ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნების“ ამოცანაა, შეინარჩუნოს დამოუკიდებელი სასამართლო

0

კანონპროექტის სულისკვეთება და კანონპროექტის საბოლოო მიზანი არის, რომ ჩვენ უზენაეს სასამართლოში მივიღოთ მაღალკვალიფიციური და კეთილსინდისიერი მოსამართლეები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, კანონპროექტი ადგენს უპრეცედენტო პროცედურას.

„კიდევ ერთხელ შემიძლია, აღვნიშნო, შეგიძლიათ, ნახოთ ანალოგიური პროცედურები ევროკავშირის ყველა ქვეყანაში და იმის მეათედსაც ვერ ნახავთ, რაც არის დადგენილი ჩვენი კანონპროექტით. არის უპრეცედენტოდ ღია, გახსნილი, გამჭვირვალე, ხანგრძლივი პროცედურა და ეს ყველაფერი კეთდება, რა თქმა უნდა, შედეგისთვის. მთავარი არის შედეგი, მთავარი არის ის, რომ ჩვენ შედეგად მივიღოთ მაღალკვალიფიციური და კეთილსინდისიერი მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში. ეს არის, რა თქმა უნდა, კანონპროექტის სულისკვეთება და კანონპროექტის საბოლოო მიზანი. რაც შეეხება დასკვნებს, მოკლედ შევეხები – ჩვენ, რა თქმა უნდა, გვქონდა კონკრეტული განცხადებები ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით. ბატონმა გიგამ წარმოადგინა არასწორი ციტატა – მე განვაცხადე თავის დროზე, რომ ჩვენ გავიზიარებთ ყველა იმ შენიშვნას, რომელიც იქნება გამომდინარე კონსტიტუციის პრინციპებიდან და ზოგადად, ევროსაბჭოს რეკომენდაციებიდან. არსებობს ზოგადი პრინციპები, რომელიც აქვს შემუშავებული ევროსაბჭოს, არსებობს, ასევე, საქართველოს კონსტიტუციის პრინციპები და ჩვენ აღვნიშნეთ სწორედ ეს: თუ სადმე დაადგენდა ვენეციის კომისია წინააღმდეგობას სამართლებრივ პრინციპებთან, ამ შემთხვევაში, ჩვენ გავიზიარებდით რეკომენდაციებს. თუმცა, არ არის არც ერთი რეკომენდაცია, სადაც არის საუბარი იმაზე, რომ პროცედურის ესა თუ ის ასპექტი ეწინააღმდეგება სამართლებრივ პრინციპებს. უფრო მეტიც, ეს პროცედურა არის სრულ შესაბამისობაში და არა მარტო სრულ შესაბამისობაში სამართლებრივ პრინციპებთან, არამედ, ადგენს იმაზე ათჯერ და ასჯერ მაღალ სტანდარტს, ვიდრე არის დადგენილი ევროკავშირის ქვეყნებშიც კი და ამასთან დაკავშირებით შეიძლება ძალიან ხმამაღალი განცხადებების გაკეთება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი