“ჩემო შაკო, მალე გამოგყვები” – დეტალები 15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის შესახებ

0

“ჩემო შაკო, მალე გამოგყვები მა…”,_ წერს “ფეისბუკის” გვერდზე მარტვილში გარდაცვლილი ბიჭის მამა და თავისი შვილების ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ბიჭები ცეკვავენ. თვითმკვლელობის მიზეზებზე რა ვერსიები აქვს შაკო ნაჭყებიას მამას, ეს ალბათ მან პოლიციას უთხრა. 20 აპრილს სამართალდამცავებმა დაკითხეს პოლიციის შენობაში 15 წლის მოზარდის მამა. ასევე დაკითხულები არიან სკოლის დირექტორი, კლასის დამრიგებელი, თანაკლასელები და ის ადამიანები, ვინც სიკვდილამდე მოზარდი ნახა. საქმეზე გამოძიება 115-ე მუხლით, თვითმკვლელობით აღიძრა.
სკოლიდან დაბრუნებულმა ძმამ ნახა შაკო ეზოში თოკით ჩამოკიდებული. შემდეგ მეზობლებმა ჩამოხსნეს და პოლიცია გამოიძახეს. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. ექსპერტიზის დასკვნით გაირკვევა ხომ არ იყო ბიჭი ძალადობის მსხვერპლი და ხომ არ აქვს სხეულზე რაიმე სახის დაზიანება.
თვითმკვლელობის მიზეზებზე საუბარი უჭირთ პედაგოგებსაც. მათი თქმით, შაკოს მესამე გაკვეთილზე მოაკითხა მამამ და კლასის დამრიგებელს უთხრა, რომ შვილი აცრის ჩასატარებლად პოლიკლინიკაში მიყავდა. მამა სკოლის დირექტორსაც გაესაუბრა. ამის შემდეგ მამა-შვილი სკოლის შენობიდან გავიდა. ერთ-ერთი ვერსიით, მამამ შვილს სკოლაში შენიშვნა მისცა, რადგან მასწავლებელმა უთხრა მამას, რომ მის შვილს მეტი შეეძლო. ამბობენ, რომ მამის ნათქვამი შეურაცხყოფად მიიღო შვილმა. თუმცა მას არ ადასტურებენ სკოლაში. პედაგოგების და სკოლის დირექტორი კატეგორიულად გამორიცხავს სკოლაში მამა-შვილს შორის რაიმე სახის ინციდენტს. 
მათი თქმით,მამა- შვილი მშვიდად გავიდნენ შენობიდან. ამას ადასტურებს სკოლის სათვალთვალო კამერებიც. დადგენილია, რომ მამას შვილი იმ დღეს პოლიკლინიკაში არ მიუყვანია. ეს მიზეზიც განმარტა მამამ, ის ამბობს, რომ ბავშვის დაბადების მოწმობა სახლში დარჩათ და საბუთის გარეშე კლინიკაში მიყვანას აზრი აღარ ჰქონდა.
ის რომ შაკო სახლში მარტო მივიდა, ამას ადასტურებენ მეზობლები. მან ჯერ მეზობლად მცხოვრებ თანაკლასელს გაუარა სახლში და ქართულის წიგნი სთხოვა. როგორც ეს ბავშვი ამბობს, არანაირი აღელვება მას შაკოსთვის არ შეუტყვია. ხელში პური ეჭირა, ამ დროს სახლში ცხელ პურებს აცხობდა დედაჩემი და დავპატიჟე შემოსულიყო და ერთად გვეჭამა, მაგრამ მითხრა, რომ არ შიოდა, წავიდა სახლში და მითხრა, საღამოს მოვიდოდა წიგნს მომიტანდა და ცოტას ვიჭორავებდით. Aმის შემდეგ გავიგე ეს საშინელი ამბავი, უთქვამს პედაგოგისთვის იმ თანაკლასელს, რომელიც ბოლოს შეხვდა შაკოს. თანაკლასელს ვირუსი ჰქონდა და ბოლო ორი დღე სკოლაში არ უვლია. მისთვის შაკოს ასეთი ნაბიჯი შოკისმომგვრელია.
როგორც მეზობლები ამბობენ, შაკო და მისი ძმა ყველა მეზობელს უყვარდა და ყველას ეცოდებოდა, რადგან ბიჭები დედის გარეშე იზრდებოდნენ. ოჯახი სოციალურად დაუცველია და ძალიან უჭირდათ ეკონომიურად, მაგრამ მეზობლების თქმით, ისეთი ვითარება არ იყო, რომ ბავშვს ამის გამო თავი მოეკლა.
მეზობლის მონათხრობი:
_შაკოს ბებია და ბაბუა ძალიან კარგი, პატიოსანი ხალხი იყვნენ. აქ ყველა მეზობელთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. მერე საცხოვრებლად ქუთაისში გადავიდნენ და იქ ცხოვრობდნენ, ეს სახლი დაკეტილი ჰქონდათ. მერე გელამ შეირთო ცოლი, ამბობენ თბილისში, ვაგზალზე გაიცნო ის გოგო და გაუჩნდათ ორი ბიჭი. მისი ცოლი ერთი ორჯერ თუ გვყავს სოფელში ნანახი, მერე არც გამოჩენილა. ამ საკითხზე გელას არასოდეს ვეკითხებოდით, რადგან არ უყვარდა საუბარი. ერთხელ ვკითხე და შეაგინა თავის ყოფილ ცოლს. პატარა შვილები დატოვა და ის ქალი წავიდა. მგონი შვილებს არც ახსოვთ დედა. ბავშვები ამბობდნენ დედა ციხეშიაო, მგონი ნარკოტიკებზე იხდიდა სასჯელს. ხან ამბობდნენ ვიღაც დაჭრაო. ციხიდან გამოსულია და მერე გათხოვდაო. ერთი სიტყვით არავინ იცის რეალობა ამ ქალზე. ის ვიცით რომ შვილები არასოდეს მოუკითხავს, სურვილი რომ ჰქონოდა შვილების ნახვა არ გაუჭირდებოდა, მითუმეტეს საპატრიარქოს სკოლაში იყვნენ და ნებისმიერ დროს შეეძლო ენახა შვილები. ბავშვებიც არ საუბრობდნენ დედაზე. არც კი ახსოვდათ. არ ვიცი რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება გელამ, ქუთაისიდან საცხოვრებლად მარტვილში, მშობლების სახლში დაბრუნდა და აქ მარტო ზრდიდა თავის შვილებს. მამამისი ქუთაისში ცხოვრობს, იმასაც აკითხავდა ხოლმე, ამ ამბის შემდეგ ჩამოვიდა, კაცი განადგურებულია. დადის ოთახში და მოთქვამს. ბავშვს დამტირებელიც არავინ ჰყავს. მამა, ძმა და ბაბუა არიან მხოლოდ მისი ჭირისუფალი. მთელ რაიონის სტკივა ეს ამბავი. საშინლად განიცდიან თანაკლასელები და ვინ იცის დღეში რამდენჯერ მოდიან. ყველას უყვარდა შაკო და ტრაგედიაა მისი ასეთი სიკვდილი.
_ ეკონომიურად ძალიან უჭირდათ?

