„წელს ჩემი საოცნებო ნაძვის ხე მქონდა“… –  საშობაო სიმშვიდე და  ქეთი კახიძის  ნაქსოვი მეგობარი თოჯინები…

დიდ ოჯახში ხალისიანი, ლაღი ბავშვობა ჰქონდა… ხელნაკეთი ნივთებით გატაცება კი სტუდენტობიდან დაიწყო. თავიდან სამკაულების დიზაინით დაინტერესდ. ბილისის მოდის კვირეულში მონაწილეობ. მერე ერთმა სახალისო ისტორიამ ყაისნაღით თოჯინების ქსოვაც დააწყებინა… როგორც ამბობს, მას მერე მოიწამლა და ყაისნაღით მოქსოვილი სათამაშოები მისთვის საყვარელ საქმიანობად იქცა.
ახალ წელს საოცნებო ნაძვის ხე თავად დაამზადა… შობა ფანჯარაში დანთებული სანთლით შეხვდა. სიმშვიდე, ღირსეული ყოფა, სიკეთე და ჯანმრთელობა მინდა ვუსურვო ჩვენი სამშობლოს ყველა კეთილისმყოფელს. – ქეთი კახიძის პერსონა.

 – ბავშვობა – ჭრელი, ხალისიანი, ხალხმრავალი, ლაღი, მაგრამ არა განებივრებული. დიდ ოჯახში გავიზარდეთ მე და ჩემი და. სამი თაობა ერთად, ბებიის დედაც მახსოვს, არაჩვეულებრივი ქალბატონი, საოცრად ხელმარჯვე, ქუნქულა გრძელი თეთრი თმით და ფუშფუშა აღნაგობის. ბებია – ბაბუის ოჯახში სტუმრიანობაც განსხვავებული იყო. საღამოს ჩაის სმის რიტუალი, მერე აუცილებლად ლოტოს თამაში და ბოლოს სალონური საღამო – ლექსების კითხვა და რომანსები.
მე და ჩემს დასაც გვამღერებდნენ, თუ ძალიან გვიანი არ იყო, ერთი სული მქონდა, ჩვენი ჯერი როდის დადგებოდა. ზაფხულში ბაბუას ვსტუმრობდით, დედის მხრიდან მდიდარი ადამიანი ვარ, იმდენი ბიძაშვილი მყავს. ერთად შევიყრებოდით ბავშვები და იყო ერთი ჟრიამული, ჩხუბიც, გაბუტვაც, მაგრამ ერთად ყოფნას მაინც არაფერი ჯობდა. დედას ბებიაც მახსოვს, დიდი ბებია, 102 წლის გარდაიცვალა, არაჩვეულებრივად ტკბილი ქალბატონი.
სკოლის პერიოდი? თუ წარმოიდგენდით, რომ ხელნაკეთი ნივთები დაგაინტერესებდათ მომავალში?
– სკოლა – ასეთი სასიამოვნო პერიოდი სტუდენტობაც არ ყოფილა. ყველაფერი მახარებდა სკოლაში, სწავლაც, კლასელებიც, სხვა კლასთან ქიშპობაც. ჩვენმა დამრიგებელმა დაუვიწყარი წლები გვაჩუქა. აი, ხელნაკეთი ნივთებით კი… სტუდენტობისას დავინტერესდი.
– თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და   ლიტერატურის ფაკულტეტზე სწავლობდით…
–  ვსწავლობდი და უცნაურ სამოსსაც ვიკერავდი, მაგალითად, დიდი ბებიის შეკერილი საბანი დავჭერი და ქვედა ბოლო შევიკერე. ქვილთი ჰქვია ნაკუწებისგან შექმნილ ნივთს, ასეთი საბანი იყო ჩემი ქვედა ბოლო. საყურეების კეთებაც მაშინ დავიწყე, თუმცა დიდხანს არ გასტანა ჩემმა გატაცებამ, მერე ეტყობა დავღვინდი  და გავხდი ჩვეულებრივი.
ჩვეულებრივი ვიყავი დიდხანს . 2011 წელს სამკაულების დიზაინით დავინტერესდი. თბილისის მოდის კვირეულშიც მივიღე მონაწილეობა. ამის მერე მოვიწამლე და ვეღარ ვჩერდები. სამკაულებს ისევ ვეპარები, მაგრამ იშვიათად.
– თოჯინებს ყაისნაღით ქსოვთ… პირველი თოჯინები?
– არასდროს მომწონდა ყაისნაღით ქსოვა. სახალისო ისტორიაა. მეგობარმა მაჩუქა ხელნაკეთი თოჯინა – ტილდა, ნაჭრის თოჯინას ჰქვია ასე. მე ვიყავი ეს თოჯინა, მერე გადავწყვიტე მისთვის საჩუქრის გაკეთება და რადგანაც მას ჰყავს უსაყვარლესი ტაქსა, მინდოდა მეჩუქებინა ასევე ხელნაკეთი ძაღლუკა, მაგრამ ვერ ვიშოვე. დავიწყე ინტერნეტში ძრომიალი და მივადექი ამიგურუმს, ყაისნაღით მოქსოვილ სათამაშოებს.
ჩემი პირველი თოჯინაა ტაქსა სანია. ამის მერე დამკარგა ოჯახმა, თუ ვმუშაობ, არავინ და არაფერი არსებობს ჩემ ირგვლივ.
– ამიგურუმით ქსოვთ თოჯინებს… დღეს მრავალი მეთოჯინე გვყავს… ალბათ საკუთარი ხელწერა უმთავრესია…
– ამიგურუმს საოცრად თბილი განმარტება აქვს – ნაქსოვი, ხელნაკეთი, საყვარელი, მეგობარი თოჯინები. როგორ შეიძლება არ შეგიყვარდეს .
დღეს მართლაც მრავალი უნიჭიერესი მეთოჯინე გვყავს. ქედს ვიხრი მათ წინაშე. ეს იმხელა შრომა, სიყვარული და ემოციაა, მოწიწების გარეშე ვერც ვილაპარაკებ. თუკი კარგად იცნობ ავტორს, რა თქმა უნდა, გამოარჩევ სხვის ნამუშევრებში. იმედია, მეც მაქვს ჩემი მახასიათებლები, მეც მიპოვიან სადმე…
–  ფანტაზია… როგორ მუშაობთ?  თქვენი ოცნება იყო „ბაბა იაგის“ შექმნა…
– როგორ ვმუშაობ – ვიწყებ ვითომ რაღაც კონკრეტულის კეთებას და სულ სხვა იბადება მერე, გზადაგზა იცვლის ხასიათს, ზნეს, ხან ჭირვეულია, ხანაც დამყოლი. საოცნებო „ბაბა იაგამდე“ ვერ მივედი კიდევ. ეტყობა, არ ვარ მზად…
–  გამორჩეული იყო თქვენი  საახალწლო ნაძვის ხე…
– ახალი წელი… ოოო, ამისთვის მზადებას ნოემბრიდან ვიწყებ, ვეძებ, ვაგროვებ და მერე ვაკოწიწებ ჩემს ფიქრებს. თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, წელს ჩემი საოცნებო ნაძვის ხე მქონდა. ჩემს დასაც ულამაზესი ნაძვის ხე ვაჩუქე. ისეთი სასაცილო მასალები გამოვიყენე, გაგიკვირდებათ –  ბალახის თავთავიდან დაწყებული, ტუალეტის ქაღალდით დაგვირგვინებული…
– დღეს შობაა…
– შობა- ჩვენს ოჯახში პომპეზურობის გარეშე, მშვიდად, ფანჯარაში დანთებული სანთლით მობრძანდა. ასეთივე სიმშვიდე, ღირსეული ყოფა, სიკეთე და ჯანმრთელობა მინდა ვუსურვო ჩვენი სამშობლოს ყველა კეთილისმყოფელს.
ოჯახი…
– ოჯახი- 31 წელია ვათბობთ და ვაბედნიერებთ ერთმანეთს დედა, მამა და შვილები. ყველაზე მოსიყვარულე და ცელქი გოგო – ბუბუ, ძაღლია, შარშან მეკვლეც იყო, აბა რა, ეკუთვნოდა, ძაღლის წელს მეკვლეობა.
– „მუზაში“ წინასაახალწლო გამოფენა-გაყიდვა გქონდათ… ყველაზე მეტად რა მოსწონს მნახველს თქვენს ნამუშევრებში?
– გამოფენა – „საშობაო მეჯლისი“…  ასეთი სიამოვნება არცერთი გამოფენიდან არ მიმიღია, იმდენი ლამაზი და საინტერესო ნამუშევრებით იყო დახუნძლული დარბაზი. დიდი მადლობა ორგანიზატორებს, განსაკუთრებით, ქალბატონ ირინა ცერცვაძეს. ყველაზე ისე ზრუნავდა, გასაკვირად. მადლობა მუსიკოსებს, საღამო ჯადოსნურ მეჯლისად რომ აქციეს. და სტუმრები?! არ იშურებდნენ საქებარ -საამებელ სიტყვებს. იმდენი მოფერება, სითბო და სიყვარული მივიღეთ, კარგა ხანს გაგვყვება.
– ჰობი…
– ჰობი – ძალიან მკრეხელური ჰობი მაქვს – ბანქო. გიყვებოდით ჩემს დიდ ოჯახზე… ჰოდა, ვიკრიბებით მე, ჩემი და, ბიძაშვილები და იწყება თავდავიწყება. იქ არავინ უნდა ჩაერიოს, მაგ დროს არ ვიცით არც სტუმარი და არც მასპინძელი, არც ტელეფონის ზარი და არც ელვა-დეპეშა.

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები