„იქ ჩემი სახლია და როცა მინდა, მაშინ გადავალ სოხუმში, თუნდაც სიცოცხლის ფასად“…

 სოხუმში დაიბადა. მამა აფხაზეთის უშიშროების თანამშრომელი იყო, დედა – რუსული ენის ფილოლოგი.
სწავლობდ სოხუმის კომაოვის სახელობის მე-19 საშუალო სკოლაში.
1993 წელს, სოხუმის დაცემის მერე, იძულბით დატოვ აფხაზეთი.
ამჟამად 55-ე  საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგი. ამბობს, რომ სოხუმში, ბოლო წლებში, 2016 იყო. ქალაქი უსიცოცხლო, ცარიელია, ბავშვები, სართოდ, ცოტანი არიან
ამბობს, რომ მასზე რომ იყოს დამოკიდებული, განათლების სისტემას შეცვლიდა, რადგან მხოლოდ განათლებული, სწავლული, პროფესიონალი ახალგაზრდობა შეცვლის ქვეყანას სასიკეთოდ. – მასწავლებლის, შორენა ლაშხიას პერსონა.

– ყველას თავისი მშობლები ჰგონია განსაკუთრებული… ჩემები მართლა განსაკუთრებულები იყვნენ),  ტრადიციული აღზრდის მიუხედავად,  შვილებს მაინც დიდ თავისუფლებას გვაძლევდნენ. ახლა სასაცილოდ მაგონდება – მაშინ მეტად სერიოზულად ვუდგებოდი.
საკუთარი საქმე მქონდა: პურის ყიდვა, ყვავილების მოვლა, საკუთარი საწერი მაგიდისა და სათამაშოების დალაგება. ამ ,,საქმეში“ დღეში 40 კაპიკ „ხელფასს“ მიხდიდნენ. მაშინ ეს დიდი ფული იყო.  გარკვეული დროის შემდეგ ამ დანაზოგით ორბორბლიანი ველოსიპედი შევიძინე.
დრო ყველაზე ძვირფასი იყო ჩემი მშობლებისთვის და ჩვენც ამას გვასწავლიდნენ. ახალი წლისთვის განსაკუთრებით ვემზადებოდით, ეს რიტუალს ჰგავდა. საკუთარი დანაზოგით მეზობლებისთვის საჩუქრებს ვყიდულობდით. რატომ მეზობლებისთვის? არ ვიცი… შეიძლება მოყვასის პატივისცემას და თანადგომას გვაჩვევდნენ.
სწავლობდი სოხუმის კომაოვის სახელობის მე-19 საშუალო სკოლაში… 
– კლასში 45 მოსწავლე ვიყავით. დღემდე ყვლა ერთმანეთს ვეხმიანებით და  ვხვდებით. ნათელმირონობით გავამყარეთ ურთიერთობა. წელიწადში ერთხელ 45 კლასელი ვიკრიბებით და ეს 40 წლის ადამიანები მე-8 ა კლასის 15 წლის მოზარდები ვხდებით. მამა მშობელთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო და ყველა „შატალო“ ძვირი მიჯდებოდა.
დეიდა განათლების სამინისტროს ქართული ენა-ლიტერატურის მთავარი სპეციალისტი, ბიძა – მათემატიკის მასწავლებელი და…  თავს ვჭრიდი ოჯახს, თუმცა სწავლით მართლა ვსწავლობდი. მამა მედგა ძალიან გვერდში და სწავლა ჩემთვის საინტერესო იყო. ჩემი კლასელებიც  თბილად იგონებენ შოთა ბიძიას. ძალიან ვამაყობ ამით.
– 16 წლის იყავით, აფხაზეთი რომ დაიკარგა…  1993 წელს იძულბით დატოვეთ მშობლიური მხარე. ელოდით, რომ დაეცემოდა სოხუმი?
– ამ თარიღს შეგნებულად ვშლი მეხსიერებიდან, მაგრამ ვერ წავშალე… არავის ეგონა, აფხაზეთი თუ დაეცემოდა… სწავლა 15 სექტემბრისთვის გადაიტანეს. გახიზნული მოსახლეობა უკან ბრუნდებიდა, რეგიონებიდან წელიწადგაცდენილი სტუდენტობა იყრიდა თავს… მამას 10 სექტემბერს აფხაზმა მეგობარმა დაურეკა (ის კაცი ახლა თანამდებობის პირია ოკუპირებულ აფხაზეთში), ოჯახი გახიზნე და რასაც შეძლებ, წაიღეო… მარტო ერთი ფრაზა მახსივს – „კაკ ტი ოსმელ მნე ეტო სკაზატ!“… მამას არც კი უფიქრია ოჯახის გახიზვნა… გოჩა იმ დღეებში სახლში ვერ მოდიოდა, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაში ათენებდნენ ღამეებს, რაღაცას ელოდნენ ქვეცნობიერად…
მამა ბაგრამიანის ბატალიონის მებრძოლებმა დახვრიტეს.  ძმა გოჩა ჟიული შარტავასთან ერთად დაიღუპა
– 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა… 23 დღე სახლის სარდაფში… აღარ მახსოვს, როგორ აღმოვჩნდი დედულეთში, ბიძის სახლში. ვიცი, რომ გვიყიდეს. გოჩა 12 სექტემბრის მერე არ გვინახავს, მერე სოხუმიდან წერილი მივიღეთ: ჩვენ ღირსეულ მტრებსაც პატივს მივაგებთ და თქვენს ტკივილს ვიზიარებთო. დედას არ უტირია, მხოლოდ წერილი დახია…

ძმა – გოჩა, მარჯვნიდან მეოთხე

ძმა ყველაზე ბოლოს გამოათრიეს მთავრობის სახლიდან, ფეხში ყოფილა დაჭრილი. ხეზე მიაბეს და ,,მუხით“ ააფეთქეს… გოჩა ბოლო ფოტოზე მთავრობის სახლშია გადაღებული თბილისელ ბიჭებთან ერთად. ერთი წლის წინ მომიტანა თანამშრომელმა თამუნა რამიშვილმა. შემთხვევით აღმოვაჩინეთ, რომ მისი ძმა ამ დღეს გაეცნო ჟიულის ბიჭებს.
– სოხუმში ახერხებთ ხოლმე ჩასვლას… თქვენი სახლი როგორ დაგხვდათ?
– სოხუმში ბოლოს 2016 ვიყავი. წელსაც ვაპირებ. ერთ სახლში საავადმყოფოს მთავარი ექიმი ცხოვრობს და მამის საფლავს უვლის. ძმის საფლავი არ გვაქვს. სხვა სახლებში მამის ნათლულები, აფხაზები ცხოვრობენ.
განცდა არ მქონია საერთოდ. სული მეყინება, იქ რომ ვარ. განცდა აქ მეწყება, თბილისში მობრუნებულს… ერთი კვირა მაინც მჭირდება, თავი ხელში ავიყვანო და ჩვეულ რუტინას დავუბრუნდე… ამ მდგომარეობას სახელი არა აქვს…
– კომაროვის სახელობის სკოლა სოხუმში

კომაროვის სკოლა სოხუმში

– ისევ არის ჩემი სკოლა, ოღონდ ქართველი ბავშვები აღარ არიან… ბავშვები, იქ, საერთოდ, ცოტანი არიან…
დენდროპარკი ისევ არის?
– არის… ოღონდ მცენარეები გააფუჭა ფაროსანამ და ცუდ დღეშია… პალმებს ჭია შეესია და ჭრიან. ფარშევანგები აღარ არიან, მხოლოდ მცენარეებია და ისიც მოუვლელი…
და სოხუმში შესვლა არ გაგიჭირდათ? ქართველები გადასვლას ახერხებენ?
– იქ ჩემი სახლია და როცა მინდა, მაშინ გადავალ, თუნდაც სიცოცხლის ფასად. არა, ქართველებს უჭირთ ახლა… განსაკუთრებით გალის მოსახლეობას, ვეღარ გადადის…
როგორია დღევანდელი სოხუმი?
– სანაპირო ზოლს ვითომ აწესრიგებენ. ცდილობენ, „დამოუკიდებელი“ სახელმწიფოს სახე ჰქონდეთ. როგორია სოხუმი? ის ცარიელია…