_ეკონომიურად ძალიან უჭირდათ. სიდუხჭირეში ცხოვრობდნენ, მაგრამ მამა მაქსიმალურად ცდილობდა შვილების გამოკვება შეძლებოდა. ტყუილს ვერ ვიტყვი შრომა არ ეზარება. ხან მტვირთავად მუშაობდა მაღაზიაში, ხან ხის საჭრელ საამქროში, ხან ეზოს მოთოხვნაში ეხმარებოდა ხალხს, ერთი სიტყვით არანაირ სამუშაოს არ თაკილობდა. პრობლემა ის იყო მხოლოდ, რომ დალევა უყვარდა და ცუდი სიმთვრალე ჰქონდა. მე პირადად არ მინახავს ნაცემი ბავშვები, მაგრამ ამბობენ, პატარები რომ იყვნენ, შვილები რომ არ დაუჯერებდნენ მაგრა სცემდაო, ერთმა გოგომ მითხრა, ბაღში მუშაობს ის, ჩვენთან დაჰყავდა ბავშვები და მინახავს ჩალურჯებული ბავშვები რომ მოუყვანიაო. მერე უფროსი რომ წამოიზარდა ის მზრუნველობდა პატარაზე, მას დაჰყავდა ყველგან, ბაღიდან მას მოჰყავდა თავისი ძმა. ჯერ მას დააპურებდა და მერე შეჭამდა თვითონ საჭმელს. ყველას ეცოდებოდა უდედოდ დარჩენილი პატარები და ყველა უმართავდა მათ ხელს. ცოტა ამაყი კაცი კი არის მამამისი და არ მოსწონდა მეზობლებს პროდუქტები რომ მიჰქონდათ, მაგრამ ამის მიუხედავად, ახლო მეზობლები აწვდიდნენ ბავშვებს საჭმელს. თავიანთ სახლებშიც მიჰყავდათ და შვილებთან ერთად აჭმევდნენ ბავშვებს. ძალიან ცელქები იყვნენ, მაგრამ რაც დრო გადიოდა და წლები ემატებოდა, დადინჯდა შაკო. კარგი შვილი იყო. სულ მომღიმარი სახით გესალმებოდა. ბევრს უჭირს სოფლებში ეკონომიურად. ასეთ სიდუხჭირეში ბევრი ცხოვრობს, თუნდაც მარტვილში, ამიტომ არ მგონია, მას ამის გამო თავი მოეკლა.

– საპატრიარქოს სკოლიდან რატომ წამოიყვანეს?

_ პირველი და მეორე კლასამდე მეორე საჯარო სკოლაში დადიოდნენ, მერე სოფელ სალხინოში, საპატრიარქოს სკოლაში წაიყვანეს. მაშინ ითქვა, რომ ამის მიზეზი ბავშვებზე ძალადობა იყო. ნაცემი ბავშვები რამდენჯერმე რომ ნახეს მასწავლებლებმა, სთხოვეს საპატრიარქოს, წაეყვანათ ბავშვები და იქ იყვნენ მერე. პარასკევს მოჰყავდა და შაბათ კვირას სახლში ჰყავდა, ორშაბათს ისევ მიდიოდნენ. იქ ძალიან კარგი პირობებია, მაგრამ მას არ უნდოდა შვილების გარეშე რომ ყოფილიყო და ამიტომ ისევ წამოიყვანა ამ სკოლაში. ისიც თქვა სამძიმარზე მოსულმა ერთმა ქალმა, სკოლა-ინტერნატში ყოფილა შემთხვევა, როცა ნაცემი ბავშვები მოსულან და მაშინ დედაოს დაუბარებია ბავშვების მამა და უთქვამს, ეს თუ განმეორდებოდა, მას მამობის უფლებას ჩამოართმევდნენ. რომ გაიზარდნენ, მერე ფიზიკურად არ ეხებოდაო, ბოლო დროს, ნაცემი ბავშვები არ უნახავს არავის. ყველა ასე ამბობს. რა მოხდა, არ ვიცით, რატომ მოიკლა ბავშვმა თავი. წიგნი გადაუშლია და კითხულობდა ეტყობა. რატომ მოიმოქმედა ეს საშინელება, არავინ იცის. ვიწვი მისი საცოდაობით. ცოდვას ვერ ვიტყვი, რასაც შოულობდა, ყველაფერს შვილებს ახმარდა. ყიდულობდა ბავშვებისთვის ტანსაცმელებს, ვერ შეამჩნევდი, ქუჩაში რომ შეხვედროდი, რომ მათ ეკონომიურად უჭირდათ. ახლა ვერაფერს ვეკითხებით მამამისს.
მარტვილის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი მამუკა თვალაძე:
– სოციალურად დაუცველი ოჯახია, სუფთად ჩაცმული, მოწესრიგებული დაჰყავდა ბავშვები. ვიცოდით, რომ ეკონომიურად უჭირდათ და სკოლაც ეხმარებოდა.
უნიჭიერესი ბავშვი იყო, სხარტი აზროვნება ჰქონდა, საშუალო მოსწრების. მეშვიდე კლასში ჩვენთან ისევ დაბრუნდნენ.
მამამისმა მითხრა, ჩემს შვილებს დედის სითბო აკლიათ და არ მინდა, მამის სითბოს გარეშე რომ იყვნენო. არასოდეს შემიმჩნევია ბავშვებს და მამას შორის ცუდი დამოკიდებულება. აცრაზე მყავს წასაყვანიო, მეც ველაპარაკე. წყნარად წავიდნენ, არანაირი კონფლიქტი არ იყო. იმ დღეს არ მიუყვანია აცრაზე. როგორც გავიგე, სახლში დარჩა ბავშვის დაბადების მოწმობა, საბუთი კი აუცილებლად სჭირდებოდა. ბავშვი გაუშვა სახლში. მეორე ძმა რომ მივიდა სკოლიდან, იმან ნახა, რაც მოხდა. “რუსთავი 2”-ის სიუჟეტში ითქვა, თითქოს ვალი ჰქონდა ბუფეტში და კიდევ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ჩემი სიტყვები ატრიალეს, სადაც ვამბობ, რომ ერთ ბულკს იყოფდნენ ძმები, არადა, მაშინ ამით ხაზი გავუსვი მის გულკეთილობას.
რაც შეეხება ბუფეტში ნისიას, მამამისს გაფრთხილებული ჰყავდა ის ადამიანი, ჩემი შვილები რომ მოვლენ, მიეცი საჭმელიო და თვის ბოლოს ამ ვალს იხდიდა.
შაკო წრეებზე დადიოდა, ცეკვაზე, სპორტზე. განსაკუთრებით უყვარდა ფეხბურთი და უნდოდა, ფეხბურთელი გამოსულიყო. სახლში ფიზიკურადაც შრომობდა. სამწუხაროა, რაც მოხდა. შს სამინისტროში ამბობენ, რომ მამას შემაკავებელი ორდერი არასოდეს ჰქონია, რადგან ინციდენტზე პოლიციას არ ჰქონდა ინფორმაცია. სოციალური მუშაკებიც ამბობენ, რომ მათაც არანაირი შეტყობინება არ ჰქონიათ.
რა გახდა სიკვდილის მიზეზი, ეს ჯერ არავინ იცის. გამოძიება გრძელდება.

“პროგრესნიუსი”

წყარო:http://progressnews.ge

კომენტარები

კომენტარი