POLITICO: ევროკავშირი რუანდასა და უზბეკეთში მიგრანტების დაბრუნების ცენტრების შექმნას განიხილავს
ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მიგრანტების დაბრუნების ცენტრების შექმნის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ გამოცემა POLITICO წერს.
გამოცემის ინფორმაციით, განხილულ ქვეყნებს შორის არიან რუანდა, უზბეკეთი და ყაზახეთი. ინიციატივა იმ პირების მესამე ქვეყნებში გადაყვანას ითვალისწინებს, რომლებმაც ევროკავშირში თავშესაფრის მიღებაზე უარი მიიღეს და დეპორტაციას ექვემდებარებიან.
POLITICO-ს ცნობით, პროექტს მხარს უჭერენ გერმანია, ნიდერლანდები, ავსტრია, დანია და საბერძნეთი. მათი განცხადებით, აღნიშნული მექანიზმი მიგრაციის მართვასა და დაბრუნების პროცედურების დაჩქარებას შეუწყობს ხელს.
ამასთან, უზბეკეთისა და ყაზახეთის ხელისუფლებებმა უარყვეს ინფორმაცია, რომ ევროკავშირთან მსგავსი ცენტრების განთავსების საკითხზე ოფიციალური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ცნობისთვის, ევროკავშირში მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრების საკითხი ბოლო წლებში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება, რის ფონზეც წევრი ქვეყნები არალეგალური მიგრაციის შესამცირებლად ახალ მექანიზმებს განიხილავენ.