„ბებიის თოჯინის ფოტოების გადაღებისას მეტირებოდა“…

ბავშვობიდან დაიწყო ხელოვნების, მხატვრობის სიყვარული. მამა მოქანდაკე იყო და თავადაც ხატავდა. ამზადებდა აქსესუარებს, ფოტოგრაფიაც იტაცებდა… თუმცა, მამის გზას არ გაჰყოლია, უცხო ენების, კონკრეტულად კი, ინგლისური ენის სპეციალობა არჩია. შემდეგ, გერმანიაში გაემგზავრა გერმანული ენის შესასწავლად. მალევე გაიცნო ესპანელი მეუღლე.
ოჯახის შექმნის შემდეგ, კულინარიულმა ხელოვნებამ გაიტაცა.
  ესპანური კერძების კონკურსში კი  პირველ ადგილზე გავიდა. ამჟამად, ცხოვრობს ინგლისში. ერთხანს, მანჩესტერში, მთავარ კონდიტერად მუშაობდა, სადაც მისი კულინარიული ნახელავით ცნობილ პიროვნებებს უმაპინძლდებოდნენ.
თოჯინებით ბოლო დროს დაინტერესდა.
თითოეულ თოჯინას აქვს თავის დეკორაცია, სახლი, ეზო, გარემო. ამბობს, რომ ასე უკეთესად აღიქება თოჯინის ცხოვრება“… – მერი ჭიჭიაშვილის პერსონა.

– მამა მოქანდაკეა. თბილისში და, ზოგადად, საქართველოში, ძეგლების უმრავლესობა მამას ჩამოსხმულია. მთავარი მოქანდაკე იყო და  სხვადასხვა ავტორთან ერთად მუშაობდა.
როცა პატარები ვიყავით, ბაქოში მიწვევით წავიდა, სადაც ჩამოაყალიბა პირველი მოქანდაკის საამქრო… ჰყავდა მოსწავლეები.
მთავრობამ სამადლობელი ასე გამოხატა – ბინა გვაჩუქა და, დაახლოებით, 12 წლის მანძილზე, იქ ვცხოვრობდით. სწორედ ბაქოში ჩამოისხა ჩვენი „ბერიკაობა“ ავთანდილ მონასელიძის ავტორობით. ბავშვობის მოგონებებიდან მახსოვს,  მამა სულ ძერწავდა. ერთხანს ფოტოგრაფიითაც იყო გატაცებული, ხატავდა სახლში.
ალბათ, ამიტომ მიყვარს დღემდე ზეთის საღებავების სუნი, შეღებილი თითები და ამოთხვრილი ფუნჯები…  დედა დიასახლისი იყო,  უგემრიელეს კერძებს ამზადებდა…

„ბებია“

–  უცხო ენების სპეციალისტი ხართ…  2000 წელს გერმანიაში სასწავლო პროგრამით ჩახვედით…
– პროფესია, რატომღაც, ჩემით არ ამირჩევია.. უფრო მშობლების გადაწყვეტილება იყო… დიპლომის აღების შემდეგ, არასოდეს მიმუშავია პროფესიით.
1999 წელს, წავედი სამუშაოდ და სასწავლო პროგრამით გერმანიაში… მომიწია ახალი ენის შესწავლა. ძალიან მიყვარს გერმანული. ერთი პერიოდის მანძილზე, ძილის წინ გერმანულს ვრთავდი, რომ მომესმინა და კარგად დამეძინა. ერთი წლის შემდეგ, დავბრუნდი საქართველოში…
ხატავდით, ტანსაცმლისა და დიზაინის აქსესუარებს ქმნიდითთოჯინებით გვიან დაინტერესდითმანამდე კულინარული ხელოვნებაც იყო
– ბავშობიდანვე ჩემთვის რაღაცებს ვხატავდი, თოჯინებს კაბებს ვუკერავდი, ვამზადებდი აქსესუარებს.  ფოტოგრაფიაც მიტაცებდა…

ზარმაცი შვილი

კულინარიით ოჯახის შექმნის მერე დავინტერესდი… ბავშვის დაბადების შემდეგ, ნაკლები დრო მქონდა ფოტოგრაფიისათვის. მაშინ დავიწყე ესპანური კერძების შესწავლა. მოგვიანებით, დავიწყე შეფად მუშაობა. გავედი ადგილობრივ კონკურსზე და პირველი ადგილი მომცეს. ძალიან გამეხარდა. არ ველოდი, რადგან მათთვის მაინც უცხო ვიყავი და მოვამზადე ესპანური ტრადიციული ჩისტორათი.
– პირველი თოჯინები…
–  თოჯინებით ახლახან დავინტერესდი… იმდენს მოსწონს, თავად მიკვირს. რასაც შინაგანად ვგრძნობ, თოჯინებით და მინიატურული ნაკეთობებით გადმოვცემ… ახლახან,  მოულოდნელად, გარდამეცვალა დედა. ძალიან მძიმე პერიოდი მქონდა. ახლაც, თითოეული ჩემი ნაკეთობა მასზე ფიქრით შეიქმნა. ეს მეხმარება დეპრესიის დაძლევაში… ალბათ, ამიტომაც, ხშირად მეგობრები მეუბნებიან, რომ, თითქოს, ჩემს თოჯინებს სული აქვთ და ცოცხალს ჰგვანან… დამზადების პროცესში თითოეულ ნაკვთს, ნაოჭებსა და ულამაზო სახესაც ვეფერები.
მეორე თოჯინა იყო ბებია – იგივე დედა, რომელიც ცხოვრობს პატარა სახლში. გაჭირვებულია. დღისით, გამოდის ქუჩაში და ხელგაწვდილი სახლის კუთხეში ელოდება დახმარებას. საღამოს შინ ბრუნდება, ნახევარი ხმელი პურით. მისი მოგონებები მხოლოდ ძველი სურათებია.
ამ თოჯინის ფოტოების გადაღება იმდენად ემოციური იყო, რომ მეტირებოდა –  უამრავი ბებიის ისტორიას ჰგავს…
–  პოპულარულია  თოჯინა  – „დედა ზარმაც შვილთან“…
– ეს თოჯინაა – დედა მსუქან, უქნარა შვილთან… იგი ცხოვრობს ქალაქის ძველ ჭუჭყიან სახლში. უყვარს დალევა  და 90-იანი წლების ფოტომოდელების მოტრფიალეა… ასეთი დედა-შვილი, სამწუხაროდ, დღევანდელ ცხოვრებაში უამრავია…
– „მიტო პაპა“ – თოჯინა ისტორიით… ალბათ, ბავშვობას უკავშირდება,  კეთილი კახელი მოხუცების განზოგადებული სახეა…
– მეგობარმა “ფეისბუქზე” დადო მიტო პაპას განვლილი ცხოვრების ჩანახატი. იმდენად ჰგავდა პაპაჩემს და ისე ლამაზად ჰქონდა დაწერილი ეს ყველაფერი, რომ გადავწყვიტე თოჯინის შექმნა. პაპაჩემიც მასავით მშრომელი იყო,  კეთილი და დაუღალავი… არ ვარ პორტრეტისტი. თან, მხოლოდ, ერთი  ფოტო მქონდა და ძნელია, ასე ზუსტად მისი მსგავსის შექმნა.  მთავარია, რომ გულით შევქმენი და ეს ხალხმაც დაინახა და დააფასა.

„მიტო პაპა“

–  პოლიმერული თიხისგან ქმნით დეკორაციებს,  სიუჟეტებს…
– თითოეულ თოჯინას აქვს თავის დეკორაცია, სახლი, ეზო, გარემო. სადაც მინდა, რომ იყვნენ… ასე უკეთ აღიქმება თოჯინის „ცხოვრება“…
ვმუშაობ შერეული მასალით. ვიყენებ ყველაფერს, რითაც შემიძლია შედეგის მიღება. ჩურჩხელებისთვის „ბადაგში“ ფქვილიც კი შევურიე… ვიყენებ ყველანაირ თიხას. გააჩნია, რას  ვამზადებ. ასევე, ვიყენებ თოჯინების ფაიფურს…
არ მეგონა, ასეთი დიდი გამოხმაურება და ინტერესი თუ მოჰყვებოდა ჩემს ნაკეთობებს. ძალიან ბევრის სურვილია, შევაგროვო ეს ყველაფერი და გამოფენაც მოვაწყო.  ალბათ, ასეც იქნება.
– ლონდონში, მინიატურული თოჯინების ფესტივალი გაიმართა. ორგანიზატორმა შემოგთავაზათ მონაწილეობა…
– რამდენიმე კვირის წინ, ლონდონში, გაიმართა მინიატურული თოჯინებისა და ნივთების ფესტივალი. გავესაუბრე ორგანიზატორს. ძალიან მოეწონა და გაუკვირდა, რომ უყალიბოდ ვმუშაობდი. შემომთავაზა, სამომავლოდ, მეც მივიღო მონაწილეობა – თოჯინების კოლექციონერები ასეთ ექსკლუზიულ თოჯინებს ეძებენო, – მითხრა. გამოფენის ხშირი სტუმარია ბრიტანეთის სამეფოს ერთ ერთი წარმომადგენელი, რომელსაც აქვს თოჯინების კოლექცია.. ყოველ მოსვლაზე, როგორც მითხრეს, ათასობით ფუნტს ხარჯავს თავისი კოლექციის გასამდიდრებლად.
ვფიქრობ, ფესტივალში მონაწილეობა ყველა დარგში  აუცილებელია… არა მარტო ხელოვნების მხრივ. ასე უკეთ გიცნობენ. სწავლობ ახალს, იძენ მეტ გამოცდილებას, რაც შემდეგ საკუთარი თავის რეალიზებაში გვეხმარება.
ჯერ არ მაქვს იმდენი თოჯინა, რომ გამოფენაზე გავიტანო. თითოეულს დრო სჭირდება… არ მინდა, ზერელედ გავაკეთო მხოლოდ იმიტომ, რომ გამოფენაზე წარვადგინო. მინდა, თითოეული თოჯინა თავისი ხასიათით, ემოციით შეიქმნას. ეს კი დროს მოითხოვს…
–  გვიამბეთ ოჯახზე…
– მყავს მეუღლე და 1 ვაჟი. ამჟამად, ვცხოვრობთ ინგლისში. მინდა, მადლობა გადავუხადო მეუღლეს, რომ მიწყობს ხელს ჩემს საქმიანობაში, რაც მაინტერესებს და მომწონს… ასევე –  მეგობრებს, რომლებიც სტიმულს მაძლევენ და ყოველთვის ჩემ გვერდით არიან…
– ინგლისში, მანჩესტერში, კონდიტერად მუშაობდით, სადაც ცნობილ  ფეხბურთელებს, ასევე – ტელეწამყვანებს მოსწონდათ თქვენი ნახელავი…
მანჩესტერში  მთავარ კონდიტერად ვმუშაობდი. ჩვენ პირველი შეფები ვიყავით, ვინც გავხსენით ის რესტორანი. მოდიოდნენ ადგილობრივი ტელეწამყვანები, დეპუტატები, პარლამენტარები, ფეხბურთელები…
ერთხელ, მაურინიოს უნდოდა მოსვლა და ჩვენს უფროსს შეუთვალა, რომ მისი ვახშმის დროს მთლიანი სართული დაიკეტებოდა. რა თქმა უნდა, უფროსმა უარი უთხრა!
ეს კარგი იყო რესტორნისთვის? თუ პოპულარობისთვის უკეესი იქნებოდა?
– პოპულარობა არ აკლდა… მაგას მარტო უნდოდა ყოფნა, რომ ხალხს არ შეეწუხებინა. ჩვენთვის ყველა სტუმარი პრივილეგირებული იყო და მაურინიოსაც არ განვასხვავებდით სხვებისგან.
– ჰობი…
– ჩემი ჰობია კულინარია, კონდიტერია  და ყველაფერი ის, რაც ხელოვნებას ეხება, ან ახლოსაა. აი, ორი უკვე თითქმის პროფესიად გავიხადე…
მიყვარს გამოცხობა – ცომთან ურთიერთობა… ბავშვივით არის, უნდა ეფერო, აქო, რომ კარგი შედეგი მიიღო.
– სამომავლო გეგმები…
– სამომავლოდ, ჩემი სურვილია გამოფენის გამართვა. ვიცი, დიდ შრომას მოითხოვს, მაგრამ მზად ვარ, ეს ყველაფერი გავაკეთო და ჩემი თოჯინების „ცხოვრება“  ვაჩვენო საზოგადოებას.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 


კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები