უკრაინამ დე-ფაქტო აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის ჩინოვნიკებს სანქციები დაუწესა
ოფიციალურმა კიევმა დე-ფაქტო აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის ჩინოვნიკებს სანქციები დაუწესა.
მედიის ინფორმაციით, უკრაინის სანქციების სიაში მოხვდნენ თვითგამოცხადებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ის ე.წ. მოქალაქეები, რომლებიც აკვირდებოდნენ დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკების არჩევნებს, რასაც კიევი უკანონო სეპარატისტულ წარმონაქმნად მიიჩნევს.
„შავ სიაში“, რომელიც უკრაინის ხელისუფლებამ დაამტკიცა, მოხვდნენ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამაზ გოგია; ე.წ. პარლამენტის წევრი, ალმასხან არძინბა და ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი, ოლეგ არშბა. ასევე, სანქციები დაუწესდათ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს – ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს, იგორ კოზაევს; ე.წ. პარლამენტის ვიცესპიკერს, რუსლან თედეევს; ე.წ. დეპუტატებს – ბახვა თედეევსა და იგორ ჩოჩიევს; ასევე – ე.წ. პრეზიდენტის თანაშემწეს, დავიდ გაზატის.
აღსანიშნია, რომ უკრაინა არ აღიარებს დე-ფაქტო აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და მათ საქართველოს ტერიტორიებად მიიჩნევს.