ანა დოლიძე: შევქმნით ისეთ სასამართლოს, რომელსაც ძალიან დიდი ხანია საქართველო მოითხოვს და იმსახურებს
ვფიქრობ, მივაღწევთ იმას, რომ სასამართლოში მოხვდეს ისეთი ხალხი, რომლებიც თავისი წარსულით, პრინციპულობით ამას იმსახურებენ, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ შევქმნით ისეთ სასამართლოს, რომელსაც ძალიან დიდი ხანია საქართველო მოითხოვს და იმსახურებს. ამ საკითხის გაზაფხულზე განხილვა უზრუნველყოფს მაქსიმალურ ჩართულობას საზოგადოების მხრიდან. ხალხის ხმა არის ხმამაღალი და ამ ხმას ჩვენი პარლამენტარები გაიგებენ. ვფიქრობ, მივაღწევთ იმას, რომ სასამართლოში მოხვდეს ისეთი ხალხი, რომლებიც თავისი წარსულით, პრინციპულობით ამას იმსახურებენ. საბოლოო ჯამში, უდავოა ის, რასაც ვითხოვდით: უნდა შეიქმნას სწორი პროცესი საზოგადოების მონაწილეობით, უნდა ჩატარდეს კონკურსი, რომლის მიხედვითაც ავირჩევთ არა მიხეილ ჩინჩალაძეს და მისნაირებს, არამედ ხალხს, რომლებიც თავისი პრინციპულობით იმსახურებენ ამ უმაღლეს თანამდებობას“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი მიმდინარე სესიაზე არ მიიღებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების განწესების გადაწყვეტილებას.