„მინდოდა, მე თვითონ შემექმნა მაგია, რომელსაც თეატრი ჰქვია“…

თბილისში დაიბადა და გაიზარდა. ლამაზად ახსოვს ბავშვობა,  როცა გიტარაზე უკრავდა, ხალხურ სიმღერებს სწავლობდა… მძიმე წლები იყო, მაგრამ მაინც გამოჰყვა მაშინდელი მოგონებები, ადამიანური ურთიერთობების სითბო…  მაინც მოუწია საქართველოს დატოვებამ.
22 წლის ასაკში  უკვე საბერძნეთში ახალ ცხოვრებას იწყებდა. მალე ათენის კონსერვატორიის თეატრალური ფაკულტეტი  დაამთავრა და  ამ სასწავლებლის პირველი უცხოელი სტუდენტი გახდა. მეორე კურსზე ყოფნისას უკვე სპექტაკლში  მიიწვიეს სათამაშოდ და მას შემდეგ დაიწყო მისი საინტერესო თეატრალური ცხოვრება…
წლეულს საბერძნეთის ეროვნული თეატრის 3 ახალ დადგმაში მიიღებს მონაწილეობას. ზაფხულში კი გასტროლები ელოდება საბერძნეთის სხვადასხვა ქალაქში ბერძნული ტრაგედიით.დავით მაღალდაძე-მალტეზეს პერსონა.

– დავიბადე თბილისში, საბჭოთა საქართველოში,  გავიზარდე თბილისის გარეუბანში, ფონიჭალაში.  ბავშვობიდან მუსიკით ვიყავი გატაცებული. გიტარაზე ვუკრავდი, ხალხურ სიმღერებზე დავდიოდი.  ძნელი წლები იყო, მაგრამ მაინც სითბოთი მახსენდება ბავშვობა, ნათესავები და ოჯახური შეკრებები,  მეზობლები, მეგობრები, სკოლა და ჩემი კლასელები.
რა თქმა უნდა, მახსოვს საბჭოთა კავშირის დაშლა და ის, რაც მოჰყვა ამას ყველაფერს. ომები (სამოქალაქო, აფხაზეთი, სამაჩაბლო), შიმშილი, სიცივე, უშუქობა… სამწუხაროდ, ეს ბედი გვერგო, რა ვქნათ. ასეთი საქართველო დავტოვე და ჯარის დამთავრების შემდეგ წამოვედი საბერძნეთისკენ.
– 22 წლის იყავით, საბერძნეთში რომ ჩახვედით…  ვიცი, რომ უცხო ქვეყანაში იოლად არ მოსულა წარმატება… თავიდან მეწაღედ მუშაობდით, მუსიკოსიც იყავით… და მაინც  რას გაიხსენებთ მსახიობობისკენ მიმავალ გზაზე?
– კი, ძალიან ძნელი იყო ახალი ცხოვრების დაწყება ნულიდან, განსაკუთრებით პირველი პერიოდი. ენის არ ცოდნა, უსაბუთობა, შიში.
ჩემდა საბედნიეროდ, საქართველოზე შეყვარებული ბოლნისელი ბერძენი დამეხმარა და წამიყვანა სამუშაოზე, სადაც მეწაღედ დავიწყე მუშაობა. მერე მშენებლობაზე მომიწია დიდი ხნით მუშაობა, მერე – მიმტანად რესტორნებში. კიდევ კარგი, რომ მთელი ოჯახით ვიყავით მაშინ საბერძნეთში და ამან გაგვიადვილა სიძნელეების გადალახვა. რამდენიმე წლის შემდეგ უკვე ბერძნულიც ვისწავლე და საბუთებიც მქონდა, რაც ნიშნავს, რომ უკვე ლეგალურად ვცხოვრობდი და ვმუშაობდი, მივხვდი, რომ მომავალზე უნდა მეფიქრა და ჩემი ცხოვრება  უფრო საინტერესო უნდა გამეხადა.
