ძალადობრივ აქციებზე დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამა ოპოზიციაზე: გმირობა გააუფასურეს, ამაში ჩვენც გარკვეულწილად ვუწყობთ ხელს, ჩვენ ვამბობთ, რომ ციხეში ვინც სხედან გმირები არიან, ვიღაც 7 დღე დაჯდა და გმირია – სხვა რამეა გმირობა
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამის, ზურაბ ცეცხლაძის განცხადებით, ოპოზიციამ და მათმა მხარდამჭერებმა „გმირობა გააუფასურეს“. ამის შესახებ მან გადაცემა „რეაქციაში“ ისაუბრა.
ზურაბ ცეცხლაძის განცხადებით, სოციალურ ქსელში არსებობს 90 კაციანი სია, რომლებსაც ეროვნულ გმირებს უწოდებენ, მაგრამ აქედან 26-მა მათგანმა საპროცესოს მოაწერა ხელი, მისივე თქმით, თავად უწყობენ ხელს გმირობის გაუფასურებას.
„გმირობა გააუფასურეს, ამაში ჩვენც გარკვეულწილად ვუწყობთ ხელს. ჩვენ ვამბობთ, რომ ციხეში ვინც ზიან აი გმირები არიან, ვიღაცა 7 დღე დაჯდა – გმირია. 90 კაცის სიაა ეხლა სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული გმირები და იქედან აღმოჩნდა ერთი 26 დავთვალე, რომელმაც საპროცესოს მოაწერა ხელი და გამოვიდა, ჩვენც ვუწყობთ ხელს გმირობის გაუფასურებას, სხვა რამეა გმირობა,“- განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ.