უხუცესებს არ უსმენს. საქმე პატრიოტობას ეხება – ეს ტვირთი ათწლეულობით გვიტარებია და ვინც ამის წინააღმდეგ გამოდის, ხეობაზე გული არ შესტკივა”, – აცხადებს გუმაშვილი “კვირის პალიტრასთან”.
მისი თქმით, პანკისელების უმრავლესობა ჰესის მშენებლობას არ ეწინააღმდეგება და ვითარება მართულმა ჯგუფებმა დაძაბეს.
“კონკრეტულად ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, პროცესებს ვიღაც მართავს. დაძაბულობა არ აწყობს არც ხელისუფლებას და არც –  პანკისელებს. ჩვენ ინტერესებში ეს არ შედის”, – აღნიშნავს ზაურ გუმაშვილი.

კომენტარები

კომენტარი