მარადონა

სოხუმს ჰყავდა კოლორიტი – მარადონა. შარშან გარდაიცვალა. 2016 წელს  ჩუმად გადავუღეთ ფოტო სანაპიროზე. მარადონას სიკვდილის შემდეგ, სულ დაცარიელდა სოხუმი… მარადონა ბავშვობაა და სოხუმის ისტორია…
მოგადგებოდა და : – გინდა მანეთად გიმღერო?
– არა, მარადონა, ისე აიღე…
– ისე არ მინდა, მე მათხოვარი არ ვარ… მათხოვრობა ღმერთის შვილების ხვედრია, მე მარადონა ვარ. ,,ცეპლიონოკ ვარენნი, ცეპლიონოკ ჟარენნი“…
ეროვნებით რუსი იყო?
– არავინ იცის… ამბობენ ბერძენიო, ზოგიც იძახდა, ბოშააო… ბერძნები რომ გადაასახლეს, ეგ არ გაჰყვაო… მამა ნოდარ დუმბაძესთან მეგობრობდა და ამბობდა: ნოდარიემ ჰელადოსი მარადონაზე დაწერაო.

პელე

ერთმანეთს გაუფრთხილდით, თორემ კუდიანები შეგჭამენ, იცოდეთო…
სოხუმის კოლორიტი იყო პელეც. ომამდე იპოვეს გარდაცვლილი… არავინ იცის, რა დაემართა. სულ სამხედრო ფორმით დადიოდა და ფეხბურთს გვეთამაშებოდა ბავშვებს.
– ქართველების და აფხაზების სამომავლო ურთიერთობა როგორ წარმოგიდგენიათ?
– საქართველოს მთავრობას ბევრი საინტერესო პროექტი აქვს, მაგრამ  ამ ეტაპზე რთულია განხორციელება.
აუცილებლად უნდა ვახსენო აფხაზეთის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, მოადგილე მანონი გეჯუა და თითოეული თანამშრომლის უანგარო და თავდაუზოგავი შრომა.
ენით აუწერელ, მძიმე შრომას ეწევიან ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული მოსახლეობისთვის. რუსული პოლიტიკა კლანჭებით აკავებს აფხაზეთის მოსახლეობას, თუმცა სოხუმის ბაზარში მეგრულად საუბრობენ… გაბედულები სავაჭროდ, სამკურნალოდ და ზოგჯერ სასწავლებლადაც კი ჩამოდიან. ვიცნობ ოჯახებს, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ და სოხუმში დაბრუნებას მხოლოდ ჩვენი დაბრუნების შემთხვევაში აპირებენ. ჩვენ ერთი სისხლი ვართ და აუცილებლად ერთად დავძლევთ რუსულ ოკუპაციას…
– რამდენად ახსოვს აქაურ ქართველობას აფხაზეთი?

შორენა ლაშხიას სახლი სოხუმში

–  ახსოვთ…  ყველას შეიძლება არა, მაგრამ ღირსეულებს ახსოვთ. დარწმუნებით ვიცი, რომ ჩემს მოსწავლეებს ყოველთვის ეხსომებათ.
– ჰობი…
– ჰობი… ვხატავ, ხელსაქმე მიყვარს ძალიან და მცენარეების მყნობა  (მამამ მასწავლა). ნახატები სულ გაჩუქებულია…
– დაღუპული ნიჭიერი მწერლის ბეგი მამალაძის საღამო ჩაატარეთ სკოლაში…
– ბეგის ნაწარმოების მიხედვით პიესა დავდგით 55-ე საჯარო სკოლის მესამე კლასელებმა და შობა საჩუქრებით და სპექტაკლით მივულოცეთ ძეგვის თავშესაფრის ბინადრებს.
– როგორ გაგრძელდა ცხოვრება დევნილობაში?
– დევნილობაში… სიცოცხლე აუცილებლად უნდა გაგრძელდეს! ქვეყანას ძლიერი შვილები სჭირდება.
–  55-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგი ხართ… წლების გასვლასთან ერთად, როგორია ის ფიქრი, რომელსაც აფხაზეთი ჰქვია?
– ფიქრი? მწუხარი ბედნიერებაა… ჩვენ დავბრუნდებით!
– რას შეცვლიდით თქვენ ირგვლივ…
– განათლების სისტემას. მხოლოდ განათლებული, სწავლული, პროფესიონალი ახალგაზრდობა შეცვლის ქვეყანას სასიკეთოდ.
მომავლის გეგმებში რა გაქვთ?
– სახლში დაბრუნება, სოხუმში…

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

სოხუმის ფოტოები

სოხუმი

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები