გრიგორი კარასინის თქმით, ნატო-ს სამხედრო აქტივობის გაზრდა საქართველოს კავკასიაში დაძაბულობის ერთგვარ პლაცდარმად აქცევს
ნატო-ს სამხედრო აქტივობის გაზრდა საქართველოს კავკასიაში დაძაბულობის ერთგვარ პლაცდარმად აქცევს – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების 47-ე რაუნდის შემდეგ განაცხადა.
,,ჩვენც, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთიც, როგორც საქართველოს მეზობლები უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ჩვენ წინააღმდეგ არ არის მიმართული. ამაზე მხოლოდ საუბარი საკმარისი არ არის, საჭიროა დიალოგი ნატო-სა და რუსეთს შორის, რუსეთსა და საქართველოს შორის. სხვადასხვა საკითხს განვიხილავთ ხოლმე, ტექნიკურს, ჰუმანიტარულს, თუმცა ეს საკმარისი არ არის“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.
მისივე თქმით, მოლაპარაკებებისას მხარეებმა რეგიონზე შეფასებები გაცვალეს.
„ბუნებრივია, თქვენს წარმომადგენლებს სხვა შეხედულებები აქვთ. სამხედრო პოლიტიკური ბლოკი, რომელიც რუსეთის ფედერაციისა და მისი მოკავშირეების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებს უახლოვდება, იწვევს ჩვენს შეშფოთებას. ეს სამხედრო ბლოკი, რომელიც საომრად არის განწყობილი, ფართოვდება და უახლოვდება ჩვენს საზღვრებს. ჩვენ გვაქვს უფლება, გამოვთქვათ ჩვენი შეშფოთება და საჭიროების შემთხვევაში მივიღოთ ადეკვატური ზომები რეაგირებისთვის. როგორი შეიძლება იყოს ეს ზომები, ამას სიტუაცია აჩვენებს“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.