საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ლიბანის ადმინისტრაციული რეფორმების მინისტრს შეხვდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე ლიბანის სახელმწიფო ადმინისტრაციული რეფორმების მინისტრს, ფადი მაკკის შეხვდა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების დინამიკა განიხილეს და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რაც ლიბანისთვის, მიმდინარე ადმინისტრაციული რეფორმების პროცესში, სასარგებლო იქნება.
ვიზიტის ფარგლებში, ლიბანის დელეგაციამ მოინახულა თბილისის ტექნოპარკის სივრცეები და დეტალურად გაეცნო სააგენტოს მიერ დანერგილ პროგრამებს, სტარტაპ-ეკოსისტემის ხელშემწყობ მექანიზმებსა და ქვეყნის ტექნოლოგიურ პოტენციალს.
შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა იმ მნიშვნელოვან წინსვლაზე, რომელიც საქართველომ ინოვაციური ეკოსისტემის ზრდის მიმართულებით აჩვენა. ასევე საუბარი შეეხო მოქნილ საშეღავათო პირობებსა და ინოვაციური ბიზნესების მასშტაბირების ხელშეწყობას, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია გლობალურ ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად.