დაიბადა აფხაზეთში. ბავშვობიდან ხატავს. პროფესიით ექიმია, თუმცა ხელოვნება მის ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. არის საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი.
მონაწილეობადა ჯგუფურ გამოფენებში:
2009 წელი – პსპ-ს მიერ ორგანიზებული ჯგუფური გამოფენა.
2020 წელი – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მიერ ორგანიზებული გამოფენა – ,,აფხაზეთი ფერებში’’ . ნამუშევარი – გზა დაკარგულ სამოთხემდე“.
2022 წელი – FIRST WISH ART GALLERY–ის მიერ ორგანიზებულ ქართველ და უცხოელ მხატვართა ჯგუფური გამოფენა. ნამუშევრით „დაკარგული სამოთხე”.
2026 წელი – საქართველოს მხატვართა კავშირის მიერ ორგანიზებული, ქალ მხატვართა ნამუშევრების ჯგუფური გამოფენა. ნამუშევარი „სიყვარულის მელოდია“.
2026 წელი – შალვა ძნელაძის სახელობის თანამედროვე მხატვრების გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა. ნამუშევარი „მოირები“.
2026 წელი – აფხაზეთის მხატვართა კავშირის მიერ ორგანიზებული, ჯგუფური საგაზაფხულო გამოფენა – „აფხაზური გაზაფხული“, რომელიც მიეძღვნა პატრიარქის ილია ||-ის ხსოვნას. ნამუშევარი – „სულის მელოდია”.
იყენებს შერეულ ტექნიკას. მუშაობს ზეთში, აკვარელში და ასევე ფანქრით. მის ნამუშევრებში სამი სტილის – სიურეალიზმის, სიმბოლიზმისა და ნაივური ხელოვნების სინთეზია.
„ნამუშევრებში ჩემს აზრებს, იდეებს, სათქმელსა და გრძნობებს გადმოვცემ სიმბოლოებით, ფერებით. ბავშვობიდან მაინტერესებდა მითოლოგია და ხშირად ეს არის ჩემი ნამუშევრების შთაგონების წყარო“. – რუსუდან წულაიას პერსონა.
– აფხაზეთში დაიბადეთ. როგორ დარჩა აფხაზეთი თქვენს სულში? რა ნახატები მიუძღვენით?
– დავიბადე აფხაზეთში, სწორედ იმ მიწაზე, რომელიც დედამიწაზე სამოთხედ მიმაჩნია, სადაც ჩემი ბავშვობის პირველი ფერები, ხმები და ემოციები დაიბადა. ჩემი ბავშვობა დაკავშირებულია მრავალფეროვან კულტურულ გარემოსთან, ბუნების განსაკუთრებულ სილამაზესა და ადამიანურ ურთიერთობებთან, რომლებმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს ჩემი პიროვნებისა და შემოქმედებითი ხედვის ფორმირებაზე.
აფხაზეთს მივუძღვენი ნამუშევარი „დაკარგული სამოთხე” – რომელიც ასახავს მონატრებას, ტკივილს და ამავდროულად იმედს, რომ ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ დაკარგულ სამოთხეს.
– ბავშვობიდან ხატავთ, მაგრამ ექიმობა აირჩიეთ პროფესიად. რატომ?
– ალბათ იმიტომ, რომ ორივე სფეროს ერთი საერთო საფუძველი აქვს – ადამიანი. მედიცინის არჩევანი განპირობებული იყო ადამიანის მიმართ პასუხისმგებლობისა და საზოგადოებრივი სარგებლიანობის განცდით.
ჩემთვის ექიმობა მხოლოდ პროფესია არ არის – ეს არის ადამიანების დახმარებისა და მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების შესაძლებლობა. ამავე დროს, ხელოვნება ყოველთვის იყო ჩემი შინაგანი სამყაროს გამოხატვის ფორმა. ვფიქრობ, მედიცინასა და ხელოვნებას საერთო ჰუმანისტური საფუძველი აქვთ – ორივე ადამიანის შეცნობას, ტკივილის გააზრებასა და მის ტრანსფორმაციას ემსახურება.
– როდის მიხვდით, რომ ხატვა თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებდა?
– არ მახსოვს კონკრეტული მომენტი. ხელოვნება ბავშვობიდან ბუნებრივი თვითგამოხატვის საშუალება იყო, თუმცა დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ იგი გაცილებით მეტს ნიშნავდა, ვიდრე უბრალოდ ინტერესს ან ჰობის.
ბავშვობიდან ვხატავდი ყველაფერს, რაც მაოცებდა, მაღელვებდა ან მაფიქრებდა. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ზოგჯერ სიტყვებზე მეტად ფერები და სიმბოლოები ამბობდნენ ჩემს სათქმელს. მაშინ გავაცნობიერე, რომ მხატვრობა უბრალოდ გატაცება კი არა, სამყაროსთან ჩემი დიალოგის ფორმა იყო.
– სიურეალიზმი, სიმბოლიზმი და ნაივური ხელოვნება – თქვენს შემოქმედებაში სამი სტილის სინთეზია… ალბათ ბუნებრივად მოხდა?
– სრულიად ბუნებრივად. სიურეალიზმი მაძლევს შესაძლებლობას, გამოვხატო არაცნობიერი, შინაგანი გამოცდილებები, სიმბოლიზმი – იდეები, უხილავი აზრები და განცდები, სულიერი შინაარსები, ხოლო ნაივური ხელოვნება – უშუალობა და ემოციური სიწრფელე, რომელიც ინარჩუნებს იმ ბავშვურ სიწრფელეს, რომელსაც დღემდე ყველაზე ძვირფას შემოქმედებით თვისებად მივიჩნევ. ამ სამი მიმართულების შერწყმა ქმნის იმ ვიზუალურ ენას, რომლითაც საკუთარ სათქმელს გადმოვცემ.
– ამბობთ, რომ შთაგონებას მითოლოგიიდან იღებთ. კიდევ რა გაძლევთ შთაგონებას?
– შთაგონება ყველგან არის. ზოგჯერ ის მოდის მუსიკის, ზოგჯერ – მოგონების, შემთხვევითი სიტყვის ან სიჩუმის სახით. შთაგონებას ვიღებ ფილოსოფიიდან, ლიტერატურიდან, მუსიკიდან, ბუნებიდან და ადამიანური ურთიერთობების სიღრმიდან. დიდ შთაგონებას მაძლევს ბუნება, ადამიანების ისტორიები, სიყვარული, დრო და მეხსიერება. მითოლოგია კი ჩემთვის იმ მარადიული კითხვების სამყაროა, რომლებსაც ადამიანები ათასწლეულების განმავლობაში სვამენ საკუთარ თავთან. ხშირად შთაგონების საფუძველი ხდება ერთი ემოციური განცდა ან ცხოვრებისეული მოვლენა, რომელიც შემდგომ მხატვრულ სახეს იძენს.
– ერთი ნამუშევრის ისტორია…
– „სიყვარულის მელოდია“ – ეს ნამუშევარი მივუძღვენი ჩემს მეუღლეს – კოკა კაჭარავას, ნამუშევარი ჩვენი სიყვარულის ჩემეულ აღქმას ასახავს. მასში ჩანს მისტიკური კავშირი მუსიკას, სიყვარულსა და სამყაროს შორის. კომპოზიციის ცენტრში მდგარი მედიტაციური ფიგურა სულის აბსოლუტური სიმშვიდის განსახიერებაა. მისი დახუჭული თვალები მიწისმიერ ქაოსს კი არ გაურბის, არამედ შინაგან, კოსმიურ უსასრულობას უსმენს. იქ, სადაც სიტყვები უძლურია, იბადება მელოდია, რომელიც ორ სულს ერთ მთლიანობად აქცევს.
ნახატში არსებული სიმბოლოები: ყელზე გამოსახული გაღვიძებული თვალები ინტუიციის ნათებაა, ყვავილების გვირგვინი სიცოცხლის მარადიულ განახლებას ასახავს, ხოლო ტილოზე მიმოფანტული ნოტები და ფორტეპიანოს კლავიშები იმ დიდი გრძნობის გამოძახილია, რომელსაც წინააღმდეგობას ვერ გაუწევ. კომპოზიციაში ჩაქსოვილი ციფრები და კოსმიური სხეულები მიგვანიშნებს, რომ ეს ემოცია დროს არ ექვემდებარება; იგი ვარსკვლავებს შორის დაიბადა და საუკუნეების მიღმა ცოცხლობს. ეს ნამუშევარი არის ხილული ჰარმონია, რომელიც ამბობს, რომ წამით უნდა შეჩერდე და საკუთარ შინაგან სამყაროში იმოგზაურო.
– მედიცინა და მხატვრობა – როგორ ასწრებთ ორივეს?
– მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, ხელოვნება ჩემთვის შინაგანი წონასწორობის შენარჩუნების მნიშვნელოვანი საშუალებაა. მედიცინა და მხატვრობა, ერთი შეხედვით განსხვავებული სფეროები, რეალურად კი ერთმანეთის შემავსებელია. ორივე მოითხოვს დაკვირვებას, ემპათიას, ანალიზსა და ადამიანის არსის ღრმა გააზრებას.
– ჯგუფური გამოფენა – „აფხაზური გაზაფხული“ მიეძღვნა პატრიარქის, ილია II–ს ხსოვნას. რას გვეტყოდით ნამუშევარზე – „სულის მელოდია” ?
– ნამუშევარი „სულის მელოდია“ წარმოადგენს სიმბოლურ-სიურეალისტურ მოგზაურობას ადამიანის შინაგან სამყაროში. იგი ეძღვნება ორ უმთავრეს ფენომენს – უანგარო სიყვარულსა და მის მარადიულობას. კომპოზიციის ცენტრალური ღერძია ქალის ფიგურა. მისი მედიტაციური, დახუჭული თვალები შინაგან სიმშვიდესა და მატერიალური სამყაროს მიღმა არსებულ სულიერებაზე მიანიშნებს. ფიგურის ყელსა და კომპოზიციის ზედა ნაწილს კრავს მუსიკალური ნოტები და პიანინოს კლავიშები, რაც სიყვარულს გარდასახავს უნივერსალურ ენად – მელოდიად, რომელიც მთელ კოსმოსს მსჭვალავს. ნამუშევრის კომპოზიცია არქეტიპული სიმბოლოებით არის გაჯერებული: ქალის მკერდზე გამოსახული საათის ციფერბლატი თეატრალური ნიღბებითა და მზის სხივების მსგავსი ისრებით მიანიშნებს, რომ მიწისმიერი დროებითობის, ტკივილისა და სიხარულს მიღმა არსებობს უცვლელი, მარადიული გრძნობა.
ცენტრალური ფიგურის სხეულსა და მის გარშემო ჩაქსოვილია შეყვარებული წყვილების სილუეტები, მფრინავი მერცხლები, ყვავილები და კოსმიური მნათობები – ხაზს უსვამს იდეას, რომ ადამიანი თავად არის სამყარო, ხოლო სიყვარული – ამ სამყაროს მამოძრავებელი მთავარი ენერგია. „სულის მელოდია“ არის ვიზუალური პოემა, რომელიც ამბობს, რომ ადამიანი უნდა ჩაუღრმავდეს საკუთარ თავს და აღმოაჩინოს ის მარადიული ჰარმონია, რომელიც მხოლოდ უანგარო სიყვარულს მოაქვს.
– მრავალ საინტერესო გამოფენაში მონაწილეობდით….
– თითოეული გამოფენა მნიშვნელოვანი ეტაპია შემოქმედებითი განვითარების პროცესში, თუმცა განსაკუთრებულად გამოვყოფ გამოფენას – „აფხაზეთი ფერებში“. სწორედ ამ პროექტმა მომცა შესაძლებლობა, ფართო საზოგადოებისთვის წარმომედგინა აფხაზეთის თემაზე შექმნილი ნამუშევარი, რომელსაც ჩემთვის არა მხოლოდ მხატვრული, არამედ ღრმა პირადი მნიშვნელობაც აქვს. ამ გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევარი ჩემს ფესვებს, მეხსიერებასა და ჩემს სამშობლოს უკავშირდებოდა.
– ჰობი…
– ჩემი ჰობიც ისევ შემოქმედებასთან არის დაკავშირებული, დაინტერესებული ვარ კერამიკით. თიხასთან მუშაობა ჩემთვის ერთგვარი მედიტაციაა. ტილოზე ხატვის შემდეგ, თიხის საკუთარი ხელით ფორმირება და მისგან ხელშესახები ნივთების შექმნა საოცარ ფიზიკურ ჰარმონიას მანიჭებს.
– სამომავლო გეგმები…
– საქართველოში და საერთაშორისო საგამოფენო სივრცეებში აქტიურ მონაწილეობას და ჩემი ნამუშევრების ფართო აუდიტორიისთვის წარდგენას ვგეგმავ. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ მომავალშიც შევინარჩუნო ის ბავშვური გაოცება სამყაროს მიმართ, რომელიც, ვფიქრობ, ნებისმიერი ხელოვანის ყველაზე დიდი სიმდიდრეა.



თამარ შაიშმელაშვილი