„ჩემი თოჯინები თვითონ ირჩევენ ხასიათს“…

ბავშვობიდან ხატავდა და გამოფენებში მონაწილეობდა, სამხატვრო აკადემია მონუმენტურ-დეკორატიული პლასტიკის სპეციალობით დაამთავრა.
2000 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს გერმანიაში. თანამშრომლობს გერმანიის გალერეასთან ლაიფციგში, გამოფენები ჰქონდა ბერლინში, ლაიფციგში, კიოლნში ფერწერის პარალელურად ამზადებს თოჯინებს. მონაწილეობს თოჯინების საერთაშორისო გამოფენებშიც.
2011 წლიდან საქართველოში განაგრძობს შემოქმედებით საქმიანობას. ამბობს, რომ  ფერწერა მისი ძირითადი საქმიანობაა, თოჯინები კი ჰობი. თოჯინები არავის ჰგვანან, მისი მოგონილი პერსონაჟები არიან –  „ზოგი ძალიან კეთილია, ზოგი უხასიათო და თვითონ ირჩევენ ხასიათს“.
ამბობს, რომ ცდილობს, თოჯინები არ იყვნენ ბოროტები, რადგან ხელოვნებამ სიკეთე უნდა მოიტანოს. – ელენე ინჯიას პერსონა.

– დავიბადე ძალიან ახალგაზრდა ოჯახში. დედა – ნატალია 19 წლის, მამა – გიორგი ინჯია 23 წლის იყო, დედა ინჟინერია, მამა იურისტი. ორივე მუშაობს. ვარ დედისერთა. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, ხატვაზე 5 წლიდან დავდიოდი.
სკოლის პერიოდი შემოქმედებითი მოღვაწეობის თვალსაზრისით?
– სკოლის პერიოდში ბევრს ვხატავდი, საბავშვო გამოფენებში ვმონაწილეობდი.
სამხატვრო აკადემია 1990 წელს მონუმენტურდეკორატიული პლასტიკის სპეციალობით დაამთავრეთ...
– სტუდენტობა ძალიან საინტერესო მქონდა, მყავდა არაჩვეულებრივი პედაგოგები: თაზო ხუციშვილი, ნუგზარ მეძმარიაშვილი, ქეთი მატაბელი, ბადრი სამსონაძე, დათო ღვინიაშვილი…
2000 წლიდან ცხოვრობთ და მოღვაწეობთ გერმანიაში. თანამშრომლობთ გერმანიის გალერასთან ლაიფციგში „eduart“, გამოფენები გქონდათ ბერლინში, ლაიფციგში, კიოლნში
–  გერმანიაში ძალიან ბევრს ვმუშაობდი ფერწერაში, საინტერესო იყო, თბილი ფერები ძალიან მოსწონდათ გერმანელებს. იყიდეს ნახატები (გერმანელებისგან განსხვავებული ფერების გამო), ამბობდნენ, თბილებიაო.
 შაბიამინისფერი, ლურჯი…  დომინირებს თქვენს ნახატებზე
– დიახ, არ ცდებით, ჩემთვის სინათლის ფერია… ცისფერი, ზღვისფერი, ლურჯი, ეს ფერები მიყვარს…
ხატვის პარალელურად თოჯინებს აკეთებთ...
– თოჯინების კეთება დავიწყე 10 წლის წინ, შემთხვევით… ჩემს შვილს ჰქონდა დავალება და ვიყიდე თიხა,  ცოტა დამრჩა და პირველი, რაც იყო, თავი გავაკეთე… არაფერი არ ვიცოდი და ნელ-ნელა ვხვეწავდი. ასე ვერთობოდი. ახლა ძალიან მიყვარს…
თოჯინების გამოფენა?..
– თოჯინების გამოფენებში ვმონაწილეობ. თბილისში 20017 და 2018 წლებში 2 საერთაშორისო გამოფენა ჩატარდა და მივიღე მონაწილეობა. შეკვეთებს ვიღებ. ნამუშევრები გერმანიაში კარგად იყიდება.
– დღეს უამრავი მეთოჯინეა, როგორ უნდა გაუძლოს ხელოვანმა კონკურენციას?
– უამრავი მეთოჯინეა არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში. არასდროს მიფიქრია კონკურენციაზე, მხატვარმა უნდა აკეთოს თავისი საქმე, პირველ რიგში, თვითონ უნდა იყოს კმაყოფილი, და აფასებს ყოველთვის მნახველი. ყველას სხვადასხვანაირი გემოვნება აქვს, ყველას ვერ მოეწონები. ვცდილობ, ვიყო განსხვავებული.
– რამდენ ხანს უნდებით ერთი თოჯინის დამზადებას და ვინ არიან თქვენი თოჯინები?
– 2-3 კვირას ვანდომებ თოჯინის დამზადებას. ვხმარობ პოლიმერულ თიხას, ცემენტს და პროსკულპტს, ამ მასალას ვყიდულობ გერმანიაში.
ვცდილობ, თოჯინებს ჩავაცვა ნატურალური ქსოვილები, აუქციონებზე ვყიდულობ  ანტიკვარულ მაქმანებს, პერსონაჟები თვითონ ჩნდებიან, ვაკეთებ თავს და თვალებს რომ მოვხატავ, მერე ვხვდები, ვინ იქნება.
– პირველი თოჯინა…
– პირველი თოჯინა იყო პიერო, არ ვიცოდი, როგორ უნდა დამეყენებინა, ამიტომ პირველ თოჯინას პლასტმასის სხეული ჰქონდა, მაგრამ, ბევრი შეცდომის მიუხედავად, ძალიან კეთილი იყო და მიყვარს, საერთოდ, გამოკვეთილი ხასიათი აქვთ, ზოგი ძალიან კეთილია, ზოგი უხასიათო, თვითონ ირჩევენ ხასიათს.
ვცდილობ მეტყველი სახეები ჰქონდეთ, თუმცა ხშირად მეუბნებიან, რომ ცოტა მოწყენილები არიან.
ვცდილობ, არ იყვნენ ბოროტები, არ მიყვარს! ხელოვნებამ სიკეთე უნდა მოიტანოს.
პიეროს გარდა, მყავდა კლოუნები, გოგოები, მათ არავის  ვამსგავსებ, ჩემი მოგონილი პერსონაჟები არიან.
როგორ უთავსებთ ერთმანეთს ხატვას და თოჯინების დამზადებას?
– ფერწერაში სულ ვმუშაობ, ეს ჩემი პროფესიაა და თოჯინა უფრო ჰობი.
ამჟამად?
– დიახ, მალე მეყოლება წითელთმიანი ულამაზესი გოგო.  მასალა დამრჩა და დავიწყე. ვნახოთ, რა გამოვა…
– სახელებს არქმევთ?
– არა, თავად პატრონებმა დაარქვან.
– საქართველოში გამოფენა?
– საქართველოში ვაპირებ გამოფენას, მინდა დამიგროვდეს ნამუშევრები, ვნახოთ, რა გამომივა.
– ოჯახი…
– მყავს მეუღლე და ორი შვილი, ერთი შვილიშვილი…  ნატალია ხატიაშვილი ტურიზმის სფეროში მუშაობს, ვაჟი – ოთარ ხატიაშვილი ამთავრებს იურიდიულს გერმანიაში. ბიჭი წარმატებული მოცურავე იყო, 15 წლის ასაკში ცურვაში გახდა საქართველოს ჩემპიონი, საქსონიის ჩემპიონი იყო ბრასით ცურვაში. გერმანიის ჩემპიონატში მონაწილეობდა.
მეუღლე გიორგი ხატიაშვილი პროფესიით კვების ტექნოლოგია. მეუღლის მამა ოთარ ხატიაშვილი არაპროფესიონალი მსახიობი იყო, თამაშობდა ფილმებში: „გლახის ნაამბობში“ და „სად არის შენი ბედნიერება, მზია?“
– სამომავლო გეგმები?
– არასოდეს არაფერს ვგეგმავ, ვმუშაობ თოჯინაზე და ვხატავ…

 

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები