უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე უმრავლესობის კანონპროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო

0

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების თაობაზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტმა პლენარულ სესიაზე დღეს მეორე მოსმენით მიიღო.

კანონპროექტს მხარი 87-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 31-მა წინააღმდეგ მისცა ხმა.

კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა და კენჭისყრა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გამოქვეყნების შემდეგ გაიმართა.

საპარლამენტო უმრავლესობამ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტში რამდენიმე შესწორება შეიტანა. კანონპროექტს ერთ-ერთი მუხლი დაემატა, სადაც აღნიშნულია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო პარლამენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ან უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარუდგენს პირს, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით მოსამართლისთვის დადგენილ საერთო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ დამატებით პირობას: არის მოქმედი მოსამართლე; არის ყოფილი მოსამართლე, რომლის სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტიდან არ გასულა 10 წელი; არის პირი, რომლის პროფესიული კვალიფიკაცია შეესაბამება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მაღალ სტატუსს.

ამასთან, პროექტში ნათქვამია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია, კანდიდატი წარადგინოს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე.

რაც შეეხება კიდევ ერთ შესწორებას, კორექტირებული ვერსიით, თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია, ის არ სარგებლობს კანდიდატების შეფასებისა და ხმის მიცემის უფლებით პროცედურის არც ერთ ეტაპზე, აგრეთვე, არ არის უფლებამოსილი, კითხვით მიმართოს კანდიდატებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მათი მოსმენისას.

კომენტარები

კომენტარი