როგორც გითხარით, ბავშვობიდან მუსიკასთან მქონდა შეხება და გადავწყვიტე, გამეგრძელებინა ეს გზა. დავიწყე ფულის დაზოგვა, რომ საქსოფონი მეყიდა, მერე  დავიქირავე მასწავლებელი და რამდენიმე თვის შემდეგ  დავიწყე მუშაობა სხვადასხვა ბარში მუსიკოსად.
რაც შეეხება თეატრს, ვერ ვიტყვი, რომ ბავშვობიდან ვოცნებობდი მსახიობობაზე. უკვე ემიგრაციაში, დამებადა იდეა, რომ მეცადა ბედი იქაც, რატომაც არა. ჩემთვის საკმარისი არ იყო ამ სამყაროს მხოლოდ ყურება, მინდოდა, მე თვითონ შემექმნა ეს მაგია, რომელსაც თეატრი ჰქვია. თან თეატრი ისეთი სამყაროა, რომ ყველა ხელოვნების სახეობაა თავმოყრილი, რაც საშუალებას მაძლევდა, მუსიკასთანაც მქონოდა შეხება,  სიმღერასთან…
მოკლედ, გადაწყვიტე, თეატრალურზე ჩაბარება. ჩავაბარე გამოცდები, სადაც იყო ძალიან დიდი კონკურენცია და 2004 წელს ჩავირიცხე ათენის კონსერვატორიის თეატრალურ ფაკულტეტზე  და გავხდი ამ სასწავლებლის პირველი უცხოელი სტუდენტი.  პირველივე დღეებიდანვე გამოჩნდა, რომ წინ დიდი სამუშაო  მელოდა. ყველაზე მთავარი იყო ენის ბარიერი (უაქცენტოდ ბერძნულის ენის ცოდნა), წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან გამიჭირდებოდა ბერძნულ თეატრში მოღვაწეობა. ეს ფაქტია. როდესაც მეორე კურსზე გადავედი, ერთ-ერთმა ლექტორმა (რეჟისორმა) შემომთავაზა თავის დადგმულ სპექტაკლში  მონაწილეობის მიღება, რაზეც, რა თქმა უნდა, დიდი სიხარულით დავთანხმდი და ამ სპექტაკლის შემდეგ დაიწყო ჩემი თეატრალური ცხოვრება.
ათენის კონსერვატორიის თეატრალური სასწავლებელი დაამთავრეთ და ათენის „ატტის“ თეატრის მსახიობი ხართ… მაშინ, როცა მსახიობები სამსახურს ვერ შოულობენ, თქვენ ხშირად გიწვევენ  ამა თუ იმ როლზე?  წარმატების საიდუმლო?
– საბერძნეთში მსახიობებს სულ გვიწევს სხვადასხვა თეატრში მუშაობა. აქ არცერთი მსახიობი არ არის რომელიმე კონკრეტული თეატრის მუდმივი მსახიობი.  კონტრაქტები რამდენიმეთვიანია და მერე თეატრის ადმინისტრაციას არანაირი ვალდებულება არ აქვს, რომ შემდეგ სპექტაკლზეც აგიყვანოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ წელს გვიწევს სამუშაოს ძებნა, სირბილი, წინასწარ შერჩევებზე გასვლა…
სიმართლე გითხრათ, რამე საიდუმლო არ მაქვს. თუკი რამეს ვაღიარებ, რაც შეეხება ჩემს თავს, როგორც მსახიობს, ეს არის ის, რომ მიყვარს ჩემს თავზე მუშაობა, წინსვლა, განვითარება და ამას შედეგიც მოაქვს.
მსახიობის ხელოვნება უსერიოზულესი პროფესიაა. იმის მიუხედავად, რომ სამუშაოს „თეატრში თამაშს“ ვეძახით, სულაც არ არის თამაში და გართობა. თუ სიგიჟემდე არ გიყვარს ეს პროფესია, ძალიან ძნელია, იყო მსახიობი.
წლეულს პატივი მაქვს, ვიყო საბერძნეთს ეროვნული თეატრის დასის წევრი და  მონაწილეობას მივიღებ 3 ახალ დადგმაში: ობოლი ძაო (მე-13 საუკუნის ჩინური დრამა),  „კაცი, რომელიც იცინის“ (ვიქტორ ჰიუგო), აგამემნონი (ესქილეს „ძველი ბერძნული ტრაგედია“).
ზაფხულში ისევ გასტროლები მელოდება საბერძნეთის სხვადასხვა ქალაქში ბერძნული ტრაგედიით.
ამბობთ, რომ ყველა  როლში ბოლომდე იხარჯებით. და მაინც, რომელი  მიგაჩნიათ წარმატებულ როლად?
– ალბათ ის სპექტაკლი, სადაც მომიწია ჩემი თავის განსახიერება. 2007 წელს ათენის ერთ-ერთი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს გაუჩნდა იდეა, რომ ემიგრანტების თემაზე გაეკეთებინა სპექტაკლი. ამ სპექტალის რეჟისორიც და მსახიობებიც უცხოელები ვიყავით. ჩვენ თვითონ დავწერეთ პიესა, რომელიც  ასახავდა   ემიგრაციის დროს განვლილ ცხოვრებას, ჩვენს საკუთარ გამოცდილებას, და არა მარტო ჩვენსას.
საბერძნეთში  პირველი შემთხვევა იყო, როდესაც უცხოელები საკუთარ თავზე ბერძნულ ენაზე დგამდნენ სპექტაკლს. ამან მაშინ  დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და 2 წლის განმავლობაში ეს დადგმა უამრავმა მაყურებელმა ნახა. 2009 წელს კი ამ სპექტაკლის გამო  საუკეთესო მამაკაცის როლზე წარმადგინეს.
–  გმირები, ძველი ბერძენი  მწერლების ტრაგედიები…  მრავალი როლი გითამაშიათ. რას გაიხსენებთ ?
– ალბათ იმ დღეს, როდესაც პირველად დავდგი ფეხი  ეპიდავროსის ძველი თეატრის სცენაზე.
პელოპონესის ნახევარკუნძულზე არის ერთი პატარა ქალაქი ეპიდავროსი, სადაც არის  ასკლეპიოსის ტაძარი, რომელიც ძვ. წ. აღ.  IV-V საუკუნეებით თარიღდება. თვითონ  ასკლეპიოსი კი იყო მკურნალობის ღვთაება ძველ ბერძნულ მითოლოგიაში. თეატრი კი ამ ტაძრის ნაწილი იყო. ტაძარში მრავალი მომლოცველი მოდიოდა დაავადებებისგან განკურნების მიზნით. ყველაზე საინტერესო კი ის არის, ძველ ბერძნებს სჯეროდათ, რომ  დაავადებებისგან განკურნება არა მარტო წამლებით, არამედ თეატრალური წარმოდგენებითაც შეიძლება (რაშიც სრულიად ვეთანხმები). ეპიდავროსის თეატრს აქვს 3000 წელზე მეტი წლის ისტორია.
იტევს დაახლოებით 13000 -14000 მაყურებელს. ეს თეატრი აღიარებულია ძველი საბერძნეთის (და არა მარტო) თეატრთაგან საუკეთესოდ, როგორც აკუსტიკური, ისე – ესთეტიკური მახასიათებლებით. 2008 წელს მომიწია ამ სცენაზე თამაში, რუსი რეჟისორის ანატოლი ვასილევის სპექტაკლში „მედეა “. ეს იყო განუმეორებელი განცდა. მას მერე კიდევ მრავალჯერ მომიწია იქ თამაში, მაგრამ ის პირველი დღე  რაღაც საოცრება იყო. ეს ის სცენაა, სადაც „თეატრი“ დაიბადა და რელიგიური რიტუალებიდან ხელოვნებად იქცა.
თქვენს ცხოვრებაზე ბერძენმა რეჟისორმა ჯორჯ დრივასმა ფილმი გადაიღო, სადაც თქვენს თავს ასახიერებთ… ფილმმა ჯილდოებიც მოიპოვა… რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ფილმი თქვენთვის?
– რა თქმა უნდა, პირველ რიგში იყო დიდი პატივი. არ არის პატარა რამ, როდესაც გთავაზობენ შენზე ფილმის გადაღებას. თვითონ რეჟისორიც დიდი ხნით იყო ემიგრაციაში, კერძოდ კი გერმანიაში ცხოვრობდა. მასაც ჰქონდა ანალოგიური გამოცდილება როგორც ემიგრანტს. ხელოვნებას ზოგადად აქვს ის ძალა და უდიდესი პოტენციალი, გახდეს შუამავალი სხვადასხვა ადამიანსა და კულტურას შორის.
ხელოვნებისთვის არ არსებობს საზღვრები, არ არსებობს რომელიმე კონკრეტული ენა, არ არსებობს განსხვავება კანის ფერსა თუ რელიგიაში. ხელოვნებაა ნამდვილი თავისუფლება. ეს ფილმი მნიშვნელოვანი იყო იმ მხრივ, რომ მოგვეცა საშუალება, გველაპარაკა იმ თემებზე, რაც ემიგრანტებს და ადგილობრივებს ან აშორებს ან კიდევ აერთიანებს, ურთიერთგაგებაზე და იმ პრობლემებზე, რაც უცხოელებს ხელს უშლის ბერძნულ საზოგადოებაში ინტეგრაციაში.
ჩემი აზრით, ორივე მხარეს თავისი პასუხისმგებლობა აქვს და ორივე მხრიდან უნდა იყოს  თანაცხოვრების სურვილი. ეს ფილმიც იმ საზღვრებზე და ბარიერებზეა, რაც უნდა დაინგრეს და პარალელურად უბიძგებს მაყურებელს, ვინც არ უნდა იყოს ის, ემიგრანტი თუ ადგილობრივი, რომ ადამიანებმა საერთო ენა უნდა გამოვნახოთ და ყველაზე კარგი გამოსავალი მუდამ დიალოგი და ურთიერთპატივისცემაა.
გაქვთ მეორე პროფესია – საერთაშორისო ურთიერთობები… როგორ  უთავსებთ ერთმანეთს მსახიობობას და დიპლომატიას?
– ჯერჯერობით დიპლომატი არ ვარ. 4 წლის წინ გადავწყვიტე ინსტიტუტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ჩაბარება. ახლა მე-4 კურსზე ვარ და ვაგრძელებ სწავლას.
თეატრთან ურთიერთობამ შეცვალა ჩემი ცხოვრებაო…  ისევ იმ გზასთან რომ დაგაბრუნონ, საიდანც თეატრში პირველ ნაბიჯებს დგამდი, იგივეს აირჩევთ?
– რა თქმა უნდა. დაუფიქრებლად. თეატრი ჩემთვის ცხოვრების წესია. ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი უთეატროდ.
ვიცი, რომ საქართველო გენატრებათ…  რა გეგმებით  აპირებთ აქ ჩამოსვლას?
– ყველაფერს თავისი დრო აქვს. ალბათ ეგეც მოხდება. მიდის მოლაპარაკებები სხვადასხვა პროექტზე და დრო გვაჩვენებს. იმედია, ყველაფერი გამოვა და მალე ქართველი მაყურებლის წინაშეც წარვდგები.
 ჰობი…
– ძირითადად, მუსიკა.
რას შეცვლიდით თქვენ ირგვლივ?
– ალბათ ყველამ, პირველ რიგში, თავისი თავის შეცვლაზე უნდა იზრუნოს. მეც ამას ვცდილობ.

 

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები