25 ივნისს ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე მასშტაბური ღონისძიებებით აღნიშნება

25 ივნისს ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე მასშტაბური ღონისძიებებით აღნიშნება.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, მეზღვაურთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საზღვაო სფეროს მნიშვნელობას საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და ქვეყნის საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის ზრდის პროცესში.

“საქართველოს საზღვაო სექტორი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. დღეისათვის ქვეყანას 21 000-მდე სერტიფიცირებული მეზღვაური ჰყავს. ბოლო წლებში განხორციელებულმა რეფორმებმა, საზღვაო განათლების ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციამ, საერთაშორისო აღიარების გეოგრაფიის გაფართოებამ და სანავსადგურე ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციამ კიდევ უფრო გაზარდა ქართველი მეზღვაურების კონკურენტუნარიანობა გლობალურ ბაზარზე და გააძლიერა ახალგაზრდების ინტერესი ამ პროფესიის მიმართ.

მეზღვაურთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებაა დაგეგმილი.

ღონისძიებების განრიგი:
11:00 სთ – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის კურსანტების საზეიმო მსვლელობა და იუნკერების მემორიალის გვირგვინით შემკობის ტრადიციული ცერემონია გაიმართება
12:00 – 17:00 სთ – ევროპის მოედანზე მოეწყობა სპეციალური სივრცე, საბავშვო გასართობი და შემეცნებითი აქტივობებისთვის.
18:00 სთ – ევროპის მოედანზე გაიმართება სალიოს (SALIO) კონცერტი
20:30 სთ – მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური ღონისძიება გაიმართება”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები