ომი, რომელიც ფეხბურთის ტაიმზეც მოკლე აღმოჩნდა

1896 წლის 27 აგვისტოს დილას ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე მდებარე ზანზიბარში ჩვეულებრივი დღე იწყებოდა. ნავსადგურში სავაჭრო გემები ირწეოდნენ, ქალაქის ბაზრები იღვიძებდნენ, ხოლო სულთნის სასახლეში ძალაუფლებისთვის ბრძოლა უკვე გადამწყვეტ ფაზაში შედიოდა.

რამდენიმე საათში ეს პატარა კუნძული მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ომის სცენა გახდებოდა — ომის, რომელიც იმდენად სწრაფად დასრულდა, რომ მისი ხანგრძლივობა დღემდე უფრო სპორტულ ტაიმს გვაგონებს, ვიდრე სამხედრო კამპანიას.

მე-19 საუკუნის ბოლოს ზანზიბარი ფორმალურად დამოუკიდებელი სასულთნო იყო, მაგრამ რეალურად ბრიტანეთის ძლიერ გავლენას ექვემდებარებოდა. აღმოსავლეთ აფრიკის სანაპიროზე მდებარე ეს სტრატეგიული პორტი ბრიტანეთისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებდა. ლონდონი ყურადღებით აკონტროლებდა ადგილობრივ პოლიტიკას და ცდილობდა, ტახტზე მისთვის მისაღები მმართველები ასულიყვნენ.

1896 წლის 25 აგვისტოს მოულოდნელად გარდაიცვალა სულთანი ჰამად ბინ თუაინი. მისი სიკვდილი მაშინვე ეჭვების საგანი გახდა. თანამედროვეთა ნაწილი ვარაუდობდა, რომ ყველაზე მეტად ამ მოვლენით ტახტის პრეტენდენტი ხალიდ ბინ ბარგაში სარგებლობდა, თუმცა ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ აღმოჩენილა.

ჰამადის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში ხალიდმა სასახლე დაიკავა და თავი ახალ სულთნად გამოაცხადა.

ბრიტანელი საზღვაო ქვეითები დგანან ზანზიბარულ ქვემეხთან სულთნის სასახლის აღების შემდეგ

ბრიტანელები აღშფოთდნენ.

მათ საკუთარი კანდიდატი — ჰამუდ ბინ მუჰამედი — ჰყავდათ შერჩეული და ხალიდს მკაცრი ულტიმატუმი წაუყენეს: დაეტოვებინა სასახლე, დაეშვა დროშა და უარი ეთქვა ხელისუფლებაზე.

პასუხი უარყოფითი იყო.

ხალიდმა სასახლის ირგვლივ, დაახლოებით, 2800 მხარდამჭერი, ჯარისკაცი, მცველი და მოხალისე შეკრიბა. განალაგა ქვემეხები და ტყვიამფრქვევები. ნავსადგურში იდგა სამეფო იახტა „Glasgow“ და კიდევ ორი მცირე შეიარაღებული ხომალდი.

მეორე მხარეს კი ბრიტანეთის იმპერია იდგა.

ნავსადგურში ხუთი სამხედრო ხომალდი იყო თავმოყრილი. მათი ქვემეხები პირდაპირ სასახლისკენ იყო მიმართული. ბრიტანელები დარწმუნებულები იყვნენ, რომ წინააღმდეგობა დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა.

27 აგვისტოს დილის 9 საათზე ულტიმატუმის ვადა ამოიწურა.

სასახლიდან თეთრი დროშა არ გამოჩენილა.

ორი წუთის შემდეგ, 9:02-ზე, ბრიტანულმა ხომალდებმა ცეცხლი გახსნეს.

სასახლე დაბომბვის შემდეგ

პირველმა ჭურვებმა სასახლის ხის კონსტრუქციები დააზიანა. რამდენიმე წუთში შენობაში ხანძარი გაჩნდა. მძიმე საარტილერიო ცეცხლი ზანზიბარის თავდაცვით პოზიციებს ანადგურებდა.

მალე მცირე საზღვაო ბრძოლაც დაიწყო.

სამეფო იახტამ — „Glasgow“ — ბრიტანულ ხომალდებს ცეცხლი გაუხსნა, თუმცა პასუხი დამანგრეველი აღმოჩნდა. რამდენიმე წუთში იახტა ჩაიძირა. მასთან ერთად განადგურდა კიდევ ორი მცირე ხომალდი.

ნავსადგური კვამლმა დაფარა.

სასახლე იწვოდა.

მცველები უკან იხევდნენ.

ბრძოლის მსვლელობისას ხალიდ ბინ ბარგაში სასახლიდან გაიქცა და გერმანიის საკონსულოს შეაფარა თავი. მოგვიანებით გერმანელებმა იგი თავიანთ აღმოსავლეთაფრიკულ კოლონიაში გადაიყვანეს.

სროლა, დაახლოებით, 9:40-9:46 საათებს შორის შეწყდა. სხვადასხვა წყარო ომის ხანგრძლივობას განსხვავებულად აფასებს — 38, 40, 44 ან 45 წუთად. განსხვავება იმით აიხსნება, რომ ისტორიკოსები სხვადასხვა მომენტს მიიჩნევენ ომის დასაწყისად და დასასრულად. მიუხედავად ამისა, სწორედ „38-წუთიანი ომის“ სახელით შევიდა ეს კონფლიქტი მსოფლიო ისტორიაში.

როდესაც კვამლი გაიფანტა, შედეგი აშკარა იყო.

ზანზიბარის მხარეს, დაახლოებით, 500 ადამიანი დაიღუპა ან დაიჭრა. სასახლე, პრაქტიკულად, განადგურდა, ბრიტანელთა დანაკარგი კი, მხოლოდ ერთი დაჭრილი მეზღვაური იყო.

იმავე დღეს ბრიტანელებმა ტახტზე საკუთარი კანდიდატი, ჰამუდ ბინ მუჰამედი დასვეს.

ერთი შეხედვით, ეს ისტორია უცნაურ რეკორდს ჰგავს — ყველაზე მოკლე ომს კაცობრიობის ისტორიაში — თუმცა იგი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მოვლენა იყო.

იმ რამდენიმე წუთში გადაწყდა მთელი სახელმწიფოს პოლიტიკური მომავალი. ზანზიბარმა დარჩენილი დამოუკიდებლობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა, ხოლო ბრიტანეთის გავლენა კუნძულზე კიდევ უფრო განმტკიცდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები